ლესია უკრაინკა
ლარისა პეტრივნა კოსაჩ-კვიტკა (უკრ. Лариса Петрівна Косач-Квітка, დ. 25 თებერვალი [ძვ. სტ. 13 თებერვალი ], 1871, ნოვოგრად-ვოლინსკი, ახლანდელი ჟიტომირის ოლქი ― გ. 1 აგვისტო [ძვ. სტ. 19 ივლისი] , 1913, სურამი, საქართველო, დაკრძალულია კიევში) უკეთ ცნობილი ლიტერატურული ფსევდონიმით ლესია უკრაინკა (უკრ. Леся Українка) — ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უკრაინელი პოეტი და წამყვანი მწერალი ქალი უკრაინულ ლიტერატურაში.
ლესია უკრაინკა | |
---|---|
უკრ. Лариса Петрівна Косач-Квітка | |
დაბადების თარიღი | 13 (25) თებერვალი, 1871[1] |
დაბადების ადგილი | ნოვოგრად-ვოლინსკი, ვოლინის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 1 აგვისტო, 1913[1] [2] [3] [4] (42 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | სურამი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია[5] |
დასაფლავებულია | ბაიკოვეს სასაფლაო |
ფსევდონიმი | Леся Українка |
საქმიანობა | პოეტი, მთარგმნელი, მწერალი და დრამატურგი |
ენა | უკრაინული ენა, რუსული ენა და ფრანგული ენა |
მოქალაქეობა | უკრაინა |
ჟანრი | დრამატული პოემა |
Magnum opus | ტყის სიმღერა |
მეუღლე | კლიმენტ კვიტკა |
ხელმოწერა | |
ბიოგრაფია
რედაქტირებალესია უკრაინკა (ლარისა კოსაჩი) დაიბადა 1871 წლის 25 თებერვალს ქალაქ ნოვოგრად-ვოლონსკში. მამამისი პეტრე კოსაჩი საზოგადო მოღვაწე იყო, ხოლო დედა - ოლღა კოსაჩი კი ცნობილი მწერალი - ოლენა პჩილკა იყო. კოსაჩების ოჯახს ახლო ურთიერთობა ჰქონდა იმ დროს პროგრესულ საზოგადო მოღვაწეებთან, ადვილი წარმოსადგენია, თუ რა გარემოში იზრდებოდა ლესია უკრაინკა. ათი წლისა იყო გოგონა, როცა განუკურნებელი სენი - ძვლის ჭლექი აღმოაჩნდა. მოგვიანებით ავადმყოფობა ფილტვებსა და თირკმელზე გადაუვიდა. მან რამდენიმე მძიმე ოპერაციაც გადაიტანა და ხშირად ლოგინადაც იყო ჩავარდნილი, თუმცა განსაცდელს თავდაუზოგავად ებრძოდა პოეზიით. ბავშვობა მომავალმა მწერალმა ნოვოგრად-ვოლინსკში, ლუცკსა და სოფელ კოლოდიაჟნეოში გაატარა.
