უილსონის სომხეთი
უილსონის სომხეთი (ინგლ. Wilsonian Armenia) ― სევრის ხელშეკრულების გაფორმებისას სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით აშშ-ს პრეზიდენტ ვუდრო უილსონისეული ხედვა[1]. პრეზიდენტის დეპარტამენტმა შეადგინა სომხეთის რუკა, რომლის მიხედვითაც მას უნდა გადასცემოდა ნახიჩევანი, ყარაბაღი და ე.წ. დასავლეთ სომხეთი. ეს საკითხი 1920 წლის აგვისტოში წამოიჭრა, როდესაც გამარჯვებული მხარე დამარცხებული ოსმალეთის იმპერიის მიწებს ინაწილებდა. უილსონის მიხედვით, სომხეთს უნდა გადასცემოდა ოსმალეთის ის ექვსი ვილაიეთი, სადაც სომხების გენოციდამდე ეთნიკური სომხები სახლობდნენ. უილსონისეული გეგმა სომხებს ვრცელ მიწებს აძლევდა და მისსავე დაქვემდებარებაში აქცევდა ქალაქ ტრაპიზონსა და მიმდებარე ზოლს, რითაც სომხეთი იღებდა შავ ზღვაზე გასასვლელს. 1919 წლის პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ელეფთერიოს ვენიზელოსმა ამ ადგილას პონტოს ბერძნული სახელმწიფოს შექმნა ითხოვა, თუმცა არასახარბიელო პოზიციის გამო იგი მალევე გახდებოდა კვლავ ოსმალეთის ნაწილი, ამიტომაც მისი სომხეთისთვის მიცემა არჩიეს.
მიუხედავად გეგმებისა, თურქეთის დამოუკიდებლობისათვის დაწყებულმა ომმა ათათურქის მეთაურობით გამოიწვია ის, რომ სევრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღვრები არასოდეს გავლებულა. 1920 წლის 2 ნოემბერს ხელი მოეწერა ალექსანდროპოლის ხელშეკრულებას, რომელმაც უარყო სევრის ხელშეკრულების მთლიანობა. მალევე მოხდა საბჭოთა კავშირის მიერ სომხეთის იძულებითი გასაბჭოება, რის გამოც სადავო ტერიტორიები კვლავ თურქეთს დარჩა.
მოლაპარაკებები
რედაქტირებაჯერ კიდევ ლონდონის კონფერენციაზე, დევიდ ლიოიდ ჯორჯმა შესთავაზა აშშ-ს პრეზიდენტ ვუდრო უილსონს, რომ ანატოლია თავის მანდატში აეყვანა, რათა დაეცვა იქ მცხოვრები სომხები, რომლებიც წინა წლებში დიდ ზეწოლას განიცდიდნენ. უილსონმა კინგ-კრეინის კომისია გააგზავნა რეგიონში, რათა გაერკვიათ სომხური ეროვნული მოძრაობის მოთხოვნები და დაედგინათ, შეესაბამებოდა თუ არა ეს უილსონის გეგმებს.
კინგ-კრეინის კომისიამ განაცხადა, რომ თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრებმა სომხურმა მოსახლეობამ ტრავმული გამოცდილება მიიღო გენოციდისა და ეროვნული წმენდების სახით, რის შემდეგაც მათ აღარ შეეძლოთ ოსმალეთის იმპერიისა და მისი მთავრობის ნდობა[2]. ამის შემდეგ უილსონმა განაცხადა, რომ კავკასიის კამპანიის შემდეგ სომხეთის მიერ რთულად მოპოვებული დამოუკიდებლობა საერთაშორისო დონეზე უნდა ყოფილიყო აღიარებული და იგი მოკავშირეებს დაეზღვიათ.
პრობლემური საკითხები
რედაქტირებასომხეთის ეროვნულმა ფედერაციამ (ARF) განაცხადა, რომ ეს რეგიონი არ იყო ოსმალეთის იმპერიის ნაწილი. თითქმის სამი წელი, 1915-1918, სომხეთი დე ფაქტოდ აკონტროლებდა ვანისა და მიმდებარე პროვინციებს. ARF-ის განცხადებით, ამ რეგიონის, ანუ დასავლეთ სომხეთის ანექსია სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან, სრულიად ბუნებრივი იყო.
