ტბიყელი

ტბა საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში

ტბიყელი, ზღვისნაწყვეტი — მყინვარულ-ეგზარაციული ან ზვავ-მეწყრული წარმოშობის მაღალმთიანი პატარა ტბა საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მესხეთის ქედის დასავლეთი ნაწილში, მდინარე კინტრიშის აუზში, ნაბაძირის მთაზე, ზღვის დონიდან 2218 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,01 კმ². დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია 130 მ-ზე, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 100 მ-ზე. აქვს ოვალური ფორმა. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით.[1]

ტბიყელი
კოორდინატები: 41°46′16″ ჩ. გ. 42°05′28″ ა. გ. / 41.77111° ჩ. გ. 42.09111° ა. გ. / 41.77111; 42.09111
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ქობულეთის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე ზღვის დონიდან 2218 
ფართობი 0,01 კმ²
ტბიყელი — საქართველო
ტბიყელი
ტბიყელი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ტბიყელი

სანაპირო სუსტადაა შეჭრილ-შემოჭრილი. ტბის ქვაბული შედგება სამი მკვეთრად განსხვავებული ნაწილისაგან. ტბის ქვაბულს დასავლეთით საკმაოდ ციცაბო ფერდობი გააჩნია, რომელიც 70 მ-მდე სიგანის ძირისა და მახვილი წვერის მქონე სამკუთხედს მოგვაგონებს, რომლის სიმაღლე ტბის დონიდან 80 მ-ს არ აღემატება. მის ზედაპირს ემჩნევა თანამედროვე თოვლის ზვავების მოქმედების ნაკვალევი. სანაპიროს მეორე მორფოლოგიურ მონაკვეთს, რომელიც ტბის ქვაბულის ჩრდილოეთ ნაწილს ქმნის, 20–30 მ სიმაღლე, ოდნავ მომრგვალებული ფორმა და დიდი დახრილობა აქვს. სანაპიროს მესამე ნაწილი, რომელსაც 300 მ-მდე სიგრძე აქვს, იგი სამხრეთისა და აღმოსავლეთის ექსპოზიციისა და სხვა ნაწილებთან შედარებით დიამეტრულად განსხვავებული სახის მქონეა.[1]

სიახლოვეს შუაეოცენური ტუფქვიშაქვებისა და პორფირიტული საფარებით აგებული და სამხრეთისაკენ დახრილ წყებებში 150 მ სიგრძის და 30 მ-მდე სიგანის კონსექვენტური ტიპის მოქმედი მეწყერია წარმოდგენილი. ტბა გამდინარეა, თუმცა დონის ცვალებადობის არანაირ ნიშანს არ ატარებს. ტბიყელის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მიწისქვეშა არხის გავლით ტბიდან გამოედინება 4 წყარო და მათგან იქმნება პატარა მდინარე. ტბაში მცირე რაოდენობით არის წყლის ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლები. მოქცეულია კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალში.[2][3]

ტბიყელი თვალწარმტაცია, აქედან ერთი მხრით აჭარის მთაგორიანი მხარის ბუნება ჩანს, მეორე მხარეს კი კოლხეთის ბარი და კავკასიონის დათოვლილი მწვერვალები. ტბიყელის სამხრეთ-აღმოსავლეთით, რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს სიძერძლის ტბა.[1][4]

  1. 1.0 1.1 1.2 საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. თბ., 1968. ტ. 52. გვ. 105–108. (N1).
  2. ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის მუზეუმი. ბათუმი, 2011. 1987–6807 ტ. IV, გვ. 85–90
  3. კინტრიშის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე
  4. Топографическая карта K–38–85 — 1 : 100 000. Хуло. 1984