სტამბოლის არქეოლოგიური მუზეუმი

სტამბოლის არქეოლოგიური მუზეუმი (თურქ. İstanbul Arkeoloji Müzeleri) — სამი მუზეუმის კომპლექსი სტამბოლში, თურქეთი. კომპლექსის შემადგენლობაში შედის არქეოლოგიური მუზეუმი, ძველი აღმოსავლეთის მუზეუმი და ისლამური ხელოვნების მუზეუმი (შორენკეცებიანი პავილიონი). მდებარეობს თოფქაფის სასახლის სიახლოვეს. მუზეუმში განთავსებულია მილიონზე მეტი ობიექტი, რომელიც წარმოადგენს მსოფლიო ისტორიის თითქმის ყველა ეპოქასა და ცივილიზაციას.

სტამბოლის არქეოლოგიური მუზეუმი
41°00′42″ ჩ. გ. 28°58′53″ ა. გ. / 41.01167° ჩ. გ. 28.98139° ა. გ. / 41.01167; 28.98139
დაარსდა 13 ივნისი, 1891
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
მდებარეობა სტამბოლი და ფათიჰი
ექსპონატი +1 მლნ
კლასიფიკაცია არქეოლოგიური მუზეუმი
ვიზიტორები 382 148 (2011)
დირექტორი რაჰმი ასალი
ოფიციალური საიტი https://muze.gov.tr/
Map

მუზეუმის სათავედ შეიძლება ჩაითვალოს წმინდა ირინეს ეკლესია, რომელშიც კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ იანიჩართა იარაღის საწყობი განთავსდა. XIX საუკუნისთვის ეკლესია ასევე გამოიყენებოდა ოსმალეთის იმპერიის მიერ შეგროვებული მრავალფეროვანი ნივთების შესანახად.

ოსმალეთის სულთანი აბდულაზიზი (1861–1876 წწ.) 1867 წლის ზაფხულში იმყოფებოდა ევროპულ ტურნეში და მასზე შთაბეჭდილება მოახდინა პარიზის (30 ივნისი - 10 ივლისი 1867), ლონდონისა (12–23 ივლისი 1867) და ვენი (28–30 ივლისი 1867) არქეოლოგიურმა მუზეუმებმა. ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ ბრძანა მსგავსი არქეოლოგიური მუზეუმის დაარსება სტამბოლში.[1] ამ ბრძანების საფუძველზე გახსნეს ეკლესია და მასში არსებული ნივთების საფუძველზე დააარსეს „Müze-i Hümayun“. ამ თვალსაზრისით, სტამბოლის არქეოლოგიური მუზეუმი ხშირად განიხილება „თურქეთის პირველ მუზეუმად“.[2]

1875 წლიდან 1891 წლამდე მუზეუმის კოლექცია განთავსებული იყო ე. წ. შორენკეცებიან პავილიონში. პავილიონი ააგეს 1472 წელს სულთან მეჰმედ II-ის ბრძანებით. საზოგადოებისათვის იგი პირველად გაიხსნა 1953 წელს, როგორც ფატიჰის მუზეუმი. მოგვიანებით სტამბოლის არქეოლოგიური მუზეუმის შემადგენლობაში შევიდა.

მუზეუმის პირველი კურატორი და დამფუძნებელი გახდა ოსმან ჰამდი-ბეი, მხატვარი, არქეოლოგი და ოსმალეთის დიდი ვეზირის იბრაჰიმ ედჰემ-ფაშას (1877–1878 წწ.) ვაჟი. 2019 წელს მისი ნახატი „გოგონა კითხულობს ყურანს“ 6,3 მილიონ ბრიტანულ ფუნტად გაიყიდა, რაც იმ დროისთვის ყველაზე ძვირადღირებულ თურქულ ნახატად იქცა.[3] მთავარი შენობის მშენებლობა ჰამდი-ბეიმ დაიწყო 1881 წელს, მისი ოფიციალური გახსნა კი გაიმართა 1891 წლის 13 ივნისს. შენობის არქიტექტორია ფრანგული წარმოშობის ოსმალო არქიტექტორი ალექსანდრე ვალორი. შენობის ფასადის შთაგონების წყარო იყო ალექსანდრეს სარკოფაგი და მგლოვიარე ქალების სარკოფაგი, ორივე განთავსებულია მუზეუმში. მუზეუმის შესასვლელის კარიბჭის ფრონტონზე ოსმალური თურქული წარწერაა „Asar-ı Atika Müzesi“ (სიძველეთა მუზეუმი). წარწერის თავზე გამოსახული ტუღრა კი სულთან აბდულჰამიდ II-ს ეკუთვნის.

1991 წელს დაარსებიდან 100 წლის იუბილეზე, მუზეუმმა მიიღო ევროპის საბჭოს მუზეუმის ჯილდო, განსაკუთრებით ძირითადი შენობის ქვედა სართულის დარბაზების რემონტისათვის და სხვა შენობების ახალი გამოფენებისათვის.

ძველი აღმოსავლეთის მუზეუმი შეიქმნა 1883 წელს ოსმან ჰამდი-ბეიმ დაკვეთით. თავდაპირველად ის იყო სახვითი ხელოვნების სკოლა. 1935 წელს გადააკეთეს მუზეუმად. 1963 წელს დაიხურა ვიზიტორებისთვის და 1974 წელს გაიხსნა ინტერიერის აღდგენითი სამუშაოების შემდეგ. კოლექციები ეხება ანატოლიურ (ადრეული ბრინჯაოს ხანა, ასურეთის კოლონიის პერიოდი, ხეთური, ნეოხეთური, ურარტული, არამეული), მესოპოტამიურ, ეგვიპტურ, ირანულ და ძველ არაბულ პერიოდებს. ეგვიპტური კოლექცია მოიცავს დაახლოებით 1200 ნივთს. მათი უმეტესობა მოიტანეს დრა-აბუ-ალ-ნაგარის არქეოლოგიური გათხრებიდან, რომელიც გათხარა გოტიემ 1891 წელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „Sultan Abdülaziz - Avrupa Seyahati/Tarih/milliyet blog“. blog.milliyet.com.tr. ციტირების თარიღი: 2018-02-28.
  2. „Jerusalem seeks return of ancient tablet“. USA Today. July 13, 2007. ციტირების თარიღი: June 24, 2010.
  3. Osman Hamdi Bey painting surprises exam takers en. ციტირების თარიღი: 2022-03-21