ქრისტეფორე ჯიოევი

ოსი საზოგადო და სასულიერო მოღვაწე, ოსური საგამომცემლო საქმიანობის ხელმძღვანელი.
(გადამისამართდა გვერდიდან ფორა ჯიოევი)

ქრისტეფორე (ფორა) ჯიოევი (დ. 1873, ჯავა — გ. 1935) — ოსი საზოგადო და სასულიერო მოღვაწე, ოსური საგამომცემლო საქმიანობის ხელმძღვანელი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ქრისტეფორე (ფორა) ჯიოევი დაიბადა 1873 წელს სოფელ ჯავაში. მამამისი, ზურაბ ჯიოევი, ღარიბი ოჯახიდან იყო. მიუხედავად იმისა, რომ მის ოჯახს არ ჰქონდა არანაირი შესაძლებლობა, იგი მაინც წაიყვანეს თბილისში სასწავლებლად. ქრისტეფორემ წარჩინებით დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და სურდა სწავლა გაეგრძელებინა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში. დედის კატეგორიული მოთხოვნით, რადგან ის ოჯახის ერთადერთი შვილი იყო, ჩაიყვანეს მშობლიურ სოფელში, მორგოში (ჯავის რაიონი) და გახდა სასულიერო პირი. მოგვიანებით მან ორკლასიანი სკოლა-პანსიონი გახსნა სოფელ ჯავაში. მალე იგი ამ სოფელშივე დაქორწინდა ქეთევან კოკოევზე. ზურაბსა და ქეთევანს შეეძინათ ათი შვილი, მათ შორის იყო ქრისტეფორე. ზურაბ ჯიოევი გარდაიცვალა 1910 წელს. იგი დაკრძალულია თბილისში, კუკიის სასაფლაოზე.

ქრისტეფორე ჯიოევი 1880 წელს შეიყვანეს სოფელ ჯავის დაწყებით სკოლაში. მისი დამთავრების შედეგ კი ჩაიყვანეს თბილისში და მიაბარეს თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაამთავრა 1894 წელს ისეთივე წარმატებით, როგორც თავის დროზე - მამამისმა. ფორა ჯიოევმა სწავლა განაგრძო კიევის სასულიერო აკადემიაში, რომელიც დაამთავრა 1897 წელს. იმავე წელს გაგზავნეს ერევანში, ვაჟთა გიმნაზიაში ღვთისმეტყველების მასწავლებლად. მოგვიანებით, 1899 წელს, ქრისტეფორე ჯიოევი საცხოვრებლად გადადის თბილისში და ვაჟთა პირველ გიმნაზიაში ასწავლის საღვთო სჯულს. პარალელურად იგი სიონის ტაძარში მოღვაწეობს და ასრულებს ღვთისმსახურებას რუსულ ენაზე.

1907 წელს თბილისში მისი თაოსნობით გამოიცა ოსური გაზეთი „ახალი ცხოვრება“ („Ног Цард“); მან დიდი წვლილი შეიტანა ოსური ჟურნალის „თავთავის“ („Фсир“) დაარსებაში (რედაქტორი არსენ ქოცოითი), რომელიც გამოიცა თბილისში 1910 წელს; იგი იყო ერთ-ერთი თაოსანი ჟურნალ „მზის სხივისა“ („Хуры Тин“), რომელიც გამოიცა პეტერბურგში 1912 წელს;

ფორა ჯიოევი გარდაიცვალა 1935 წელს. დაკრძალულია კუკიის სასაფლაოზე საგვარეულო ძვალთშესალაგში. მის გვერდით არიან დაკრძალულნი მისი მეუღლე და სხვა ახლობლები.

ქრისტეფორე ჯიოევი და ნიკოლოზ II

რედაქტირება

ფორა ჯიოევის მოღვაწეობას დაემთხვა ისტორიული ფაქტი. 1913 წელს, რომანოვების დინასტიის 300 წლისთავზე ნიკოლოზ II-მ გადაწყვიტა მთელს იმპერიაში ემოგზაურა. ჩავიდა თბილისშიც. სადღესასწაულო ღვთისმსახურებას უძღვებოდა ფორა ჯიოევი. ღვთისმსახურებისათვის საგანგებოდ შეარჩიეს ღვთისმსახური, რომელიც გამორჩეული იყო როგორც საღად მოაზროვნე, რუსული ენის საუკეთესო მცოდნე, სასიამოვნო გარეგნობისა და ლამაზი ხმის ტემბრით მქონე. ღვთისმსახურების ცერემონიის შემდეგ აღფრთოვანებული ნიკოლოზ II ქრისტეფორეს ხელზე ეამბორა მადლობის ნიშნად.

