ჭალადიდი

ისტორიული სოფელი
(გადამისამართდა გვერდიდან ქვემო ჭალადიდი)

ჭალადიდი — ისტორიული სოფელი სამეგრელოში. მოიცავდა დღევანდელი ზემო ჭალადიდისა და ქვემო ჭალადიდის თემებს. ხშირად ჭალადიდს უწოდებენ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საბაჟოს, სადაც მდებარეობს ჭალადიდის რკინიგზის სადგური.

სახელწოდება ჭალადიდი წერილობით წყაროებში პირველად დასახელებულია 1616-1639 წლებში დაწერილ „შეწირულების წიგნში“, სადაც აღნიშნულია, რომ ლევან დადიანის ბიჭვინთისადმი შეუწირავს სხვა სოფლის მცხოვრებლებთან ერთად ჭალადიდელებიც „გამორჩეულნი“ მეთევზენი. თვით ლევან დადიანის ერთ-ერთ სიგელში ნათქვამია: „წყლის პირს რიონზედა ჭალადიდსა ნახევარი ბაჟი ხოფისა ღვთისმშობლისა არის“. შუა საუკუნეებში ჭალადიდელთა ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობა მეთევზეობა იყო.

XIX საუკუნის დასაწყისში შედიოდა საჭილაოს სამოურავოში. ტოპონიმი ჭალადიდი დასახელებულია იოჰან ანტონ გიულდენშტედტის სამოგზაურო ჩანაწერში. ჭალადიდის ახლოს ალექსანდრე გორჩაკოვის ინიციატივით გაყვანილ იქნა არხი მდინარე ცივსა და ხობისწყალს შორის, რამაც გააადვილა სამდინარო კომუნიკაცია რეგიონში. 1820-იან წლებში ჭალადიდის მოსახლეობა 200 ოჯახს აღემატებოდა. 180 ოჯახი ცხოვრობდა რიონის მარცხენა ნაპირზე, ხოლო 20-მდე ოჯახი — მარჯვენაზე. სოფელში გავრცელებული იყო მეთევზეობა, მოჰყავდათ სიმინდი, ფეტვი, თამბაქო, ვაზი, მისდევდნენ ნანადირევით ვაჭრობას. სოფელში განლაგებული იყო რუსთა 350-კაციანი პოსტი.[1]

XIX საუკუნის მეორე ნახევარში მთიანი სამეგრელოდან და იმერეთიდან ჩამოსულ გლეხებს, რომლებიც ნოყიერ მიწებს ეძებდნენ გაუჩეხავთ ტყეები და შეუქმნიათ დასახლებები — საღვამიჩავო, ჩხარის დასახლება, ქუთაისის დასახლება. 1870-იანი წლების დასაწყისში ჭალადიდში აშენდა რკინიგზის სადგური. ჭალადიდი შედიოდა სენაკის მაზრაში. 1911 წელს მისი მოსახლეობა შეადგენდა 557 ადამიანს.[2]

მოგვიანებით ჭალადიდის ტერიტორიაზე საბჭოთა ხელისუფლების მიერაც ხდებოდა იმერეთიდან მოსახლეობის მასობრივი ჩამოსახლება. 1929-30 წლებში რაიონების შემოღებასთან დაკავშირებით ჭალადიდი გაიყო ორ ნაწილად, ზემო ჭალადიდის სასოფლო საბჭო (მუხური, საგვიჩიო და სირიაჩქონი) მოექცა ცხაკაიას რაიონის, ხოლო ქვემო ჭალადიდის სასოფლო საბჭო (საბაჟო, საქორქიო, საღვამიჩავო და საჭოჭუო) — ხობის რაიონის შემადგენლობაში.

საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით ჭალადიდის სოფლების მოსახლეობა შეადგენს 3194 ადამიანს, ხოლო 2014 წლის აღწერით — 2457-ს. მოსახლეობის თითქმის სრული ნაწილი ქართული ეთნოგრაფიული ჯგუფები, მეგრელები და იმერლები არიან.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ჟაკ ფრანსუა გამბა, „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ გვ. 138-139 — „განათლება“, თბილისი, 1987
  2. Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 222.