კადეშის ზავი

მსოფლიოში პირველი საზავო ხელშეკრულება

კადეშის ზავი (ასევე მარადიული ზავი ან ვერცხლის ზავი) — ზავი ეგვიპტის ფარაონ რამსეს II-სა და ხეთების მეფე ხათუსილი III-ს შორის. ზავი მიჩნეულია მსოფლიოში პირველ სამშვიდობო ხელშეკრულებად. ხეთური ორიგინალი ინახება სტამბოლის არქეოლოგიურ მუზეუმში, ხოლო მისი ასლი - ნიუ-იორკის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში.

კადეშის ზავის ხეთური ვერსია (ინახება სტამბოლის არქეოლოგიურ მუზეუმში).
კადეშის ზავის ეგვიპტური ვერსია კარნაკში, ამონ-რას ტაძრის კედელზე.

ზავი დადებულია რამსეს II-ის მეფობის ოცდამეერთე წელს. ზავმა ბოლო მოუღო ორ სახელმწიფოს შორის კონფლიქტს სირია-პალესტინის საზღვარზე. ტექსტის დედანი ვერცხლის ფირფიტებზე ყოფილა ამოტვიფრული, რომლებიც დღეს დაკარგულად ითვლება. ეგვიპტური ვერსია შემორჩენილია კარნაკის ტაძრის კედლებზე. ეგვიპტური ვერსია ბევრად ვრცელია ხეთურზე. მეცნიერების ვარაუდის თანახმად, ეგვიპტელებმა ხათუსილი III-ს შემოკლებული ვერსია გაუგზავნეს, სადაც მთელი რიგი მუხლები ამოღებული იყო.

ტექსტის მიხედვით ხათუსილი III-ის წარგზავნილები ჩადიან პი-რამსესში და ზავს დებენ ეგვიპტის ფარაონ რამსეს II-სთან. რამსესმა აღიარა ხათუსილის ლეგიტიმურობა სამეფო ტახტზე. ხეთებს გადაეცათ ქალაქები ამურუ და კადეში, ხოლო ეგვიპტეს შეუნარჩუნდა ფინიკია. რაც შეეხება სირიის ტერიტორიას იგი ორად გაიყო. ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილი ხეთებს გადაეცათ, ხოლო სამხრეთი ეგვიპტელებს. ხელშეკრულების მიხედვით ომი სამუდამოდ გამოირიცხა ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებში. ზავი შეეხო ლტოლვილებსაც, ორივე ქვეყანას უნდა დაებრუნებინა ისინი თავიანთ ქვეყანაში, თან ისე რომ არ დაესაჯა თავისი ქვეყნის ხელისუფლებას.

ზავის შედეგად ქვეყნებს შორის მშვიდობა დამყარდა, სულ მალე რამსეს II-მ ცოლად შეირთო ხათუსილი III-ის ასული მაათორნეფრურა, რომელსაც ეგვიპტელებმა ნეფერურა შეარქვეს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ლაშა კერესელიძე, კადეშის ბრძოლა, ჟურნალი „ისტორიანი“, № 11 (35), 2013, ნოემბერი.
  • Bederman, David J. International law in antiquity, Cambridge University Press, 2001. ISBN 978-0-521-79197-7
  • "Boğazköy: Excavations" in Historical dictionary of the Hittites, Burney, Charles Allen. Scarecrow Press, 2004. ISBN 978-0-8108-4936-5
  • Fitzgerald, Stephanie. Ramses II: Egyptian Pharaoh, Warrior, and Builder, Compass Point Books, 2008. ISBN 978-0-7565-3836-1

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება