ორსულობა

(გადამისამართდა გვერდიდან ფეხმძიმობა)

ორსულობა (სამედიცინო ტერმინოლოგიით გესტაცია, ან გრავიდულობალათინური ენიდან gestatio, graviditas) ეწოდება ჰუმანურ მედიცინაში ფიზიოლოგიურ პროცესს მომავალი დედის სხეულში განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მომწიფებისა და ბავშვად ჩამოყალიბებამდე, რომელიც ბავშვის დაბადებით სრულდება.
ორსულობა კვერცხუჯრედის განაყოფიერებიდან ბავშვის დაბადებამდე საშუალოდ 267 დღე მიმდინარეობს. მუცლადმყოფ ბავშვს მეცხრე კვირამდე ემბრიონი, ხოლო დაახლ. მერვე-მეცხრე კვირიდან, ანუ ძირითადი შინაგანი ორგანოების ჩამოყალიბების შემდეგ კი ფიტუსი ეწოდება.
გინეკოლოგიაში ორსულობის თანმდევ მოვლენებს სამ, (1.) პრენატალურ ( = დაბადებამდე), (2.) პერინატალურ ( = მშობიარობისას) და (3.) პოსტნატალურ ( = დაბადების შემდგომ) ეტაპად ჰყოფენ.

ფეხმძიმე ქალი

ორსულობის დადგენა

რედაქტირება
 
ორსულობის ტესტი

ორსულობის დასაწყისად შეიძლება მენსტრუალური ციკლის შეჩერება, გულის რევა, პირღებინება და გუნების მალი ცვალებადობა მივიჩნიოთ, თუმცა ეს მაინც არ არის საკმარისი საბოლოო დასკვნის გასაკეთებლად. საბოლოო და სარწმუნო დასკვნა ორსულობის შესახებ საფეხურებრივად კეთდება. ორსულობის ტესტი სისხლსა და შარდში ე.წ. ორსულობის ჰორმონების კონცენტრაციის გაზომვის მიზნით ორსულობის სავარაუდო ნიშნად განიხილება, ხოლო სარწმუნო დასკვნის საშუალებას კი ენდოვაგინალური ულტრასხივი იძლევა ორსულობის უკვე მეექვსე-მეშვიდე კვირაში.

გრავიდულობის სინონიმია

რედაქტირება

ორსულად იწოდებიან მდედრობითი სქესის ადამიანები, ხოლო ამავე მდგომარეობაში მყოფ ძუძუმწოვარა ცხოველებს მაკეს უწოდებენ. გრავიდულობას ადამიანებში ფეხმძიმობას ან ორსულობას უწოდებენ, ხოლო ცხოველებში კი - მაკეობა, ან უფრო იშვიათად მაკინობას.

სიტყვა "ორსული" ალექსანდრე ნეიმანის „ქართულ სინონიმთა ლექსიკონში“ (გვ. 239 / 1. თბილისი: გამომცემლობა „განათლება“, 1978):

ორსული, ფეხმძიმე, გუნებანაქცევი, მუცელქმნილი, დღე-დღეზე დასაწოლი, თვეში დგას, მოძველ. მიდგომილი, სას. ემჟავება (ხომ არ გემჟავება?), მაკე (ძროხა, ცხენი), მოსაგები (ცხვარი).

„იყო იგი (მარიამი) მიდგომილ.“ ოთხთ.
ილია აბულაძის „ძველი ქართული ენის ლექსიკონი“ (გვ. 242 / 1. თბილისი: გამომცემლობა „მეცნიერება“, 1973):
  • მიდგომა «მუცლად-ღება»; «ლმობა»: „აჰა მიუდგე“, „აჰა ესერა შენ მუცლად-იღო“, „მიუდგა დედაკაცი იგი და შვა ძჱ“, „მიუდგებიან სალმობასა და შობენ ამაოებასა“, „მიუდგა ქუეყანაჲ ერთსა შინა დღესა“, „ილმო მიწამან ერთსა შინა დღესა“
  • მიდგომა ორსულობა; «მიდგომილება»: „საშო მიდგომის (მექმნა მე)“, „იქმნა... საშო მიდგომილებისა საუკუნოჲსა“
  • მიდგომილ-ი «მუცელ-ქმნული», ფეხმძიმე: „ვაჲ მუცელ-მიდგომილთა“, ვაჲ მუცელ-ქმნულთა
  • მიდგომილება ორსულობა; «მიდგომა»: „მოსცა მას უფალმან მიდგომილებაჲ“, იქმნა... საშო მიდგომილებისა საუკუნოჲსა„“, „საშო მიდგომის (მექმნა მე)“

რას წერდა ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ორსულობა

რედაქტირება

ქსე (მე-7 ტომი, გვერდი 585 / 2) ვრცელი სტატიის პირველ ნაწილში (ავტორები: კ. ჩაჩავა, გ. გოცაძე) აღწერილია ორსულობის ფიზიოლოგიური მიმდინარეობა, ხოლო მეორე ნაწილში (ავტ.: თ. ცაგურია) კი საბჭოთა კანონმდებლობის მიხედვით განსაზღვრული, ორსულ ქალთა სამართლებრივი მდგომარეობაა განმარტებული.