ამ პერიოდში განვითარებული კიდევ ერთი დავა ის იყო, რომ იმ რეგიონში სომხები სულ უფრო და უფრო მეტად მცირდებოდნენ და მათ თურქები ანაცვლებდნენ. ეს განპირობებული იყო სომხების გენოციდითაც და თავად სომხების მასობრივი გადასახლებით ახლადშექმნილ სომხურ სახელმწიფოში. 1917 წელს დაახლოებით 150,000 სომეხი გადასახლდა ერზრუმის, ვანის, ბითლისისა და მუშის პროვინციებში[3]. სომხებმა იქ აქტიურად დაიწყეს სახლების შენება და ხელი მიჰყვეს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას. 1917 წელს პროვინციის გუბერნატორმა არამ მანუკიანმა განაცხადა, რომ რეგიონს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი მაინც უნდა მიეღო. ამის შემდეგ ოსმალეთის საზღვარზე განლაგდნენ სომეხი ჯარისკაცები, რომელთაც რეგიონის თურქებისაგან დაცვა დაევალათ.
შემდეგ
რედაქტირებაკინგ-კრეინის ვიზიტის შემდეგ მოვლენები სწრაფად განვითარდა. პრეზიდენტმა უილსონმა 1920 წლის 24 მაისს ოფიციალურად მოითხოვა სომხეთისთვის მანდატის დაწესება. აშშ-ს სენატმა მოთხოვნა 1 ივნისს უარყო, 52 ხმით 23-ის წინააღმდეგ. ამას იმავე წლის სექტემბერში თურქეთ-სომხეთის ომის დაწყება მოჰყვა. 1920 წლის ნოემბერში სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა იძულებით გაასაბჭოეს, რამაც სომხები აიძულა ხელი მოეწერათ ალექსანდროპოლის ხელშეკრულებაზე, რითაც უარს ამბობდნენ სევრის ხელშეკრულებითა და უილსონისეული თვალსაზრისით მიღებულ ვრცელ ტერიტორიებზე და მას თურქეთს უთმობდნენ. ამრიგად დაესვა წერტილი ოფიციალურად სომხების პრეტენზიას დასავლეთ სომხეთზე.
1922 წლის დამლევს გაფორმდა ლოზანის ხელშეკრულება, როგორც სევრის შემცვლელი, რომლიდანაც საბოლოოდ მოხსნეს სომხების პრეტენზიის საკითხი დასავლეთ სომხეთზე. მეორე მსოფლიო ომის დროს სსრკ-მ სცადა ხელშეკრულების გაუქმება და თურქეთისთვის გადაცემული მიწების დაბრუნება[4], თუმცა ამაოდ. 1953 წელს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, სომხეთმა უკვე საბოლოოდ თქვა უარი თურქეთთან არსებულ ტერიტორიულ პრეტენზიებზე[5].
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Hovannisian, Richard G. (1996). The Republic of Armenia, Vol. IV: Between Crescent and Sickle, Partition and Sovietization. Berkeley, California: University of California Press. pp. 40–44. ISBN 0-520-08804-2.
- ↑ "The King-Crane Commission Report, August 28, 1919"
- ↑ Hovannisian Richard G. The Armenian People from Ancient to Modern Times: Vol. II: Foreign Domination to Statehood: The Fifteenth Century to the Twentieth Century. New York: St Martin's Press, and London: Macmillan, 1997
- ↑ Richard G. Hovannisian The Armenian People from Ancient to Modern Times: Foreign dominion to statehood: the fifteenth century to the twentieth century. Palgrave Macmillan, 2004. P. 417
- ↑ Ro'i, Yaacov (1974). From Encroachment to Involvement: A Documentary Study of Soviet Policy in the Middle East, 1945-1973. Transaction Publisher. pp. 106–107.