ფიბრინი
ფიბრინი (ლათ. fibra) — მაღალმოლეკულური ცილა. წარმოიქმნება სისხლის პლაზმა ფიბრინოგენისგან ფერმენტ თრომბინის მოქმედების შედეგად. ფიბრინის მოლეკულური აღნაგობა გვაძლევს განივზოლიანი ან სადა ბოჭკოების სურათს, რომელთა ხლართულისგან სისხლის შედედების დროს წარმოიქმნება კოლტი. ფიბრინის ჩამოყალიბება მოიცავს სამ სტადიას: პირველ სტადიაზე ფიბრინოგენის მოლეკულას ჩამოსცილდება 4 პეპტიდური ფრაგმენტი (პირველი ორის მოლეკულური მასაა 2000, ხოლო მეორე ორის 2500) და მიიღება ფიბრინ-მონომერი, რომელიც შედგება დისუფლიდური ბმებით დაკავშირებული 2 იდენტური სუბერთეულისაგან. მეორე სტადიაზე ხდება ფიბრინ-მონომერის აგრეგაცია — გლობულარული მდგომარეობიდან ფიბრილარულში გადასვლა, რაშიც მონაწილეობენ წყალბადური ბმები, ელექტროსტატიკური და ჰიდროფობული ურთიერთქმედების ძალები. აგრეგაციას ხელს უწყობენ დადებითად დამუხტული ნივთიერებები (კალციუმის იონები, პროტამინსულფატი) და აფერხებენ უარყოფითმუხტიანი ნივთიერებები (ჰეპარინი). მესამე სტადიაზე ფიბრინზე ფერმენტულ ზემოქმედებას ახდენს მასტაბილიზებელი ფაქტორი XIIIა — (ფიბრინოლიგაზა), რის შედეგადაც წარმოიქმნება კოვალენტური ბმები პეპტიდურ ჯაჭვებს შორის. ამ ფაქტორის უკმარისობის შემთხვევაში ვითარდება სისხლდენა. ფიბრინისგან ამზადებენ სტერილურ ფირფიტებს, რომელსაც ხმარობენ ქირურგიული ოპერაციის დროს კაპილარული სისხლდენის შესაჩერებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 283.