ქვემო ალვანის ეკლესია

ქვემო ალვანის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, მდებარეობს სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით 1,5 კილომეტრზე, მდინარე ალაზნის მარცხენა ნაპირზე, ვაკეზე, კაკლიანად წოდებულ ადგილზე. თარიღდება XVI საუკუნის მეორე ნახევრით.

ეკლესია დარბაზულია, გეგმით სწორკუთხაა (11 X 6 მ). ძირითადად ნაგებია კვადრატული აგურით. აფსიდა 0,5 მეტრის სიმაღლეზე რიყის ქვით არის ამოყვანილი. ეკლესია დაზიანებულია: ჩამოშლილია სახურავის საფარი, დანგრეულია კედლების ზედა ნაწილები და შესასვლელების გადახურვა. შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა. ორივე შესასვლელი გარედან თაღოვანი ყოფილა, შიგნით - ბრტყლად გადახურული (შემორჩენილია გადახურვის კვალი). აღმოსავლეთით დეფორმირებული ნახევარწრის ფორმის აფსიდაა. რომლის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ორივე მხარეს თითო პატარა, სწორკუთხა ნიშია. საკურთხეველი გადახურულია წესიერი ფორმის შეისრულთაღიანი კონქით. დარბაზი კვადრატულია, გადახურულია შეისრული კამარით. დარბაზის ჩრდილოეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო თაღოვანი სარკმელია. სამხრეთ და ჩრდილოეთ სარკმლებს თარაზული რაფები აქვთ. აღმოსავლეთ და დასავლეთ სარკმლების რაფები შიგნიდან გარეთკენ მაღლდება. ჩრდილოეთ კედელში, სარკმლის ქვემოთ, ერთი ნიშიცაა. ეკლესიას დასავლეთიდან ეკვრის გეგმით სწორკუთხა კარიბჭე, რომელიც დასავლეთით თითქმის მთელ სიმაღლეზე ფართო შეისრული თაღით არის გახსნილი. დასავლეთ კედლის ორივე კუთხეში გაურკვეველი დანიშნულების, აგურით ნაგები ელემენტების ნაშთებია. კარიბჭეს და ეკლესიას საერთო ორფერდა სახურავი აქვს. რიყისა და ნატეხი ქვით ნაგები, გეგმით თითქმის სწორკუთხა გალავანი მთლიანად დანგრეულია.

ლიტერატურა

რედაქტირება