ქართული ხელნაწერი წიგნი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ქართული ხელნაწერი წიგნი — ქართულ ხელნაწერ ტრადიციასა და წიგნის ხელოვნებას 16-საუკუნოვანი ისტორია აქვს. მისი წარმოშობა და შემდგომი ცვლილება უკავშირდება საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარების მრავალ ასპექტს – სარწმუნოებრივ და პოლიტიკურ ორიენტაციას, სოციალურ ურთიერთობებს, საგანმანათლებლო ტენდენციებს, მხატვრული აზროვნებისა და მატერიალური კულტურის განვითარებას

მოქვის ოთხთავი ერთ-ერთი გამორჩეულია სახარებებს შორის თავისი გაფორმებით, მინიატიურების სიმრავლით
ალავერდის ოთხთავი, „კანონები“

ქართული წერილობითი კულტურისა და ხელნაწერი წიგნის სათავეები ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარების .

ქართული ხელნაწერი წიგნი არ შექმნილა მსოფლიო ცივილიზაციისაგან მოწყვეტილ გარემოში. ქრისტიანული მსოფლმხედველობის შეთვისების მიზნით, მან იმთავითვე, ანუ V ს-დან, მიმართა ყურადღება ქრისტიანობის უმნიშვნელოვანესი ცენტრებისკენ და შემდგომაც, მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში, ვითარდებოდა თანადროულ აღმოსავლურ ქრისტიანულ სამყაროსა (სირია-პალესტინას) და კონსტანტონეპოლთან მჭიდრო კულტურული კავშირების გზით. შესაბამისად, ქართულმა ხელნაწერმა წიგნმა დღემდე შემოინახა ადრეული ქრისტიანული მწერლობის იმგვარი ძეგლები, რომელთა სხვაენოვანი ტექსტები — ბერძნული, სირიული, არაბული, კოპტური, ლათინური, სომხური თუ სლავური — დღეისათვის დაკარგულად ითვლება. ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში მან გაიზიარა მცირე და ახლო აღმოსავლეთისა და ბიზანტიის- წერილობითი კულტურების გამოცდილება, სრულად შეითვისა როგორც წიგნის შემეცნებით-საგანმანათლებლო ფუნქციის ამსახველი მრავალფეროვანი მასალა, ასევე მისი მხატვრული გაფორმებისა და საწარმოო პროცესების შესახებ შუასაუკუნეებში არსებული ცოდნა.

საეკლესიო-სამონასტრო ცხოვრების სახელმწიფოებრივმა მნიშვნელობამ განაპირობა წიგნის გადაწერისა და შექმნის საქმეში მაღალი ფეოდალური წრის ფინანსური ჩართვა. წიგნი იქცა სახელმწიფოებრივი და კულტურული სტატუსის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად, რამაც ხელი შეუწყო ფორმითა და დანიშნულებით განსხვავებული ხელნაწერების არსებობას, კერძოდ, ყოველდღიური მოხმარების სამონასტრო წიგნების პარალელურად ჩამოყალიბდა მცირე ფორმის სადა საბერ-მონაზვნო, მდიდრულად შემკული, საგანგებოდ აკინძული „საზეიმო“ და პირადი კუთვნილების წიგნები.

შუა საუკენეების ქართული მწიგნობრობა და წერილობითი კულტურა, პოლიტიკური ცხოვრების შესაბამისად, ორიენტირებული იყო არა მხოლოდ ქრისტიანული აზროვნების შემეცნებისაკენ, არამედ მისთვის ცნობილი და უახლოესი მეზობელი (ისლამური სპარსულ-არაბული) წერილობითი კულტურების გაცნობისკენაც.

გვიან შუა საუკუნეებში ქართულმა სამწიგნობრო ტრადიციამ ყურადღება ევროპული ტენდენციებისა და გამოცდილებისაკენ მიმართა. ევროპულ კულტურასთან კავშირმა ხელი შეუწყო ქართული ხელნაწერი წიგნის გრავირებისა და ბეჭდვითი საქმის განვითარებას.

დღეისათვის ცნობილია ქართული ხელნაწერი წიგნის 11 ათასამდე ეგზემპლარი, რომლებიც ინახება როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის უმნიშვნელოვანეს წიგნსაცავებში. ამათგან უმთავრესი საცავი და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. იგი 50 წელზე მეტი ხანია, რაც ემსახურება ქართული ხელნაწერი წიგნის კვლევისა და დაცვა-აღრიცხვის საქმეს.

ქართული ხელნაწერები და UNESCO

რედაქტირება
 
ხანმეტი ოთხთავი, სახარების ტექსტი ფრაგმენტის სახით მოღწეულია პალიმფსესტის ქვედა ფენაზე, რომელიც VI-VII საუკუნეებით თარიღდება

2011 წლის ოქტორმბერში ქართული ხელნაწერები „UNESCO“-ს მსოფლიო დოკუმენტურ რეესტის ხელნაწერი ძეგლების ნუსხაში შეიტანეს. 500–მდე ქართული ხელნაწერი 7 ახალ ძეგლს შორის მოხვდა. კოლექცია IX-XV საუკუნეების ბიზანტიურ-ქართულ ურთიერთობებს ასახავს და მსოფლიო კულტურის ისტორიისთვის უნიკალური მნიშვნელობა აქვს. ნუსხაში შესულია ბიზანტიური ძეგლების უნიკალური თარგმანები, ზედდართული ქართული კომენტარები და სხვა შინაარსის ძეგლები. მათ შორის არის თარგმანები, რომლის დედნები აღარ არსებობს და მეცნიერები მათ მხოლოდ ქართული წყაროების მიხედვით იკვლევენ.

აღსანიშნავია, რომ „UNESCO“-ს პროგრამა „მსოფლიო მეხსიერების“ რეესტრში სულ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 245 ხელნაწერი ძეგლია შესული.[1]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება