სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რენტა (მრავალმნიშვნელოვანი).

ფეოდალური რენტა — მიწის საკუთრების რეალიზაციის ეკონომიკური ფორმა. ფეოდალიზმის დროს სოფლის მეურნეობაში მიწის რენტა ზედმეტი პროდუქტის მითვისების გაბატონებული ფორმაა. არსებობს ფეოდალური მიწის რენტის სამი ძირითადი ფორმა: შრომამიგებითი, პროდუქტადი (ღალა) და ფულადი, რომელთაგან თითოეული შეესაბამება საზოგადოებრივი წარმოების განვითარების სხვადასხვა საფეხურს.

ფეოდალური რენტის ფორმები ემყარება არაეკონომიკურ იძულებას. ეს უკანასკნელი არის იძულებითი შრომის ისეთი ფორმა, რომლისის საფუძველია მშრომელთა პირადი დამოკიდებულება ექსპლუატატორთა კლასებზე. იგი ასახავს ისეთ ეკონომიკურ ურთიერთობას, რომლის დროსაც ექსპლუატატორის საკუთრებაა არა მხოლოდ წარმოების საშუალებები, არამედ თვით წარმოების მუშაკებიც. სწორედ ესაა ფეოდალების მიერ ყმა გლეხების ზედმეტი პროდუქტის მითვისების პირობა და წანამძღვარი. არაეკონომიკურ იძულებას. იყენებდნენ ღალის აკრეფისას, საბატონო ბეგარის დროს გლეხების გამოსაყვანად, შინაყმების შესავსებად, სამემკვიდრო იურისდიქციის განსახორციელებლად.

შრომამიგებითი რენტა

რედაქტირება

შრომამიგებითი რენტა ასახავს ისეთ ურთიერთობას, როცა უშუალო მწარმოებელი (ფეოდალზე დამოკიდებული გლეხი) კვირის ერთ მონაკვეთში ფაქტობრივად ამუშავებს თავის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთს და იყენებს საკუთარი წარმოების იარაღებს, ხოლო კვირის მეორე მონაკვეთში — ფეოდალის მიწას. ამ შემთხვევაში ყმა გლეხის შრომა განცალკევებულია დროსა და სივრცეში.

პროდუქტადი რენტა

რედაქტირება

პროდუქტად რენტას მიწის მესაკუთრეს (ფეოდალს) უხდიან ნატურით. შრომამიგებით რენტასთან შედარებით ფეოდალური რენტის ეს ფორმა შეესაბამება საწარმოო ძალების განვითარების უფრო მაღალ საფეხურს, თუმცა ფეოდალური რენტის ეს ორი ფორმა ხანგრძლივი დროის განმავლობაში პარალელურად არსებობდა და ახლაც ერთდროულად არსებობს ზოგიერთ განვითარებულ კაპიტალისტურსა და განვითარებად ქვეყანაში. პროდუქტადი რენტა გულისხმობს უფრო მაღალ შრომის ნაყოფიერებას. გლეხს მეტი სამეურნეო დამოუკიდებლობა აქვს და უფრო მეტად არის დაინტერესებული თავისი შრომის შედეგებით, იგი თვითონ განაგებს თავის სამუშაო დროს. თუმცა ამ დროს ნაწილი ზედმეტი პროდუქტის ფორმით ეკუთვნის მიწის მესაკუთრეს, მაგრამ გლეხის შრომა თავისთვის და მიწის მესაკუთრისათვის უკვე არ ცალკევდება დროსა და სივრცეში. ფეოდალური რენტის ამ ფორმის განვითარება იწვევს ცალკეული უშუალო მწარმოებლის სამეურნეო მდგომარეობის უფრო მკვეთრ დიფერენციაციას.

