ანტუან ორლეანელი (ფრანგ. Antoine d'Orléans; დ. 31 ივლისი, 1824, ნუილი, საფრანგეთი — გ. 5 თებერვალი, 1890, სანლუკარ-დე-ბარამედა, ესპანეთი) — ორლეანელთა დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ლუი ფილიპ I-ისა და დედოფალ მარია ამალიას ნაბოლარა ძე. მონპენსიესა და გალიერას ჰერცოგი. ესპანეთის მეფე ფერდინანდ VII-ის სიძე და ესპანეთის დედოფალ მერსედესის მამა.

ანტუან ორლეანელი
სრული სახელი
ანტუან მარი ფილიპ ლუი
წოდებები
მონპენსიეს ჰერცოგი
გალიერას ჰერცოგი
დაიბადა 31 ივლისი, 1824
ნუილი, საფრანგეთი
გარდაიცვალა 5 თებერვალი, 1890, (65 წლის)
სანლუკარ-დე-ბარამედა, ესპანეთი
საგვარეულო ორლეანები
მეუღლე(ები) ლუისა ფერნანდა ესპანელი
შვილ(ებ)ი მარი იზაბელი, პარიზის გრაფინია
მერსედესი, ესპანეთის დედოფალი
ანტონიო, გალიერას ჰერცოგი
მამა ლუი ფილიპ I, საფრანგეთის მეფე
დედა მარია ამალია ნეაპოლელი
ხელმოწერა
რელიგია კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ანტუანი დაიბადა 1824 წლის 31 ივლისს შატო დე ნუილში, საფრანგეთში. იგი იყო ორლეანის ჰერცოგ ლუი ფილიპისა და მისი ცოლის, პრინცესა მარია ამალია ნეაპოლელის ნაბოლარა, მეათე შვილი და მეექვსე ვაჟი. 1830 წელს, ივლისის რევოლუციის გზით მამამისი საფრანგეთის მეფე გახდა, რის შემდეგაც მან ანტუანს მონპენსიეს ჰერცოგობა უბოძა.

1846 წლის 10 ოქტომბერს მადრიდში ანტუანმა ცოლად შეირთო ინფანტა ლუისა ფერნანდა ესპანელი, ესპანეთის მეფე ფერდინანდ VII-ისა და დედოფალ მარია კრისტინა სიცილიელის მეორე და ნაბოლარა ასული, რის შემდეგაც ანტუანს სიმამრმა გალიერას ჰერცოგობა უბოძა.

საფრანგეთში დაბრუნებიდან მალევე, 1848 წელს რევოლუციონერებმა დაამხეს ანტუანის მამის მმართველობა და მეორე რესპუბლიკა შექმნეს, რის გამოც სამეფო ოჯახი ქვეყნიდან გააძევეს. ორლეანელების მთელი ოჯახი ემიგრაციაში დიდ ბრიტანეთში წავიდა, დედოფალ ვიქტორიასთან, თუმცა ანტუანი მათ არ გაჰყვა და ცოლთან ერთად ესპანეთში წავიდა. აქ იგი მისმა ცოლისდამ, დედოფალმა ისაბელ II-მ კარგად მიიღო და სამეფო კარზეც დააბინავა.

1868 წელს რევოლუციის ტალღამ ესპანეთშიც შეაღწია და ესპანელებმა დაამხეს დედოფალი ისაბელი, რომელიც ქმარ-შვილთან ერთად საფრანგეთში გაიქცა. თავად ანტუანი ცოლთან ერთად მადრიდში დარჩა და ცდილობდა ესპანეთის სამეფო ტახტი დაეკავებინა. ამ პირობებში მას სევილიის ჰერცოგ ენრიკე დე ბურბონთან (მეფე კარლოს IV-ის შვილიშვილი და დედოფალ ისაბელ II-ის მაზლი) ბრძოლა მოუხდა. მალევე ანტუანმა ენრიკე დუელში გამოიწვია და მოკლა კიდეც იგი. ჰერცოგის მკვლელობისათვის ანტუანმა დაკარგა ტახტზე ასვლის შანსი და ერთი თვეც გაატარა ციხეში.

ამ პირობებში, 1870 წლის 16 ნოემბერს იგი ესპანეთის მეფის არჩევნებში იტალიის მეფე ვიტორიო ემანუელე II-ის ვაჟმა, ამადეუს I-მა დაამარცხა. ანტუანმა კენჭის ყრისას 27 ხმა დააგროვა, ამადეუსმა კი 191. ამის გამო მან ცოლ-შვილთან ერთად დატოვა ესპანეთი და საფრანგეთში დაბრუნდა, თუმცაღა მეფე ამადეუსის მმართველობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა. იგი 1873 წელს ტახტიდან გადადგა და ესპანეთის ტახტს ისაბელ II-ის ძე, ალფონსო XII იკავებს, რის შემდეგაც ანტუანი კვლავ დაბრუნდა ესპანეთში. მან მოახერხა და ახალ მეფეს თავისი ქალიშვილი, პრინცესა მერსედესი მიათხოვა, თუმცა ახალგაზრდა დედოფალი 1878 წელს გარდაიცვალა ჭლექით, უშვილოდ, რის გამოც ანტუანმა ვერ მოახერხა ტახტზე ძალაუფლების შენარჩუნება.

საბოლოოდ, ანტუან ორლეანელი 1890 წლის 5 თებერვალს გარდაიცვალა სანლუკარ-დე-ბარამედაში, სამხრეთ ესპანეთში, 65 წლის ასაკში. გადაასვენეს და დაკრძალეს ესკორიალში.

ანტუანს ცოლისაგან ათი შვილი ჰყავდა:

  1. მარი იზაბელი (1848-1919), ცოლად გაჰყვა თავის ბიძაშვილს, პარიზის გრაფ ფილიპ ორლეანელს, რომელთანაც შეეძინა შვილები, მათ შორის პორტუგალიის დედოფალი ამელია ორლეანელი;
  2. მარი ამალია (1851-1870), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  3. მარი კრისტინა (1852-1879), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  4. მარი დე ლა რელია (1856-1861), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  5. მკვდარშობილი ბავშვი (1857);
  6. ფერდინანდი (1859-1873), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  7. მერსედესი (1860-1878), ცოლად გაჰყვა ესპანეთის მეფე ალფონსო XII-ს, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
  8. ფილიპ რაიმუნდო (1862-1864), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  9. ანტონიო (1866-1930), გალიერას ჰერცოგი, ცოლად შეირთო თავისი დეიდაშვილი, ინფანტა ეულალია ესპანელი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  10. ლუი (1867-1874), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;

წინაპრები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • García Rodríguez, José Carlos (2015). Montpensier. Biografía de una obsesión. Córdoba: Almuzara. ISBN 978-84-16-39200-1.
  • García Rodríguez, José Carlos (octubre de 2015). «El duque de Montpensier. Un adelantado en época de Isabel II». Clío, Revista de Historia (168): 64-74. ISSN 1579-3532.
  • Mayo, Julio (junio de 2018). «La Carretería, protegida por los Montpensier». Pasión en Sevilla (Sevilla) (108): 40-47.
  • Pedrol Rius, Antonio (1960). Los asesinos del general Prim. Tebas.
  • Ros Carballar, Carlos (2002). El duque de Montpensier. La ambición de reinar. Castillejo.
  • Rubio García-Mina, Javier (1989). España y la guerra de 1870. Madrid: Biblioteca Diplomática Española.