ფრიდრიხ კრისტიანი (საქსონიის კურფიურსტი)

ფრიდრიხ კრისტიანი (გერმ. Friedrich Christian; დ. 5 დეკემბერი, 1722, დრეზდენი, საქსონია, გერმანია — გ. 17 დეკემბერი, 1763, დრეზდენი, საქსონია, გერმანია) — ვეტინთა დინასტიის წარმომადგენელი. საქსონიის კურფიურსტი 1763 წლის 5 ოქტომბრიდან გარდაცვალებამდე. პოლონეთის მეფე ავგუსტ III-ისა და დედოფალ მარია იოზეფა ავსტრიელის ძე. საქსონიის ორი მეფის: ფრიდრიხ ავგუსტ I-ისა და ანტონი I-ის მამა.

ფრიდრიხ კრისტიანი
საქსონიის კურფიურსტი
მმართ. დასაწყისი: 5 ოქტომბერი, 1763
მმართ. დასასრული: 17 დეკემბერი, 1763
წინამორბედი: ფრიდრიხ ავგუსტ I
მემკვიდრე: ფრიდრიხ ავგუსტ III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 5 სექტემბერი, 1722
დაბ. ადგილი: დრეზდენი, გერმანია
გარდ. თარიღი: 17 დეკემბერი, 1763, (41 წლის)
გარდ. ადგილი: დრეზდენი, გერმანია
მეუღლე: მარია ანტონია ბავარიელი
შვილები: ფრიდრიხ ავგუსტ I, საქსონიის მეფე
ანტონ I, საქსონიის მეფე
მაქსიმილიანი
სრული სახელი: ფრიდრიხ კრისტიან ლეოპოლდ იოჰან გეორგ ფრანც ქსავიერი
დინასტია: ვეტინები
მამა: ავგუსტ III, პოლონეთის მეფე
დედა: მარია იოზეფა ავსტრიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება
 
ფრიდრიხ კრისტიანი 1739-40 წლებში

ფრიდრიხ კრისტიანი დაიბადა 1722 წლის 5 სექტემბერს დრეზდენში. იგი იყო საქსონიის, ლიტვისა და პოლონეთის მეფე ავგუსტ III-ისა და მისი ცოლის, დედოფალ მარია იოზეფა ავსტრიელის შუათანა ვაჟი. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი დები იყვნენ: ესპანეთის, ნეაპოლისა და სიცილიის დედოფალი მარია ამალია საქსონიელი, ბავარიის კურფიურსტი მარია ანა საქსონიელი და აგრეთვე საფრანგეთის დოფინი მარია იოზეფა საქსონიელი, რომელთა ხაზითაც ფრიდრიხ კრისტიანი ბიძად ერგებოდა შემდეგ ევროპელ მონარქებს: ესპანეთის მეფე კარლოს IV, ორი სიცილიის მეფე ფერდინანდ I, საღვთო რომის იმპერატრიცა მარია ლუისა, საფრანგეთის მეფე ლუი XVI, მეფე ლუი XVIII, მეფე შარლ X და აგრეთვე სარდინიის დედოფალი მარი კლოტილდა.

მას შემდეგ, რაც 1728 წელს მისი უფროსი ძმა, იოზეფ ავგუსტი გარდაიცვალა, ფრიდრიხ კრისტიანი ტახტის პირველი მემკვიდრე გახდა და მშობლებმაც უფრო სერიოზულად დაიწყეს მის მომავალზე ფიქრი.

იგი მკაცრ კათოლიკურ განათლებას იღებდა მონაზვნებისაგან. ცნობილია ისიც, რომ სხვა ევროპელი მონარქების მსგავსად მას ძალიან უყვარდა მუსიკა და მფარველობდა მხატვრობას.

ქორწინება

რედაქტირება

1747 წლის 13 ივნისს მიუნხენში ფრიდრიხ კრისტიანი მარიონეტულად დაქორწინდა პრინცესა მარია ანტონია ბავარიელზე, კურფიურსტ კარლ ალბრეხტისა და ერცჰერცოგინია მარია ამალია ავსტრიელის ქალიშვილზე, რომელიც მას ღვიძლ დეიდაშვილად ერგებოდა. მათი ნამდვილი ქორწინება იმავე წლის 20 ივნისს შედგა დრეზდენში. წყვილმა კარგად გაუგო ერთმანეთს, განსაკუთრებით ხელოვნებისა და მუსიკის მხრივ. საბოლოოდ მათ ცხრა შვილი შეეძინათ.

