ფილიპ ორლეანელი (1838-1894)
ფილიპ ორლეანელი (ფრანგ. Philippe d'Orléans; დ. 24 აგვისტო, 1838, ტიუილრის სასახლე, პარიზი, საფრანგეთი — გ. 8 სექტემბერი, 1894, სტოუის სახლი, ბაკინგემი, დიდი ბრიტანეთი) — ორლეანელების დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე 1848 წლის 24 თებერვლიდან 26 თებერვლამდე ფილიპ VII-ის სახელით. მეფე ლუი ფილიპ I-ის შვილიშვილი, ორლეანისტთა პრეტენდენტი საფრანგეთის ტახტზე 1848-1894 წლებში. ორლეანის ტიტულარული ჰერცოგი 1842 წლიდან და პარიზის გრაფი დაბადებიდან გარდაცვალებამდე, პორტუგალიის მეფე მანუელ II-ის პაპა.
ფილიპ ორლეანელი | |
---|---|
საფრანგეთის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 24 თებერვალი, 1848 |
მმართ. დასასრული: | 26 თებერვალი, 1848 |
წინამორბედი: | ლუი ფილიპ I |
მემკვიდრე: | მეორე რესპუბლიკა |
პარიზის გრაფი | |
მმართ. დასაწყისი: | 24 აგვისტო, 1838 |
მმართ. დასასრული: | 8 სექტემბერი, 1894 |
წინამორბედი: | წოდება შეიქმნა |
მემკვიდრე: | ანრი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 24 აგვისტო, 1838 |
დაბ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 8 სექტემბერი, 1894, (56 წლის) |
გარდ. ადგილი: | ბაკინგემი, დიდი ბრიტანეთი |
მეუღლე: | მარი იზაბელ ორლეანელი |
შვილები: |
ამელია, პორტუგალიის დედოფალი ფილიპი, ორლეანის ჰერცოგი ელენი, აოსტის ჰერცოგინია იზაბელი, გიზის ჰერცოგინია ლუიზი, სიცილიის პრინცესა ფერდინანდი, მონპენსიეს ჰერცოგი |
სრული სახელი: | ლუი ფილიპ ალბერი |
დინასტია: | ორლეანები |
მამა: | ფერდინანდ ფილიპი, ორლეანის ჰერცოგი |
დედა: | ელენა მეკლენბურგ-შვერინელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
ბიოგრაფია
რედაქტირებაფილიპი დაიბადა 1838 წლის 24 აგვისტოს ტიუილრის სასახლეში, პარიზში. იგი იყო ორლეანის ჰერცოგ ფერდინანდ ფილიპისა და მისი ცოლის, ჰერცოგინია ელენა მეკლენბურგ-შვერინელის პირველი შვილი. მამის მხრიდან იგი საფრანგეთის მეფე ლუი ფილიპ I-ისა და დედოფალ მარია ამალია ნეაპოლელის შვილიშვილი და ტახტის მემკვიდრე იყო. 1842 წელს მამამისი უბედური შემთხვევისას დაიღუპა, ამიტომაც საფრანგეთის ტახტის პირველი მემკვიდრე 4 წლის ფილიპი ხდება.
1848 წლის 24 თებერვალს ბაბუამისი, ლუი ფილიპ I რევოლუციონერების გავლენით გადადგა ტახტიდან, თუმცა თავისი შვილიშვილის სასარგებლოდ. ამრიგად, იგი საფრანგეთის უკანასკნელი მეფე გახდა ფილიპ VII-ის სახელით, მაგრამ მისი მმართველობა არც ისე დიდ ხანს გაგრძელდა. 2 დღეში, 26 თებერვალს რევოლუციონერებმა ისიც დაამხეს და მეორე რესპუბლიკა ჩამოაყალიბეს. ამას მოჰყვა ორლეანელების დინასტიის გაძევება საფრანგეთიდან, რის შემდეგაც ისინი ემიგრაციაში დიდ ბრიტანეთში წავიდნენ, სადაც ისინი დედოფალმა ვიქტორიამ შეიფარა. ამრიგად, ფილიპმა თავისი ახალგაზრდობის წლები სწორედ რომ ინგლისში გაატარა.
1861-62 წლებში თავის უმცროს ძმასთან, რობერთან ერთად ჩრდილოელების მხარეს იბრძოდა ამერიკის სამოქალაქო ომში. ამის გამო მას ამერიკის მთავრობისაგან საპატიო ღირსების ორდენიც აქვს მიღებული.
