ფრანც კარლ ალტერი

ავსტრიელი ლინგვისტი

ფრანც კარლ ალტერი (გერმ. Franz Karl Alter; დ. 27 იანვარი, 1749, ენგელსბერგი ― გ. 29 მაისი, 1804, ვენა) ― ავსტრიელი ენათმეცნიერი, აღმოსავლეთმცოდნე, ევროპული ქართველოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ფრანც კარლ ალტერი
დაბ. თარიღი 27 იანვარი, 1749(1749-01-27)[1] [2]
დაბ. ადგილი ენგელბერგი ან Engelsberg[3]
გარდ. თარიღი 29 მარტი, 1804(1804-03-29)[1] (55 წლის) ან 29 მაისი, 1804(1804-05-29)[2] (55 წლის)
გარდ. ადგილი ვენა[3] [2]
მოქალაქეობა  ავსტრია
საქმიანობა ფილოლოგი და ენათმეცნიერი
მუშაობის ადგილი ვენის უნივერსიტეტი

ბიოგრაფია რედაქტირება

ფრანც კარლ ალტერი დაიბადა სილეზიაში, ქალაქ ენგელსბერგში. დაამთავრა ოლომოუცის გიმნაზია ჩეხეთში, სადაც სწავლობდა ეკლესიის ისტორიას, ბერძნულ და ებრაულ ენებს. შემდეგ დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა. 1766 წელს შეუერთდა იეზუიტების ორდენს. 1773 წელს ორდენის გაუქმების შემდეგ გადავიდა ვენაში. მოგვიანებით გახდა ვენის ტერეზიანის სამხედრო აკადემიის ბერძნული ენის განყოფილების პროფესორი, ხოლო 1777-1779 წლებში ასწავლიდა წმინდა ანას გიმნაზიაში. 1779 წლიდან მუშაობდა ვენის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის გამგედ და ამავე უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს დიპლომატიაში.

ალტერის შრომათა შორის აღსანიშნავია: ახალი აღთქმა (Novum Testamentum, 2 vols. Vienna, 1786-87) – გამოცემული ვენის ბერძნული ხელნაწერის მიხედვით, აგრეთვე ციცერონის, ლუკრეციუსის, ჰომეროსის, პლატონის, თუკიდიდეს თხზულებანი. ალტერმა პირველად გამოაქვეყნა უკანასკნელი ბიზანტიელი ისტორიკოსის გიორგი ფრანძესის მატიანე, რომელიც მოიცავს 1413-1477 წლებს. ალტერს აქვს ბევრი გამოკვლევა აღმოსავლეთის ქვეყნების სხვადასხვა ენასა და დამწერლობაზე.

ალტერის ქართველოლოგიური კვევები იწყება მას შემდეგ, რაც იგი გაეცნო 1743 წელს მოსკოვში დაბეჭდილ ქართულ ბიბლიას და დაიწყო მისი ბერძნულ ტექსტებთან შედარება. ალექსანდრე ცაგარელი აღნიშნავს, რომ "ალტერთან წარმოდგენილია ყველა დაწვრილებითი ცნობები ქართული ბიბლიის თარგმანზე". ამ გამოცემაზე მუშაობის შემდგომ ალტერმა 1798 წელს ვენაში გამოსცა ნაშრომი "ქართული ლიტერატურის შესახებ" (Über georgische Literatur), რომელიც უცხოეთში ქართული ენისა და ლიტერატურის საკითხების მეცნიერული კვლევის პირველ ცდას წარმოადგენს. მასში განხილულია ქართული სასულიერო მწერლობის ნიმუშები. ქართულ ბიბლიასთან შედარებულია ბერძნული, სომხური და რუსული ტექსტები. თუმცა, ავტორი არაფერს ამბობს ქართული საერო მწერლობის შესახებ.

წიგნში ცალკე ადგილი ეთმობა ქართული ანბანის წარმოშობას და თავისებურებას. ალტერი იძლევა მეგრული და სვანური ენების ცალკეულ ნიმუშებს, თუმცა უშვებს შეცდომებს – ქართლურ დიალექტს უპირისპირებს ქართულ ენას, ხოლო თვით ქართულ ლექსიკურ მასალას იძლევა ლათინური ტრანსკრიფციით. ალტერს ნაშრომის ბოლოს დანართის სახით წარმოდგენილი აქვს ქართული ანბანის ცხრილი, რომელიც იყოფა საეკლესიო ანუ ნუსხურ და მხედრულ ანუ საერო სახეობებად. მათ შორის მსგავსებისა და განსხვავების გამოსავლენად იყენებს მის ფონეტიკურ ეკვივალენტებსა და ლათინურ ტრანსლიტერაციას.

სპეციალისტების აზრით, მიუხედავათ ზოგიერთი შეცდომისა და ენათმეცნიერული უზუსტობებისა, ალტერის შრომა ქართულ ენაზე, მის დიალექტებსა და ლიტერატურაზე უცხოეთში მასალის შეგროვების, სისტემატიზაციისა და შესწავლის პირველი საინტერესო და საყურადღებო ცდაა. მასში თავმოყრილია ყველა ის ცნობა, რომელიც იმ პერიოდში ევროპაში მოიპოვებოდა ქართული ენისა და დამწერლობის შესახებ. ნაშრომი ფასეულია როგორც ისტორიოგრაფიისა და დამწერლობის კვლევისთვის, ასევე ლექსიკოგრაფიული და ქართველოლოგიური თვალსაზრისითაც.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 Dr. Constant v. Wurzbach Alter, Franz Karl // Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich: enthaltend die Lebensskizzen der denkwürdigen Personen, welche seit 1750 in den österreichischen Kronländern geboren wurden oder darin gelebt und gewirkt habenWien: 1856. — ტ. 1. — S. 16.
  3. 3.0 3.1 Deutsche Nationalbibliothek Record #100010385 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.