სხერტის ჭალა

(გადამისამართდა გვერდიდან სხერტა)

სხერტის ჭალა, სხერტა — ისტორიული პუნქტი აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლში, მდინარე თეძმის ხეობაში, სოფელ ნიაბის (კასპის მუნიციპალიტეტი) ბოლოს. 1609 წლის ივლისში ქართლში მოულოდნელად შემოიჭრა ოსმალეთის არმია. მათ გამოიარეს ჯავახეთი, თრიალეთი, მიადგნენ მანგლისს და დაარბიეს მოსახლეობა. ამ დროს ქართლის მეფე ლუარსაბი მცირე ამალით ცხირეთში იმყოფებოდა. მტერს მეფის ტყვედ ჩაგდება ჰქონდა განზრახული. სოფელ კველთაში ოსმალებმა მღვდელი თევდორე შეიპყრეს და მეგზურობა მოსთხოვეს. მღვდელმა მტერს გზა აუბნია და ოსმალები ცხირეთს დააშორა. გაწბილებულმა ოსმალებმა მღვდელი სასტიკად აწამეს.

გიორგი სააკაძის გეგმის თანახმად მეფე ცხირეთში გამაგრდა. სააკაძემ შიკრიკები აფრინა მუხრანბატონთან, ამილახვართან და ერისთავთან. ახლო მდებარე სოფლებში 400 კაცი შეკრიბა და ზაზა ციციშვილთან ერთად მტერს სწორედ სხერტის ჭალაში ეკვეთა. ბრძოლაში ქართველებმა გაიმარჯვეს.

ლიტერატურა

რედაქტირება