ტაირა (ლათ. Eira barbara) — მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი კვერნისებრთა ოჯახისა. მონოტიპური გვარის წარმომადგენელია. ახლოს ენათესავება ევროპულ კვერნებს (ლათ. Martes). აღნაგობის თვალსაზრისით ქრცვინებს წააგვანან, მაგრამ შესამჩნევად დიდია მათზე. მისი სხეული სუსტია და წაგრძელებული, კიდურები შედარებით მოკლე. სქელი და მოკლე ბეწვი მუქი ყავისფერია, თავი შედარებით ღია. არსებობს შედარებით ღია ფენოტიპებიც, რომელთა ბეწვი ვერცხლისფერია, ხოლო თავი — მუქი. ტაირის კუდი გრძელია და ფაფუკი. მისი სხეულის სიგრძეა 60-70 სმ, კუდისა 38-47 სმ, წონა 4-5 კგ. ბინადრობს ტროპიკულ ტყეებში. გავრცელებულია ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, მექსიკიდან არგენტინამდე. აქტიურია ღამით. შევხვდებით როგორც მიწაზე, ასევე ხეებზეც. ტაირები ნაირმჭამელები არიან. მისი რაციონის მთავარ ნაწილს მცირე ძუძუმწოვრები შეადგენენ, აგრეთვე იკვებება ფრინველებით, უხერხემლოებით, ხილით. ზიანს აყენებენ ბანანის პლანტაციებს. მაკეობა გრძელდება 70 დღე, მდედრი შობს ორამდე ნაშიერს, რომლებსაც სიცოცხლის მეორე თვეში ეხილებათ თვალები, სამ თვემდე იკვებებიან რძით. ტყვეობაში ცოცხლობს 18 წლამდე. ტაირა სანადირო ობიექტს წარმოადგენს.
- Nowak, Ronald M. Walker’s Mammals of the World. — Johns Hopkins University Press, 1999. — ISBN 0-8018-5789-9.