ლესიამ მშობლების დახმარებით ოჯახში საფუძვლიანი განათლება მიიღო, მამა ძალიან განათლებული იყო და შვილებს ხშირად უკითხავდა კლასიკოსებს, გამორჩეულად ჰყვარებია სალტიკოვ შჩედრინი, ხოლო დედამ ბავშვებს კითხვა მისთვის უსაყვარლესი მწერლის, ტარას შევჩენკოს „კობზარით“ დააწყებინა. ლესიას საოცარი ნიჭი აღმოაჩნდა, იოლად შეისწავლა ფრანგული, გერმანილი, ინგლისური, იტალიური, ბერძნული, ლათინური, პოლონური, ბულგარული, რუსული და სხვა ენები. ლექსების წერა 9 წლისამ დაიწყო. მისი პირველი ლექსია „იმედი“. 14 წლისამ თავის ძმა მიხაილოსთან ერთად თარგმნა გოგოლის „საღამოები დიკანკის მახლობელ ხუტორში“. 1885 წელს ოლენა პჩილკა ძმისადმი მიწერილ ბარათში ასე ახასიათებდა ლესიას: „მშვენიერი გოგონაა. უსასრულობამდე კეთილი და გულღია, ძალზე ნიჭიერი მეცნიერებასა და ხელოვნებაში. იგი მშვენივრად და არა, როგორც მოყვარული, უკრავს ფორტეპიანოზე, განსაკუთრებით უკრაინულ ნაწარმოებებს, სხვებსაც უკრავს, თანაც მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა მუსიკას (მას დაკვრას ასწავლიდა ცნობილი კომპოზიტორის ლესენკოს მეუღლე). ლესია ცუდ ლექსებს როდი წერს, არცთუ ცუდად ფლობს ლექსს, შეიძლება ოდესმე ნამდვილი პოეტი დადგეს“. დედის ნათქვამი წინასწარმეტყველური გამოდგა. ლესია უკრაინკას მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მისმა ბიძამ მიხაილ დრაგომანოვმა, ხოლო ახალგაზრდობაში ხშირად სტუმრობდა კომპოზიტორ ლესენკოს ბინას. 1893 წელს ივან ფრანკოს ხელშეწყობით ლვოვში გამოიცა პოეტის პირველი კრებული „სიმღერების ფრთებზე“ 1893–1897 წლებში ლესია კიევში გაემგზავრა, 1894 წელს ბულგარეთში გაემგზავრა ბიძასთან და ერთი წელი იქ გაატარა. 90-იან წლებშივე მან ბერლინში გაიკეთა ოპერაცია პროფესსორ ბერგმანთან. იტალიის ქალაქ სან-რემოში დასვენებამ ვერ გამოაკეთა. და აი, იგი თავის მომავალ მეუღლესთან ერთად მოემგზავრება საქართველოში, რომელსაც პირველად 1903 წელს ესტუმრა. შემოდგომა-ზამთარი თბილისში გაატარა. აქ ჩამოვიდა მეორე წელსაც და 1907 წლის ზამთარში დაწერა დრამა „შემოდგომის ზღაპარი“.
1905 წელს, თბილისში ცხოვრების დროს ლესია მოწმე გახდა რევოლუციური გამოსვლებისა, დედისადმი გაგზავნილ წერილებში იგი ამ მოვლენას ხშირად ეხებოდა. 1908 წლის ზამთარი პოეტმა თელავში გაატარა. შემდეგი წლების განმავლობაში იგი რამდენიმე ზამთარს იმყოფებოდა ეგვიპტეში, ხოლო დანარჩენ დროს ცხოვრობდა საქართველოში. მიუხედავად მძიმე სენისა და სარეცელს მიჯაჭვისა, ლესიამ ხანმოკლე სიცოცხლეში გამოსცა ნაწარმოებთა სამი წიგნი, ასევე, ჰაინეს თხზულებების უკრაინული თარგმანი. ჯერ კიდევ ყმაწვილმა ქალმა თავისი უმცროსი დისთვის დაწერა სახელმძღვანელო - „აღმოსავლეთის ძველი ხალხების ისტორია“, რომელშიც ვრცლად გააშუქა კავკასიისა და საქართველოს ისტორია. მის წერილებში ხშირად ვხვდებით იაზონის, პრომეთეს სახელებს. ლესია უკრაინკას ბიძა მ. დრაგამონოვს ახლოს იცნობდა ნიკო ნიკოლაძე, ცნობილი ქართველი მოღვაწე. დრაგამონოვის მეუღლის წერილი „ხალხური კილოკავები და ადგილობრივი ელემენტები სწავლებაში“ ნიკოს მეშვეობით გაზეთმა „ობზორმა“ თბილისში გამოსცა, დრაგომანოვებთან ახლოს იყო ოლღა გურამიშვილი, მომავალში ილია ჭავჭავაძის მეუღლე, ნიკოს ქალიშვილის, პროფესორ რუსუდან ნიკოლაძის გადმოცემით, დრაგომანოვები დიდი სიმპატიით ყოფილან გამსჭვალული საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი. რა თქმა უნდა ეს განწყობა უცხო არ იქნებოდა დრაგომანოვის დის ოლენა პჩილკასა და მისი ასულისთვის. 1895 წელს კიევის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად ჩავიდა ნესტორ ღამბარაშვილი, ვინაც კოსაჩებთან იქირავა ოთახი, მალე დაუახლოვდა მათ, განსაკუთრებით კი ლესიას, სწორედ მან შეასწავლა პოეტს ქართული ანბანი, გააცნო „ვეფხისტყაოსანი“, სწორედ ღამბარაშვილი იგონებს ლესიას სიტყვებს - „რა საინტერესო, რა საუცხოო მხარეა საქართველო, რა სიმამაცე და გმირობა უნდა ჰქონოდა ერთ მუჭა ხალხს, რომ გადარჩენოდა ამდენ საშინელ ქარტეხილსა და უბედურებას, მე რომ უკრაინელი არ ვიყო, ვისურვებდი ქართველი ვყოფილიყავი“. ნესტორისაგან გაიცნო ლესიამ ვასო წერეთელი, მიხა ჩხენკელი, შიო ჩიტაძე და სხვანი. 1903 წლის შემოდგომით კი ლესია, როგორც ვთქვით საქართველოში მოემგზავრება, ოდესაში დახვდება კლიმენტი კვიტკა და ორივე სოჭისკენ მიემგზავრებიან, აქედან ბათუმისაკენ მერე კი თბილისისაკენ.
