დავით XI
დავით XI, დაუთ-ხანი — ქართლის ხანი (ზოგიერთი ქართული წყაროს მიხედვით, ქართლის მეფე) 1569–1578, ლუარსაბ I-ის ძე. სამედიცინო წიგნის, იადიგარ დაუდის ავტორი.
დავით XI | |
---|---|
დაუდ-ხანი | |
ქართლის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1569 |
მმართ. დასასრული: | 1578 |
წინამორბედი: | სიმონ I |
მემკვიდრე: | სიმონ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1541 |
დაბ. ადგილი: | თბილისი |
გარდ. თარიღი: | 1578 (37 წლის) |
გარდ. ადგილი: | თბილისი |
შვილები: |
1. როსტომ-ხანი 2. ბაგრატ VII |
დინასტია: | ბაგრატიონები |
მამა: | ლუარსაბ I |
დავით XI-მ უღალატა ძმას სიმონ I-ს და თავის მომხრე ქვემო ქართლის თავადებთან — ბარათაშვილებთან ერთად 1561 წელს ირანს გაემგზავრა და შაჰ-თამაზ I-ს ეახლა ყაზვინს. იგი გაამაჰმადიანეს, ვასალობის რაყამი უბოძეს, ქართლის ხანად დანიშნეს (1562) და ყიზილბაშთა ჯარით საქართველოში გამოგზავნეს. დავით XI განაგებდა მხოლოდ თბილისსა და ქვემო ქართლს, რომელიც ამ დროს ირანს ეპყრა. დანარჩენი ქართლი სიმონ I-ს ემორჩილებოდა, რომელსაც ფეოდალთა დიდი ნაწილი ერთგულობდა. ქართლში „ორიანობა“ (ორმეფობა) დამყარდა. დავით XI-მ 1569 წელს ფარცხისის ბრძოლაში ყიზილბაშთა დახმარებით სიმონი დაამარცხა და ქართლის ერთადერთი მმართველი გახდა. დატყვევებული სიმონი ირანში გაგზავნეს. მაგრამ თავადთა უმეტესობა საჩინო ბარათაშვილის მეთაურობით კვლავ განაგრძობდა დავით XI-ისა და ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლას. დავით XI წელიწადში 20000 დუკატს უხდიდა ირანს ხარკად. 1578 წელს, როდესაც ოსმალეთის დიდი არმია ლალა მუსტაფა-ფაშას მეთაურობით საქართველოში შემოიჭრა, დავით XI-მ თბილისი გადაწვა და თავი ლორეს შეაფარა. ოსმალებმა ქართლი საფაშოდ გამოაცხადეს და თბილისში ფაში დასვეს. 1578 წელს ირანის მთავრობამ სიმონ I ტყვეობიდან გაათავისუფლა და ქართლში დააბრუნა ოსმალთა წინააღმდეგ საბრძოლველად, დავით XI-მ ციხეები ოსმალთა სარდალს გადასცა, თვითონ კი სტამბოლში წავიდა, სადაც პატივით მიიღეს და სარჩოდ ორი სანჯაყი უბოძეს. დავით XI-ის ვაჟებმა ბაგრატმა და ხოსრომ ჯერ კახეთს შეაფარეს თავი, შემდეგ კი სპარსეთში წავიდნენ. დავით XI-მ ოსმალეთში რამდენიმე წელი დაჰყო და იქვე გარდაიცვალა. ოსმალეთში ყოფნის დროს ორი ოსმალური კარაბადინისაგან ერთი ქართული საექიმო წიგნი (იადიგარ დაუდი) შეადგინა და საქართველოში გამოგზავნა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯამბურია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 336.
წინამორბედი: სიმონ I |
ქართლის მეფეები 1569 – 1578 |
შემდეგი: სიმონ I |