ქართული ლეგიონი (1914-1918)
ქართული ლეგიონი — ქართული ეთნიკური სამხედრო შენაერთი, რომელიც ჩამოყალიბდა ოსმალეთის იმპერიაში, პირველი მსოფლიო ომის დროს, 1914 წელს.
ქართული ლეგიონი შეიქმნა გერმანიის იმპერიის სარდლობისა და „საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის“ ხელმძღვანელობით. მისი მეთაური ლეო კერესელიძე. ლეგიონის და კომიტეტის მიზანი იყო საქართველოს გათავისუფლება რუსეთის იმპერიიდან გერმანიისა და ოსმალეთის დახმარებით. თავდაპირველად ლეგიონი ექვემდებარებოდა ტრაპიზონის ვალს და ოსმალეთის მე-3 არმიას. შემდეგ გადავიდა გერმანელთა დაქვემდებარებაში. ლეგიონს არსებობის მთელ მანძილზე პატრონაჟს უწევდა ოსმალეთში მდებარე გერმანიის საექსპედიციო კორპუსი. გერმანიას ლეგიონის შენახვა წლიურად 120 ათასი ფრანკი უჯდებოდა. გერმანელთა მხრიდან მის საქმიანობას კურირებდა სამხედრო მრჩეველი ჰორსტ შლიპაკი. ლეგიონი ითვლიდა 800-მდე მებრძოლს და მთლიანად გერმანულ ყაიდაზე იყო გაწვრთნილი. ის განლაგებული იყო ლაზისტანში, ქალაქ ვიწეში, დროებით ასევე იდგა ტრაპიზონში. ლეგიონის შესავსებად კომიტეტი ეძებდა ლაზებს და ტყვედ ჩავარდნილ ქართველებს. ლეგიონს გააჩნდა საკუთარი დროშა და უნიფორმა. 1916 წელს ლეგიონი გარდაიქმნა ბატალიონად. 1916 წლის ბოლოს ბატალიონმა მიიღო რკინის ნახევარმთვარის მედალი. 1917 წლის დამდეგს ოსმალეთმა და გერმანიამ ბატალიონის დაშლა გადაწყვიტეს. მაისისთვის კომიტეტმა შეძლო ლეგიონის გაყვანა ფრონტიდან და განთავსება რუმინეთში, სადაც ბატალიონმა ერთი წელი დაჰყო, მაგრამ საომარ მოქმედებებში მონაწილეობა აღარ მიუღია. 1918 წლის სექტემბერში, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ 140 ადამიანი ქართული ლეგიონიდან საქართველოს არმიაში ჩაირიცხა პოლკის სტატუსით და სახელწოდების შენარჩუნებით. პოლკის მეთაური იყო ლეო კერესელიძე. პოლკმა ნ. მაღალაშვილის მეთაურობით მონაწილეობა მიღო სომხეთ-საქართველოს ომში. მან იარსება 1921 წლის მარტამდე, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციამდე
„ქართული ლეგიონის“ წევრებს შორის იყვნენ: ლეო კერესელიძე (მეთაური), ნესტორ მაღალაშვილი (შტაბის უფროსი), პორფირე გვიშიანი (მეტყვიამფრქვევეთა რაზმის უფროსი), სერგო ლაბაძე (მეტყვიამფრქვევეთა რაზმის უფროსი), შალვა წერეთელი (ასეულის მეთაური), ალექსანდრე ცაგურიშვილი (პორუჩიკი), ლავრენტი მანჯავიძე (პორუჩიკი) და სხვ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ჯანელიძე ო., „ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან“, თბილისი: „მეცნიერებება“, 2002. — გვ. 248-255, ISBN 99928-962-0-5.