უკვე 1870 წელს საფრანგეთში კიდევ ერთი სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, მაგრამ ამ ჯერად იმპერატორი ნაპოლეონ III, ანუ ბურბონებისა და ორლეანელების მოსისხლე მტერი დაამხეს და დაამყარეს საფრანგეთის მესამე რესპუბლიკა. ახალმა პრეზიდენტმა 1871 წელს ნება დართო ორლეანელებს საფრანგეთში დაბრუნებულიყვნენ. ამრიგად, ფილიპი თავის ცოლ-შვილთან ერთად დაბრუნდა მშობლიურ საფრანგეთში, სადაც ისინი პარიზში დასახლდნენ.
1886 წელს ფრანგულმა მთავრობამ მათი ოჯახი კვლავ გააძევა ქვეყნიდან, რის გამოც ფილიპი მეორე გადასახლებაში წავიდა, ისევ ინგლისში. ამ ჯერად ეს მისთვის უკანასკნელი გადასახლება აღმოჩნდა. იგი ინგლისში ბაკინგემში, სტოუის სახლში დაბინავდა და იქვე გაატარა სიცოცხლის უკანასკნელი წლები. იგი სწორედ აქ, 1894 წლის 8 სექტემბერს გარდაიცვალა, 56 წლის ასაკში. აღსანიშნავია, რომ იგი სიცოცხლის ბოლომდე აცხადებდა ფრანგულ ტახტზე პრეტენზიას და თავს მეფე ფილიპს უწოდებდა, სწორედ ეს იქცა მისი გაძევების მიზეზადაც. მოგვიანებით, იგი გადაასვენეს და დაკრძალეს დრეს საგვარეულო აკლდამაში. მისი შთამომავლები დღემდე აცხადებენ საფრანგეთის ტახტზე პრეტენზიას.
ქორწინება და შვილები
რედაქტირება1864 წლის 30 მაისს წმინდა რაფაელის ეკლესიაში, ინგლისში ფილიპმა ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი, მარი იზაბელ ორლეანელი (1848-1919), მონპენსიეს ჰერცოგ ანტუან ორლეანელისა და ინფანტა ლუისა ფერნანდა ესპანელის ასული, ესპანეთის დედოფალ ისაბელ II-ის დისწული, მეფე ალფონსო XII-ის დეიდაშვილი და დედოფალ მერსედესის უფროსი და, რომელთანაც რვა შვილი შეეძინა:
- ამელია (1865-1951), ცოლად გაჰყვა პორტუგალიის მეფე კარლუშ I-ს, რომელთანაც შეეძინა ორი ვაჟი, მათ შორის მეფე მანუელ II;
- ფილიპი (1869-1926), ორლეანის ჰერცოგი. ცოლად შეირთო ერცჰერცოგინია მარია დოროთეა ავსტრიელი, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
- ელენი (1871-1951), ცოლად გაჰყვა ესპანეთის მეფე ამადეუს I-ის ვაჟს, აოსტის ჰერცოგ ემანუელე ფილიბერტოს, რომელთანაც შეეძინა შვილები;
- შარლი (1875), გარდაიცვალა ჩვილი;
- იზაბელი (1878-1961), ცოლად გაჰყვა თავის ბიძაშვილს, გიზის ჰერცოგ ჟან ორლეანელს, რომელთანაც შეეძინა შვილები;
- ჟაკი (1880-1881), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ლუიზი (1882-1958), ცოლად გაჰყვა ბურბონ-სიცილიის პრინც კარლოსს, რომელთანაც შეეძინა მარია დე ლას მერსედეს დე ბურბონ-სიცილიელი, ესპანეთის მეფე ხუან კარლოს I-ის დედა;
- ფერდინანდი (1884-1924), მონპენსიეს ჰერცოგი, ცოლად შეირთო ვალდეტერასოს მარკიზა მარია ისაბელ გონსალესი, რომელთანაც შეეძინა ორი გოგონა;
ლიტერატურა
რედაქტირება- Flers, Hyacinthe, marquis de. Le comte de Paris. Paris: Perrin, 1888.
- Hanson, Edward. "The Wandering Princess: Princess Hélène of France, Duchess of Aosta". Fonthill, 2017.
- Staatshandbuch für das Großherzogtum Sachsen / Sachsen-Weimar-Eisenach (1869), "Großherzogliche Hausorden" p. 15.