ფავნელები
ფავნელები — ქართლის დიდ აზნაურთა საგვარეულო IX–X საუკუნეებში. გვარის სახელწოდება მომდინარეობს სოფელ ფავნისიდან (ახლანდელი კასპის ახალქალაქის ტერიტორია).
ფავნელების მამულები მდებარეობდა თეძმის ხეობაში. საგვარეულო პირველად იხსენიება დღემდე მოღწეულ უძველესი ქართული დოკუმენტში „ნასყიდობის დაწერილი ფავნელისა მღვიმის მონასტრისადმი“ (IX–X სს.), რომელიც შემორჩენილია XIII საუკუნის პირის სახით. ის ჯერჯერობით პირველი ქართული წერილობითი დოკუმენტია დღემდე შემონახულ დოკუმენტებს შორის და პირველი წერილობითი წყაროა საგვარეულოს შესახებ. მისი ცნობით, ფავნელებს მონაწილეობა მიუღიათ ქართველების მიერ ბარდავის დალაშქვრაში. ბრძოლაში ფავნელის ერთი ვაჟი დაღუპულა, მეორე ტყვედ ჩავარდნილა, მესამე სახლში გარდაცვლილა. გარდაცვლილთა სულის დასაურვებლად და ტყვედ ჩავარდნილთა გამოსახსნელად ფავნელს მღვიმის მონასტრისათვის მიუყიდია 4 სოფელი თეძმის ხეობაში: ცხევერეთი, კოტმანი, გავაზელნი და გველდესი. ამის შემდეგ ფავნელთა საგვარეულო იშვიათად ჩანს წყაროებში. XIII საუკუნის მეორე ნახევარში იხსენიება დავით VI ნარინის თანამეცხედრის თამარ ამანელისძის ასულის მწირველი — ილარიონ ფავნელი. XIV–XV საუკუნეების რამდენიმე დოკუმენტი ცნობებს გვაწვდის ფავნელთა დანათესავებაზე თმოგველებთან. ფავნელთაგან ნაწილის სოფლების XIII საუკუნეში ჯერ კიდევ მღვიმეს ეკუთვნოდა, შემდეგ სამეფო-სახასო გახდა, მერე კი სხვა საგვარეულოთა ხელში გადავიდა. ფავნელების საფეოდალოს ჯერ თორელ-ჯავახიშვილები, შემდეგ კი — სააკაძე-თარხნიშვილები დაეპატრონენ.
მეცნიერთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ფავნელებს უკავშირდება ტბელებისა და სურამელების საგვარეულოები. ზოგიერთი მოსაზრებით, ფავნელთა შთამომავლებად ჩანან ასევე XVII-XVIII საუკუნეებში მოხსენიებული ფავნელიშვილები (var: ფავლენიშვილები), რომელთა ერთი შტო აზნაურთა, ხოლო მეორე — თავადთა წოდებას შეადგენდა. ისინი ფლობდნენ მამულებს როგორც თეძმის, ასევე ლიახვის ხეობაში (ერედვი, ნიქოზი). ვახუშტი ბატონიშვილისა და XVIII საუკუნის ზოგიერთი დოკუმენტის ცნობებმა საფუძველი დაუდო ტრადიციას ფავნელიშვილთა მხარგრძელთა გვარიდან წარმომავლობაზე და მათი სანაინიდან ფავნისში, ხოლო ფავნისიდან ერედვში გადმოსახლების შესახებ (ეს მცდარი ტრადიცია დამოწმებულია ვახუშტი ბატონიშვილთან და XVIII საუკუნის ზოგიერთ დოკუმენტში).
წყარო
რედაქტირება- ანტონ I-ის წიგნი ფავლენისშვილებისადმი, წგნ.: ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970;
- ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგნ.: ქართლის ცხოვრება. ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973;
- სიგელი გიორგი მეფისა მღვიმისადმი, წგნ.: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, ტ. 1, თბ., 1984; დაწერილი გრიგოლ სურამელისა მღვიმისადმი, იქვე;
- დაწერილი ფავლენისა მღვიმისადმი, იქვე
ლიტერატურა
რედაქტირება- შოშიაშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 207-208.