მმართველობა და გარდაცვალება

რედაქტირება

1763 წლის 5 ოქტომბერს მამამისი გარდაიცვალა, რის გამოც ფრიდრიხ კრისტიანი საქსონიის ახალი კურფიურსტი ხდება. მის გამეფებამდე სულ ერთი წლით ადრე დაიწყო სამ კონტინენტზე გაშლილი შვიდწლიანი ომი, რამაც პატარა საქსონია ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა. ომის პირობებში, პლაცტარმის შექმნის მიზნით საქსონიის ანექსირება დროებით მოახდინა პრუსიის მეფე ფრიდრიხ დიდმა, თუმცა ჯარები მალევე გაიყვანა უკან.

ტახტზე ასვლიდან სულ 74 დღეში, იმავე წლის 17 დეკემბერს ფრიდრიხ კრისტიანი 41 წლის ასაკში გარდაიცვალა ყვავილით. ამის გამო ტახტს მისი მცირეწლოვანი ვაჟი, ფრიდრიხ ავგუსტი იკავებს, რომლის სრულწლოვანებამდეც ქვეყანას ფრიდრიხ კრისტიანის ქვრივი, მარია ანტონია მართავდა რეგენტის სტატუსით.

  1. მკვდარშობილი ვაჟი (1748);
  2. ფრიდრიხ ავგუსტ I (1750-1827), საქსონიის პირველი მეფე. ცოლად შეირთო ამალია ცვაიბრიუკენ-ბირკენფელდელი, რომელთანაც შეეძინა ერთი გოგონა;
  3. კარლ მაქსიმილიანი (1752-1781), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  4. იოზეფ მარია (1754-1763), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  5. ანტონი (1755-1836), საქსონიის მეფე. პირველად იქორწინდა მარია კაროლინა სავოიელზე, რომლის უშვილოდ დაღუპვის შემდეგაც ცოლად შეირთო მარია ტერეზია ავსტრიელი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  6. მარია ამალია (1757-1831), ცოლად გაჰყვა ცვაიბრიუკენის ჰერცოგ კარლ II ავგუსტს, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  7. მაქსიმილიანი (1759-1838), პირველად იქორწინა პრინცესა კაროლინა პარმელზე, რომელთანაც შეეძინა შვიდი შვილი, მათ შორის: ტოსკანის დიდი ჰერცოგინია მარია ფერდინანდა, საქსონიის მეფე ფრიდრიხ ავგუსტ II, ტოსკანის დიდი ჰერცოგინია მარია ანა და ესპანეთის დედოფალი მარია იოზეფა ამალია. დაქვრივების შემდეგ ცოლად შეირთო თავისი განსვენებული მეუღლის ძმისწული, პრინცესა მარია ლუიზა კარლოტა პარმელი, თუმცა მასთან შვილები აღარ ჰყოლია;
  8. ტერეზია მარია (1761-1820), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  9. მკვდარშობილი ვაჟი (1762);

წინაპრები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Flathe, Heinrich Theodor (1878), "Friedrich Christian, Kurfürst von Sachsen", Allgemeine Deutsche Biographie (ADB) (in German), Leipzig: Duncker & Humblot, 7: 789–90.
  • Schlechte, Horst (1992), Das geheime politische Tagebuch des Kurprinzen Friedrich Christian: 1751 bis 1757 (in German), Weimar: Böhlau-Verlag, ISBN 3-7400-0105-4.
  • Genealogie ascendante jusqu'au quatrieme degre inclusivement de tous les Rois et Princes de maisons souveraines de l'Europe actuellement vivans [Genealogy up to the fourth degree inclusive of all the Kings and Princes of sovereign houses of Europe currently living] (in French). Bourdeaux: Frederic Guillaume Birnstiel. 1768. p. 100.