ქსე: ორსულთა ფიზიოლოგია, განაყოფიერება

რედაქტირება
(ავტორები: კ. ჩაჩავა, გ. გოცაძე)
 
ორსულობის ანატომიური მოდელი

ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მიხედვით ორსულობის ფიზიოლოგიური პროცესის საშუალო ხანგრძლივობა 280 დღეს შეადგენს. „სქესობრივი მომწიფების ასაკიდან (13-15 წელი) საკვერცხეში მომწიფებას იწყებს კვერცხუჯრედები (1 უჯრედი თვეში). თუ მომწიფებული კვერცხუჯრედი საშვილოსნოს ლულაში (კვერცხსავალში) შეერწყმის მამაკაცის სასქესო უჯრედს – სპერმატოზოიდს ანუ განაყოფიერდება, იწყება ორსულობა. ამას მოყვება განაყოფიერებული კვერცხის გაყოფა (ორ, ოთხ, რვა და ა.შ. უჯრედებად), კვერცხუჯრედის გაყოფასთან ერთად საშვილოსნოს ლულის მოციმციმე ეპითელიუმის მოძრაობის შედეგად იგი გადაინაცვლებს საშვილოსნოს მიმართულებით, რაც განაყოფიერებიდან 7-8 დღეს გრძელდება. საშვილოსნოს ღრუში განაყოფიერებული კვერცხი ჩაინერგება ლორწოვან გარსში და იწყებს სწრაფ ზრდასა და განვითარებას. მის ზედაპირზე წარმოიქმნება ბუსუსები, რომლებიც ჩაინერგება საშვილოსნოს კედლის სისხლ-ძარღვებში; მათი მეშვეობით კვერცხი დედის სისხლიდან იღებს შემდგომი ზრდა-განვითარებისათვის საჭირო ნივთიერებებს. ბუსუსები დროთა განმავლობაში განიცდის უკუგანვითარებას და რჩება მხოლოდ იქ, სადაც კვერცხი ეხება საშვილოსნოს კედელს, ჩაიზრდება კედლის სისქეში და ამგვარად წარმოიქმნება პლაცენტა (მომყოლი). ნაყოფის ნივთიერებათა ცვლის პროცესში გარკვეულ როლს ასრულებს სანაყოფო წყალი, საიდანაც ნაყოფი იღებს მისთვის საჭირო ნივთიერებებს და რომელშიც გამოიყოფა გადამუშავებული პროდუქტები.
ორსულობის დროს ქალის ორგანიზმში ხდება მთელი რიგი ცვლილებები, მათ შორის ყველაზე თვალსაჩინოა საშვილოსნოს მკვეთრი ზრდა. თუ არაორსული საშვილოსნოს წონაა 50-60 გრამი, ორსულობის ბოლოსათვის მისი წონა 1000 გრამს აღწევს, ხოლო მოცულობა 500-ჯერ იზრდება. მატულობს კუნთოვანი ქსოვილის კუმშვადობის ძალა, ჰიპერტროფირებულია საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი, რომელიც ე.წ. მოსავარდნ გარსად გადაიქცევა. არსებითი ცვლილებები ვითარდება სსვილოსნოს სისხლის ძარღვებში, მნიშვნელოვნად იზრდება მათი სიგრძე და სიგანე: 6-ჯერ მატულობს საშვილოსნოსაკენ მოდენილი სისხლის რაოდენობა, წყდება ახალი კვერცხუჯრედების მოწიფება, ვითარდება და მკვრივდება სარძევე ჯირკვლები, რომლებიც გამოყოფს ხსენს, ხოლო მშობიარობის შემდგომ პერიოდში – რძეს, გულის მარცხენა პარკუჭი ჰიპერტროფირებულია, აჩქარებულია ერითროციტების დალექვის რეაქცია (ედრ), დარღვეულია ნივთიერებათა ცვლა, შეცვლილია ქალის ფსიქიკა და სხვა. ორსულობისას ქალი უფრო მგრძნობიარე ხდება სხვადასხვა დაავადებებისადმი. აუცილებელია მთელი რიგი ჰიგიენური წესების დაცვა, ტანსაცმლის შერჩევა, შრომისა და კვების რეჟიმის დაცვა, სპეციალური ფიზ-კულტურული კომპლექსის ჩატარება და სხვა. ორსული ქალი უნდა იმყოფებოდეს მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.“

ქსე: ორსულთა შეღავათები და უფლება-ვალდებულებები

რედაქტირება
(ავტ.: თ. ცაგურია)

საბჭოთა კანონმდებლობა ორსულ ქალებს დამატებით შეღავათებს ანიჭებს. დაუშვებელია ორსული ქალის შრომის გამოყენება ღამის და ზეგანაკვეთურ სამუშაოებზე, დასვენებისა და უქმე დღეებში, აგრეთვე მისი მორიგეობა და მივლინებაში გაგზავნა. თუ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება მავნებელია ორსული ქალის ჯანმრთელობისთვის, იგი საექიმო დასკვნის საფუძველზე უნდა გადაიყვანონ უფრო მსუბუქ სამუშაოზე და შეუნარჩუნონ წინანდელი საშუალო ხელფასი. ქალებს ორსულობის გამო ეძლევათ შვებულება 56 კალენდარული დღის ხანგრძლოვობით. ორსული ქალის სამუშაოდან დათხოვნა საერთოდ აკრძალულია; სამუშაოდან დათხოვნა დაშვებულია მხოლოდ დაწესებულების, საწარმოს, ორგანიზაციის სრული ლიკვიდაციის დროს და მაშინაც მხოლოდ ქალის სავალდებულო შრომითი მოწყობით. ორსული ქალის სამუშაოდ მიღებაზე უარის თქმა ან მისი სამუშაოდან დათხოვნა ორსულობის მოტივით დანაშაულია და ისჯება სისხლის სამართლის წესით. ორსულობა პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ითვლება, თუ დანაშაული ჩადენილია ორსული ქალის მიმართ და, პირიქით, ორსულობა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, თუკი დანაშაულს ქალი ჩაიდენს ორსულობის დროს.

ლიტერატურა

რედაქტირება