ფულადი რენტა

რედაქტირება

ფეოდალური რენტის უკანასკნელი და უმაღლესი ფორმაა ფულადი რენტა. იგი აღმოცენდა ფეოდალიზმის რღვევის პერიოდში, როცა სასაქონლო წარმოებამ მიიღო უფრო განვითარებული ფორმა. ამრიგად, ფულადი რენტა შეესაბამება საწარმოო ძალების განვითარების უფრო მაღალ საფეხურს. ფულადი რენტის გადასახდელად გლეხი იძულებულია თავისი შრომის პროდუქტი გადააქციოს ფულად. ფეოდალსა და გლეხებს შორის მყარდება ახალი სახელშეკრულებო დამოკიდებულება. მიწის მესაკუთრე გადაიქცევა არენდატორად. თანდათანობით რენტის ფულადი ფორმა გარდაიქმნება კაპიტალისტურ მიწის რენტად, რომელიც გულისხმობს მიწის იჯარით გაცემას და დაქირავებული შრომის გამოყენებას.

რენტა საქართველოში

რედაქტირება

ფეოდალურ საქართველოში (IX–X საუკუნეებში) ქართველი გლეხის ვალდებულება ფეოდალის მიმართ განისაზღვრებოდა ძირითადად ბეგარით, რომელიც გულისხმობდა როგორც ნატურალურ გადასახადს, ასევე შრომის ვალდებულებას. ამ უკანასკნელს ფეოდალი იყენებდა საბატონო მეურნეობაში და სამშენებლო სამუშაოებზე. ამ პერიოდში დაბეგრილი იყო გლეხის ძირითადი სამეურნეო ერთეული, ე. წ. „ფუძე“, გლეხის „ფუძე“ შედგებოდა მიწის ნაკვეთის, ვენახის, ბაღის, ბოსტნის საცხოვრებელი სახლისა და აუცილებელი სათავსისაგან, უძველესი ცნობა გლეხის მიერ ნაკისრი ბეგარის შესახებ დაცულია ე. წ. ფავნელთა სიგელში. ძველ ქართულ სიგელებში აღნიშნულია შემთხვევები, როცა ერთი გლეხი ორ სხვადასხვა ფეოდალს უხდიდა რენტას. გლეხის დამოკიდებულება იმ ფეოდალის მიმართ, რომელსაც იგი ეკუთვნის, აისახება შრომამიგებით რენტაში. ხოლო დამოკიდებულება მასთან ვის მიწასაც ამუშავებს, პროდუქტად რენტაში. ეს მომენტი ასახულია კახა თორელის საბუთში (XIII საუკუნე). მონღოლთა ბატონობამ საქართველოში გამოიწვია გლეხური მეურნეობის მკვეთრი დაქვეითება. ამ პროცესს აძლიერებდა მონღოლური სამხედრო ბეგარა და ქვეყნის საერთო დაქვეითების პირობებში ქართველი ფეოდალების ცდა: შემცირებული შემოსავალი გაეზარდათ გლეხების ექსპლუატაციის გაძლიერებით (მაგ., საზომ-საწონების გადიდება და სხვ.). ფეოდალური რენტის სამართლებრივი რეგულირება ასახულია XVIII საუკუნის სამართლის წიგნში — „დასტურლამალში“. XVIII საუკუნის საქართველოში გავრცელდა ფეოდალის მიწის იჯარით გაცემის ფორმა. მიწის საზიარო გაცემა წერილობით ფორმდებოდა. საბუთში აღნიშნული იყო, თუ ხარჯების რა ნაწილს კისრულობდა მიწის მესაკუთრე და იჯარადარი და როგორ გაიყოფდნენ მიღებულ მოსავალს (მ. თუმანიშვილის მეურნეობა).

საქართველოს მეფის რუსეთთან შეერთების შემდეგ ფეოდალური რენტის ფორმებში არსებითი ცვლილება არ მომხდარა. კვლავ გაბატონებული იყო შრომამიგებითი და პროდუქტადი რენტები, ხოლო ფულად რენტას საბატონო გადასახადებში უმნიშვნელო ადგილი ეკავა. საქართველოში არსებული გლეხთა საბატონო ბეგარა — გადასახადების სისტემა — არაერთი ცდის მიუხედავად, არ შეცვლილა რუსეთში არსებული ბეგარა-გადასახადების სისტემით.

ლიტერატურა

რედაქტირება