ქართული კულტურის მოყვარულთა საზოგადოება

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ქართული კულტურის მოყვარულთა საზოგადოებაალექსანდრე ხახანაშვილის სახელობის საზოგადოება, საგანმანათლებლო ნებაყოფლობითი ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა თბილისში 1912 წელს.

ა. ხახანაშვილის იდეით, ეს იყო მოსკოვის უნივერსიტეტში ქართველ სტუდენტთა მიერ დაარსებული „ქართული კულტურის მოყვარულთა წრის“ მემკვიდრე. წრეც და საზოგადოებაც დაარსდა გიორგი ჟორდანიას (იურისტი, საზოგადო მოღვაწე, თედო ჟორდანიას ვაჟიშვილი) ინიციატივთ. მასვე ეკუთვნის საზოგადოების წესდების პროექტი, რომლებიც 1912 წლის ოქტომბერში დაამტკიცა თბილისის საგუბერნიო საკრებულომ. საზოგადოების დამფუძნებელი წევრები იყვნენ გიორგი ჟორდანია, მიხეილ მაჩაბელი, მიხეილ კავსაძე, ლეონიდე გაბაშვილი, სილოვან გაბუნია, ქეთევან ჯავახიშვილი, ვასილ კარბელაშვილი. საზოგადოების მოშაობას წარმართავდა საბჭო [(1916 წლიდან - გამგეობა), თავმჯდომარე იყო გ.ჟორდანია, თავმჯდომრის ამხანაგი - ს. გაბუნია, წიგნმცველი და ხაზინადარი - ვ. კარბელაშვილი] და საჯარო კრება. ჰყავდათ მუდმივი წევრები (პ. მირიანაშვილი, ი. გომართელი, ე. ჩერქეზიშვილი, ა. ახმეტელი, ა. წუწუნავა, შ. დადიანი, ვ. გუნია, კ.ცინცაძე, მ. ჯანაშვილი, ს. გორგაძე, ვ. ბარნოვი, ლ. ბოცვაძე, თ. სახოკია, ი. გრიშაშვილი, ზ. ფალიაშვილი, ა. ცაგარელი, ი. სიხარულიძე, მ. კელენჯერიძე და სხვ.); დამხმარე წევრები (პ. ინგოროყვა, ი. მჭედლიშვილი, მ. ხერხეულიძე, ე. სარაჯიშვილი და სხვ.); საპატიო წევრები (ა. წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, ა. ხახანაშვილი, ე. თაყაიშვილი, თ. ჟორდანია, ეპისკოპოსი კირიონი, ა. ჯამბაკურ-ორბელიანი, მარჯორი ვორდროპი, ვსევოლოდ მირელი, კონსტანტინე ბალმონტი, ა. სუმბათაშვილ-იუჟინი, კ.მარჯანიშვილი, ალექსანდრა იაბლოჩკინა, ელენე გოგოლევა და სხვ.). საზოგადოებას არ ჰქონდა თავისი ბინა და სხდომები ხან სათავადაზნაურო დეპუტატთა საკრებულოს დარბაზში ტარდებოდა, ხან - ქართულ კლუბში, ხან - ზუბალაშვილების სახლში ან მ. მაჩაბლის ბინაზე. საზოგადოების მიზანი იყო საქართველოს ძველი და ახალი კულტურის (ენა, მწერლობა, ფოლკლორი), სამართლის და ეკონომიკის შესწავლა და პოპულარიზაცია, მისი გაცნობა რუსული საზოგადოებისთვის. საზოგადოების არსებობის მანძილზე (1912-1928) საჯარო კრებებზე წაკითხულია სამეცნიერო-პოპულაციური მოხსენებები საქართველოს კულტურის ისტორიიდან, ქართული ლიტერატურის, მუსიკის, თეატრის, ეთნოგრაფიის საკითხებზე; საზოგადოება მართავდა ქართული კულტურის თვალსაჩინო მოღვაწეთა იუბილეებს, თხსოვნის საღამოებს ხელს უწყობდა ქართული სიმღერის გუნდების ჩამოყალიბებას, საოპერო კულტურის განვითარებას, ზრუნავდა ქართული თეატრის აღმშენებლობაზე, გამოსცემდა ბროშურებსა და წიგნებს, დახმარებას უწევდა ხელმოკლე მწერლებსა და მოღვაწეებს. განსაკუთრებულია საზოგადოების ღვაწლი ქართული ენის როლისა და ავტორიტეტის გაზრდის, მისი ფუნქციების გამტკიცების, სალიტერატურო ენის დახვეწისა და მონოლითურობისათვის ბრძოლაში. საზოგადოებას თავისი უპირველეს მოვალეობად მიაჩნდა რუსიფიკაციის მარწყუხებში მყოფი ქართული საზოგადოება შეეჩვია ქართულად აზროვნებისა და ლაპარაკისათვის. ამისათვის საზოგადოება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა ქართულენოვანი სკოლების აღმშენებლობას, ქართული პრესის სათავეში ქართულის კარგი მცოდნეების მოსვლას, ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში სტილისტების შტატის შემოღებას. 1918 წელს საზოგადოებამ დააარსა ქართული ენის კურსები, 1918 წელს ქართული კულტურის მეცნიერული შესწავლა თბილისის უნივერსიტეტს დაეკისრა. ამავე წლიდან საზოგადოებას სახელი შეეცვალა - „კულტურის და შრომის კავშირი“ ეწოდა და ახალი წესდება მიიღო. 1921 წელს საზოგადოებამ აღიდგინა ძველი სახელწოდება და მიენიჭა ალექსანდრე ხახანაშვილის სახელი. 1927-1928 წლებში თბილისსა და მოსკოვში ჩატარდა ა. სუმბათაშვილი-იუჟინის ხსოვნის საღამო; 1928 წელს - სანქტ-პეტერბურგში მოეწყო საქართველოს ტაძრებში (გელათი, ბედია, ლიხნი, მცხეთა, ყინწვისი, ურბნისი, ზარზმა, სამთავრო) დაცული ფრესკების პირების გამოფენა (ფრესკები ზომებისა და ფერების დაცვით გადმოიღო მხათვარმა ნატალია ტოლმაჩევსკაიამ).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 885-886