ქვემო ნიჩბისის ღვთისმშობლის ეკლესია

ქვემო ნიჩბისის ღვთისმშობლის ეკლესიაეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიჩბისში. მდებარეობს სოფლის განაპირას, სამხრეთით, სასაფლაოზე. აგებულია 1817 წელს.

ღვთისმშობლის ეკლესიის ხედი დასავლეთიდან

ეკლესია დარბაზულია (12,25 X 8,3 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომისა და ფორმის ქვით. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. დასავლეთის კარი ამოქოლილი და შელესილია. აღმოსავლეთით ფართო მხრებით გამოყოფილი ღრმა ნახევარწრიული აფსიდია. აფსიდის მხრებზე გადაყვანილია ნახევარწრიული სატრიუმფო თაღი. მისი წვერო დარბაზის კამარის საბჯენი თაღისგან დაბალი შუბლითაა გამოყოფილი. სატრიუმფო თაღის ქუსლებთან ფართო თაროსებრი ომპოსტებია. აფსიდის ღერძზე გაჭრილია ერთი თაღოვანი სარკმელი. მისი თაღი კონქის ქუსლის დონეს აღწევს. საკურთხევლის შუაში სწორკუთხა, შელესილი დიდი სატრაპეზო ქვა დგას. ჩრდილოეთის, სამხრეთის და დასავლეთის კედლებში თითო ნიშია. მაღალ და წინწამოწეულ საკურთხევლის ბაქანს ორივე გვერდზე სამსაფეხურიანი კიბე აქვს.

აფსიდის ორივე მხარეს, კედელში სამკვეთლო და სადიაკვნეა, რომლებსაც აღმოსავლეთით სწორკუთხა სარკმელი, ხოლო დასავლეთით სწორკუთხა შესასვლელი აქვთ. ჩრდილოეთ სათავსის ფანჯრის ძირში სანათლავია მოწყობილი. ორივე სათავსი გადახურულია ცილინდრული კამარით. ეკლესიის ვრცელი დარბაზის კამარა პილასტრებზე დადგმულ სამ საბჯენ თაღს ეყრდნობა. დასავლეთის კედელში ერთი სწორკუთხა სარკმელია. ინტერიერი შელესილია.

წარწერიანი ქვა დასავლეთის ფასადზე

დასავლეთის ფასადზე, სარკმლის ქვემოთ ჩასმულია ქვა, რომელზეც ჯვრის გამოსახულება და მხედრული წარწერაა. ეკლესიის ლავგარდანი შედგენილია ვიწრო თაროსა და დახრილი სიბრტყისგან. დასავლეთ ფრონტონზე ქვის მრგვალ სვეტებზე დგას ოთხივე მხარეს თაღებით გახსნილი პირამიდული სახურავით გადახურული სამრეკლო.

ლიტერატურა

რედაქტირება