1912 წელს ფორა ჯიოევმა ცხინვალში დააარსა პედაგოგიური სასწავლებელი, რომელსაც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა. საბჭოთა ხელისუფლების დროს საკმაოდ რთული იყო სასულიერო პირთა ყოფა-ცხოვრება. ამ პერიოდში ფორა ეწეოდა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას. იგი იყო სამხრეთ ოსეთის სამხარეო მუზეუმის დამფუძნებელი და პირველი დირექტორი, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე განაგებდა.

ცენზორ-რედაქტორი

რედაქტირება

ფორა ჯიოევი იყო მთავლიტის (მთავარი ლიტერატურული სამმართველოს, რუს. Главлит) თანამშრომელი და ყველა პუბლიკაცია თუ გამოცემა, აუცილებლად მის ხელში გადიოდა. ასევე მისი რეცენზირების გარეშე არ დაიდგმებოდა არცერთი სპექტაკლი ოსურ ენაზე. უაღრესად საინტერესოა მისი მოღვაწეობის ეს პერიოდი. ფორა იყო ოსური საგამომცემლო საზოგადოების ხელმძღვანელი. სწორედ მისი თაოსნობით დაიდგა მრავალი პიესა. ამ საზოგადოების შემდეგი ხელმძღვანელი ინალ სობიევი აღნიშნავს:

 
„ფორას დამსახურება იყო, რომ ცენზურის კომიტეტმა ოსური პიესები ყოველგვარი ცვლილების გარეშე დაამტკიცა დასადგმელად.“

ასევე აღინიშნებოდა, რომ ოსურ ჟურნალ „თავთავში“ ბევრი კრიტიკა იყო გამოთქმული მთავრობის საწინააღმდეგოდ, თუმცა ფორა ჯიოევის, მთავლიტის თანამშრომლის მცდელობით, ამ ჟურნალს დაბრკოლება არ შეხვედრია. მნიშვნელოვანია, რომ ოს ავტორთა მრავალი ნაწარმოები, რომელიც დღეისთვის ითვლება ოსური სულიერი კულტურის შედევრად, სწორედ ფორა ჯიოევის წყალობით გადარჩა.

ფორა ჯიოევმა საგანგებო წვლილი შეიტანა კოსტა ხეთაგუროვის კრებულის „ოსური ლირის“ („Ирон Фандыр“) გამოცემის საქმეში. მან კარგად შეაფასა კოსტას ლექსების მნიშვნელობა ოსური ლიტერატურის ისტორიისათვის და იზრუნა, ისე გამოეცათ, რომ არ შეცვლილიყო ავტორისეული ვარიანტები. მან რაპორტში აღნიშნა:

 
„მე ძალიან გამოწვლილვით გადავხედე ხელნაწერ კრებულს, „ირონ ფანდირის“ ლექსებს... მხოლოდ ერთი ლექსი მიმაჩნია რამდენადმე საეჭვოდ ცენზურასთან დაკავშირებით.“

ფორა ჯიოევმა თბილისში იქორწინა სოფიო ვარდიაშვილზე (ცნობილი ქართველი მომღერლის — ვარო ვარდიაშვილის ბიძაშვილი). სოფიოც ღვთისმსახურის ოჯახიდან იყო. მამამისი, ბიძამისი და ძმა ღვთისმსახურები იყვნენ.

ფორა და სოფიაც მრავალშვილიანები იყვნენ. მათ შეეძინათ ოთხი ვაჟი და ხუთი გოგონა. მათმა შვილებმა დიდი წვლილი შეიტანეს ქართული და ოსური კულტურის ისტორიაში. მათი ვაჟი, გიორგი ჯიოევი, იყო ოპერის ცნობილი ბარიტონი, დაამთავრა ლენინგრადის კონსერვატორია. იგი იყო ჩერმენის პარტიის პირველი შემსრულებელი ვიქტორ დოლიძის ოპერა „ჩერმენში“. გიორგი ჯიოევი დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში. ომში დაიღუპა აგრეთვე გიორგი ჯიოევის უმცროსი ძმა, ფრუნზეს სახელობის აკადემიის პროფესორი — დიმიტრი ჯიოევი. ფორესა და სოფიოს ქალიშვილმა — ვერა ჯიოევმა დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. ლინგვისტი იყო მათი ქალიშვილი ნადეჟდა, რომელიც თარგმნიდა ოსურიდან რუსულ ენაზე.

ლიტერატურა

რედაქტირება