სომხური ნაციონალიზმი
სომხური ნაციონალიზმი (სომხ. Հայկական ազգայնականություն) — თანამედროვე პერიოდში არსებული, მიქაელ ჩამჩიანის მიერ შექმნილი რომანტიკული ნაციონალიზმი, რომლის მიზანიცაა ერთიანი, თავისუფალი და დამოუკიდებელი სომხური სახელმწიფოს შექმნა. სომეხთა ეროვნული გამოღვიძება 1880-იანი წლებიდან დაიწყო, ოსმალეთის იმპერიის მმართველობის პირობებში. სულ მალე, იგი მოედო რუსეთის იმპერიაში შემავალ სომხეთსაც. მალევე სომხურ ნაციონალიზმს დიდ დამცველად მოევლინა სომხური სამოციქულო ეკლესია. 1991 წლიდან, თანამედროვე სომხეთის რესპუბლიკის შექმნის შემდეგ, იქმნება ახლებური სომხური ნაციონალიზმი, გაცილებით უფრო ლიბერალური და კომპლექსური. აღსანიშნავია, რომ არსებობს „დიასპორის ნაციონალიზმსაც“, რომელიც გავრცელებულია სომხეთის საზღვრებს მიღმა მცხოვრებ სომხურ დიასპორებში, რათა თავიდან აირიდონ ადგილობრივ მოსახლეობასთან ასიმილაცია.
ეროვნული გამოღვიძება
რედაქტირებაოსმალეთის იმპერიაში მცხოვრები არამუსლიმი მოსახლეობის მდგომარეობა არსებითად შეიცვალა ტანზიმატის ეპოქაში განხორციელებული რეფორმების შემდეგ. დიდი სახელმწიფოების მხრიდან განხორციელებული დიპლომატიური ზეწოლის შედეგად, რომლებიც მხარს უჭერდნენ ოსმალეთის იმპერიას რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ომში, 1856 წელს გატარდა რეფორმები, რომელთა მიხედვითაც არამუსლიმ მოსახლეობასაც იგივე უფლებები ეძლეოდათ, როგორიც მუსლიმებს. გაუქმდა მანამდე არსებული კაპიტაციური გადასახადი არამუსლიმებისათვის, ასევე მიეცათ უფლება, რომ გამხდარიყვნენ ჯარისკაცები და არამუსლიმი თემებისათვის გაიხსნა შესაბამისი სკოლები.
შესაბამისად, იმ ახალ და ლიბერალურ ოსმალეთის იმპერიაში არაერთი სომხური სკოლა გაიხსნა. მალევე სომხებმა ასევე შექმნეს მრავალი სოციალურ-კულტურული ასოციაცია. 1880 წელს ყველა სომხური ასოცია გაერთიანდა, როგორც „სომხური სკოლების გენერალური კავშირი“[1].
1877-1878 წლებში მიმდინარე რუსეთ-ოსმალეთის ომში ოსმალების დამარცხების შემდეგ, სომხურმა ეროვნულმა ასაბმლეამ და კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ნერსე II-მ ბერლინის კონგრესზე კათალიკოსი მკრტიჩ I გააგზავნეს, რათა იქ არსებულ დებატებში სომხური საკითხებიც ჩამოეჭრა. თავის ცნობილ გამოსვლაში „ქაღალდის ჭურჭელი“ მკრტიჩ I-მა ურჩია სომხებს, რომ ბულგარელების მსგავსად დაეწყოთ ეროვნული გამოღვიძება[2].
ბერლინის კონგრესის დადგენილების 61-ე მუხლში საუბარია „ავტონომიური სომხეთის“ შექმნის შესაძლებლობაზე, რომელიც „სომხეთის საკითხს“ ოსმალეთის იმპერიის შიდა პრობლემიდან საერთაშორისო პრობლემად გადააქცევდა. არსებული ხელშეკრულებით ოსმალეთის იმპერიამ აიღო ვალდებულება, რომ დაეცვა მასში მცხოვრები სომხები მოსალოდნელი ჩაგვრისა და ძალადობისაგან. თუმცა, ხელშეკრულების პირობები არ მოიცავდა რაიმე ბერკეტს, რომელიც აიძულებდა თურქებს პირობის შესრულებას[3]. კონგრესის შემდეგ ოსმალეთისა და რუსეთის იმპერიებმაც ყველანაირად დაიწყეს სომხური ნაციონალური იდენტობის გამოხატვის შევიწროვება და დევნა, რათა თავიდან აეცილებინათ სომხებისათვის ავტონომიის მიცემა.
ანტიკური ისტორიის როლი
რედაქტირებაიქიდან გამომდინარე, რომ ისტორიული სომხეთის ტერიტორიების თავდაპირველი მკვიდრი მოსახლეობა სომხები იყვნენ, თურქებს არ შეეძლოთ განეცხადებინათ, რომ ისინი სომხებზე ადრე ცხოვრობდნენ იქ და მიწა მათ ეკუთვნოდათ, რამეთუ თურქები ანატოლიაში მხოლოდ XI საუკუნეში გამოჩნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სომხები იმ რეგიონში თურქებზე 1500 წლით ადრე დასახლდნენ, ეთნიკური ნაციონალიზმის ლოგიკურ ფარგლებში გაჩნდა ალბათობა იმისა, რომ თურქებისა და სომხების პრეტენზიები იმ მიწებზე „მორალურად თანაბარი“ იყო. სომხებში ეროვნული თვითშეგნების აღორძინებას განსაკუთრებით მათი დიდი და ანტიკური ისტორია იწვევდა. ურარტუს სამეფოსთან და სომხეთის სამეფოს წარმატებებთან თვითიდენტიფიკაცია გახდა სომეხთათვის იმჟამინდელი „უძლურებისა“ და “თანამედროვე უბედურების კომპენსაცია“. მალევე არარატის მთა კი მათ ეროვნულ და ეთნიკური სიძლიერის სიმბოლოდ იქცა. ეს დამოკიდებულება განსაკუთრებით აღინიშნებოდა დიასპორის მეორე თაობაში[4].
მიუხედავად იმისა, რომ სომეხთა შეხედულება სომხებისა და ურარტუელების გაიგივებასთან დაკავშირებით არასწორია, არსებობს შეხედულება, რომ ურარტუში არსებობდა არაერთი პროტოსომხური კომპონენტი, რაც ძველ სომხებს ურარტუელთა სამართლიან მემკვიდრეებად აქცევს[5].
რუსეთის სომხეთი
რედაქტირებასომხეთის რუსეთის იმპერიაში შესვლის შემდეგ, რუსები აქტიურად ცდილობდნენ ვაღარშაპატის უფლებამოსილებისა და პრივილეგიების შემცირებას. ცდილობდნენ გავლენა მოეხდინათ სომეხთა კათალიკოსის არჩევნებზე, ასევე სომხური ისტორიისა და კულტურის შესწავლა საერთოდ გააუქმეს სკოლებში. მალევე თურქებმა რუსებს მიბაძეს და სომხურ სკოლებში აკრძალეს სომხეთის ისტორიის სწავლება. მიუხედავად ამისა, სომეხი მასწავლებლები ჩუმად, მაგრამ მაინც განაგრძობდნენ ბავშვებისათვის ეროვნული ისტორიის სწავლებას. ორივე იმპერიაში სომხეთის ისტორიის ამსახველი სურათების გაყიდვა და საჯაროდ გამოჩენაც კი აკრძალული იყო. რუსეთში დაიწყო სომხური გაზეთების დახურვა, ხოლო რაც არ დახურეს, მკაცრი ცენზორი დაენიშნა. 1890-იან წლებში დაიწყო სომხური სკოლების დახურვა. 1893 წელს კი გაუქმდა „სომხური სკოლების გენერალური კავშირი“. ჰამიდური ხოცვა-ჟლეტისას თურქებმა სპეციალურად განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს სომეხი მასწავლებლების დახოცვას.
სომხების გენოციდი
რედაქტირებასომხების მდგომარეობა გაცილებით უფრო დამძიმდა და გაუარესდა ოსმალეთის იმპერიაში, პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ. 1915 წელს თურქებმა სომხების მასობრივი გენოციდი მოაწყეს, რომელსაც შეეწირა 1,500,000-მდე სომეხი[6]. მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ შექმნილი ხანმოკლე სომხური რესპუბლიკის დაცემის შედეგ, გაფანტულმა სომხურმა დიასპორამ სომხეთის სსრ-ში დაიწყო თავის მოყრა.
თანამედროვე პერიოდი და ანტითურქიზმი
რედაქტირებასაბჭოთა პერიოდში სომხეთის რევოლუციურმა ფედერაციამ მხარი დაუჭირა სომხეთის ისტორიულ საზღვრებში აღდგენას, რომელიც მოიცავდა სომხეთისათვის ყარაბაღის, ნახიჩევანისა (აზერბაიჯანი) და დასავლეთ სომხეთის (აღმოსავლეთ თურქეთი) მიერთებას. XX საუკუნეში გააქტიურებულმა სომხურმა ნაციონალიზმმა ხაზი გაუსვა „სომხების უძველეს წარმოშობას“. საბჭოთა კავშირში არსებული სხვა ნაციონალიზმების, როგორებიცაა ქართული, უკრაინული და ესტონური, სომხური იმით განსხვავდებოდა, რომ იგი არ იყო მიმართული რუსების წინააღმდეგ. იგი უფრო ფოკუსირებული იყო „ტრადიციულ მტრებზე“, ანუ თურქებსა და აზერბაიჯანელებზე. საფაროვის თქმით, სწორედ ანტითურქიზმი იყო სომხური ნაციონალიზმის მამოძრავებელი ძალა.[7]
სომხური ნაციონალიზმი განსაკუთრებულ წინააღმდეგობაშია თურქულთან. ბრანენის თანახმად, აშშ-სა და კანადის სომხური დიასპორული თემებისათვის, სწორედ 1915 წელს განხორციელებული სომხების გენოციდი გახდა სომხური იდენტობის ფორმირებისათვის ყველაზე დიდი ბიძგი[8]. სომხურ დიასპორულ ნაციონალიზმს ასევე ახასიათებს ძლიერი ნოსტალგიური კომპონენტი, დაკარგული დროისა და ტერიტორიების გამო. ყველაზე მტკივნეული კი მათთვის არარატის მთაა, რომელიც მართალია ჩანს ერევნიდან, თუმცა თურქეთის ტერიტორიაზეა[9].
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Eduard L. Danielian, "The Historical Background to the Armenian State Political Doctrine," 279-286 in Nicholas Wade, Armenian Perspectives (Surrey, UK, 1997)
- Ronald Grigor Suny, Looking toward Ararat: Armenia in modern history, Indiana University Press, 1993, ISBN 978-0-253-20773-9.
- Astourian S.H., 'In search of their forefathers: National identity and the historiography and politics of Armenian and Azerbaijani ethnogeneses' in : Schwartz D.V., Panossian R. (eds.), Nationalism and history: the politics of nation building in post-Soviet Armenia, Azerbaijan and Georgia, University of Toronto Centre for Russian and East European Studies (1994), pp- 41-94.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ H. Inalcik & G. Renda (eds), "Ottoman Civilisation", 2nd edition, 2004, Ankara, p392-395.
- ↑ Haig Ajemian, Hayotz Hayrig, page 511–3 [translated by Fr. Vazken Movsesian].
- ↑ V. G. Krbekyan, "The Armenian Cause at the Berlin Congress", English summary in "Armeniaca 2002".
- ↑ Anne Elizabeth Redgate, The Armenians, Cambridge University Press, 1995, ISBN 978-0-521-48065-9, p. 276.
- ↑ Philip L. Kohl and Gocha R. Tsetskhladze, 'Nationalism, politics, and the practice of archaeology in the Caucasus' in: Philip L. Kohl, Clare P. Fawcett (eds.), Nationalism, politics, and the practice of archaeology, Cambridge University Press, 1995, ISBN 978-0-521-48065-9, p. 157 f.
- ↑ Bijak, Jakub; Lubman, Sarah (2016). "The Disputed Numbers: In Search of the Demographic Basis for Studies of Armenian Population Losses, 1915–1923". The Armenian Genocide Legacy. Palgrave Macmillan UK. pp. 26–43. ISBN 978-1-137-56163-3.
- ↑ Ghulyan, Husik (2020-12-01). "Conceiving homogenous state-space for the nation: the nationalist discourse on autochthony and the politics of place-naming in Armenia". Central Asian Survey: 1–25. doi:10.1080/02634937.2020.1843405. ISSN 0263-4937.
- ↑ Brannen, Sam. Diasporic Armenian Nationalist Invocations of Metaphorical Space, Frozen Time, and the 1915 Genocide. Paper presented at the annual meeting of the International Studies Association, Le Centre Sheraton Hotel, Montreal, Quebec, Canada, Mar 17, 2004.
- ↑ Lydolph, Paul E. (1979). Geography of the U.S.S.R., Topical Analysis. Misty Valley Publishing. p. 46. ...about 65 kilometers south of Yerevan where Mount Ararat reaches an elevation of 5156 meters.