ფერჰად-ფაშას ლაშქრობანი საქართველოში
ფერჰად-ფაშას ლაშქრობანი საქართველოში — ოსმალეთის სარდლის ფერჰად-ფაშას ლაშქრობა საქართველოში 1578-1590 წლების ირან-ოსმალეთის ომის დროს. ამ ომში საქართველოს მეფე-გამგებლები ირანის მოკავშირეები იყვნენ. მუსტაფა ლალა-ფაშას ლაშქრობის შედეგად ოსმალეთმა დაიპყრო ამიერკავკასიისა და საქართველოს მრავალი ტერიტორია, მაგრამ ქართველი ხალხი სიმონ I-ის მეთაურობით მტერს მედგარ წინააღმდეგობას უწევდა. 1583 წლის14 ივლისს ოსმალეთის სარდალი ფერჰად-ფაშა საქართველოსკენ გამოემართა. ლაშქრის ერთი ნაწილი მან სამცხე-საათაბაგოში გაგზავნა, ხოლო თვითონ მთავარი ძალებით ლორე და დმანისი დაიპყრო. ფერჰად-ფაშას სიმონ I-ის ძმა დავით XI (დაუთ-ხანი) დახმარებას შეპირდა. სიმონ I თავს დაესხა ოსმალთა ლაშქარს და სცადა დაუთ-ხანის ხელში ჩაგდება, მაგრამ უშედეგოდ. ფერჰად-ფაშა სამცხისაკენ გაემართა. მანუჩარ II პარტიზანულ ბრძოლაზე გადავიდა. ფერჰად-ფაშამ ახალციხეში ციხის გამაგრება სცადა, მაგრამ ვერ შეძლო. ქართველთა გამუდმებული თავდასხმებისაგან ოსმალთა ლაშქარი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და ფერჰად-ფაშა სასწრაფოდ უკან გაბრუნდა. 1587 წლის ზაფხულში იგი კვლავ საქართველოსკენ გამოემართა. ლაშქრის ერთი ნაწილი ისევ ახალციხისკენ გაგზავნა, ხოლო თვითონ დმანისის გზით თბილისისაკენ გაეშურა. მანუჩარ II-მ დახმარებისათვის სიმონ I-ს მიმართა. ფერჰად-ფაშამ სიმონ I-ის ლაშქრის ბორჯომის ხეობაში მომწყვდევა განიზრახა. ამის გამო სიმონ I სამცხიდან ქართლში დაბრუნდა. ოსმალებმა ახალციხე დაიპყრეს. სიმონ I დამპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობდა. 1588 წელს ფერჰად-ფაშასა და სიმონ მეფეს შორის ზავი დაიდო. სიმონ I ვალდებული იყო ოსმალეთისათვის ყოველწლიურად ხარკი ეხადა. ოსმალეთმა სცნო სიმონ I ქართლის მეფედ (ქრისტიანობით). აღიარა მისი მემკვიდრეობითი უფლება და ვალდებულება აიღო არ ჩარეულიყო ქვეყნის საშინაო საქმეებში. ოსმალეთი ქართლში ინარჩუნებდა მთავარ ციხე-ქალაქებს (თბილისი, გორი, ახალციხე და სხვა), ხოლო სიმონ I-ის ხელისუფლება ვრცელდებოდა დანარჩენ ტერიტორიაზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ. 1973;
- სვანიძე მ., საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან XVI—XVII საუკუნეებში, თბ., 1971;
- მისივე, საქართველო-ოსმალეთის კულტურულ-პოლიტიკური ისტორიიდან XVI საუკუნის 80-იან წლებში (დავით XI და მისი „იადაიგარ დაუდი“), კრ.: აღმოსავლური კულტურა, თბ., 1980;
- სვანიძე მ., ჯიქია ს., საქართველო-ოსმალეთიის ურთიერთობის ისტორიიდან, 1588—1590 წწ., «მაცნე», 1966, № 6;
- ტაბატაძე კ., შერეფ-ხან ბითლესელის ცნობები საქართველოს შესახებ, «კავკასიურ-ახლოაღმოსავლური კრებული», 1962, [ტ.] 2;
- სვანიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 275.