ლესია და მისი მეუღლე კვიტკა დაუახლოვდნენ ზაქარია ფალიაშვილს, ცნობილია, რომ კვიტკამ და ზაქარიამ ერთად იმოგზაურეს სვანეთში, ხოლო 1904 წელს თბილისში დაუდგამს „ბორის გოდუნოვი“, რომელშიც როიალის პარტიას კვიტკა ასრულებდა, ამ საქმეში ერთად იყვნენ ქართველი კომპოზიტორი და პოეტის მეუღლე. თავისი ცხოვრების უკანასკნელი წლები ლესიამ მეუღლესთან ერთად გაატარა თელავსა, ხონსა, ქუთაისსა და სურამში. თელავში უცხოვრიათ ჯერ სუსანა იარლოვას სახლში, შემდეგ ნიკო ამუნაშვილის ბინაში, ქუთაისში 1911 წელს ცხოვრობდა კაზაკოვის, ჯაიანის ქუჩებზე, ჯაიანის ქუჩაზევე გადავიდა ქიქოძის სახლში, სადაც დაწერა პოემა „ქვის ბატონი“. აქედან იგი მძიმე ავადმყოფი წაიყვანეს სურამში. ქუთაისში ყოფნისას მის მეგობართა შორისაა ცნობილი ლიტერატორი და მოღვაწე სილოვან ხუნდაძე, რომლის მეუღლეც ქართულ ენას ასწავლიდა. 1913 წლის 9 ივლისს სურამში ჩასული ლესია ახლობლებთან ერთად აპავების სახლში დაბინავდა ზინდისის გორაკზე აგებულ პატარა სახლში, პოეტს უვლიდნენ დედა-ოლენა პჩილკა, დები - ოლგა და დორა, ექიმ პაშიკოს ავადმყოფის მოვლაში ეხმარებოდა იქაური მცხოვრები სოფიო ცუცქირიძე. პოეტი 1913 წლის 19 ივლისს (1-ლ აგვისტოს) გარდაიცვალა. მისი ნეშტი წასვენებული იქნა სამშობლოში და დაიკრძალა კიევში, ბაიკოვის სასაფლაოზე. 1911 წელს ქუთაისში დაწერილი პოეტური დრამა-ფეერია „ტყის სიმღერა“ ადამიანური ყოფის აპოლოგიაა და ამკვიდრებს სოციალური დრამის ნოვატორულ პრინციპებს. უკრაინკას თხზულებანი თარგმნილია მრავალ ენაზე, მ. შ. ქართულადაც.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Women's Voices in Ukrainian Literature: Lesya Ukrainka
- Lesya Ukrainka Statue in High Park, Toronto, Canada დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
- The Ukrainian poetess-L.Ukrainka (Ural marble 0,34x0,40x1,41) is Author, known Ukrainian sculptor Shmat'ko
- The site: "Let the World know about our Lesya" the result of the students schools #3 of Sevastopol in the project "Lesya-140".
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Find a Grave — 1996.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
- ↑ https://dlibra.kul.pl/dlibra/publication/66784/edition/62738/content — გვ. 1.