ქარელის ღვთისმშობლის ეკლესია
ქარელის ღვთისმშობლის ეკლესია — ეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის ქალაქ ქარელში. მდებარეობს ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში. სამშენებლო წარწერის მიხედვით აგებულია 1850 წელს ევსტათის ძის ფანასკერტელ-ციციშვილის დაკვეთით. შეკეთების დროს გადაუხურავთ კრამიტით (ხის კონსტრუქციებზე).
ეკლესია დარბაზულია (15,7 X 9 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. აქვს ორი შესასვლელი, სამხრეთით და დასავლეთით. ორივე შესასვლელი შიგნიდან და გარედან სწორკუთხოვანია, გადახურულია არქიტრავით. ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს ფართო თაღოვანი ნიშებია. ჩრდილოეთ ნიშის შიგნით და ქვემოთ, კიდევ თითო პატარა ნიშია. საკურთხეველი შემაღლებულია ორი საფეხურით. სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლებში ორ-ორი ფართო თაღოვანი სარკმელია. ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში, კედლის სისქეში, სწორკუთხა სათავსია, რომელსაც გარედან 2 მეტრის სიმაღლეზე თაღოვანი შესასვლელი აქვს. სათავსი ეკლესიის დარბაზთან დაკავშირებული იყო ღიობით (ამოქოლილია). დარბაზის გრძივ კედლებზე თითო წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრია. პილასტრების პირველ საფეხურს კედლის დეკორატიული თაღები ეყრდნობა, მეორე საფეხურს — საბჯენი თაღები, რომელთა ქუსლებთან თაროსებრი კაპიტელებია.
ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე სამი ნახევარწრიული ნიშია. ნიშებს შორის გამოსახულია ჩაღრმავებული ჯვრები. სამხრეთ ფასადზე, შესასვლელის ორივე მხარეს, თითო წყვილი პილასტრია. მარჯვნივ, პილასტრებს შორის, სარკმელია, მის ქვემოთ კი ნიში (ამოქოლილია). შესასვლელის მარცხენა მხარეს, პილასტრებს შორის, ზემოთ გამოსახულია ჩაღრმავებული ჯვარი, ქვემოთ შესასვლელია (ამოქოლილია). ეკლესიის სამხრეთ შესასვლელის არქიტრავის ქვაზე ამოკვეთილია სამშენებლო წარწერა.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 351.