სპოროტრიქოზი
სპოროტრიქოზი (ლათ. Sporotrichosis) — სოკოსმიერი დაავადება, რომელიც უმთავრესად ხასიათდება კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაზიანებით, თუმცა მძიმე მიმდინარეობისას შეიძლება გამოიწვიოს სახსრების, ძვლების, ფილტვების და ტვინის დაზიანებაც. დაავადების სახელწოდება მისი გამომწვევი სოკოს (ლათ. Sporothrix schenckii-ის) სახელიდან მომდინარეობს[2].
გავრცელება
რედაქტირებაგამომწვევი S. schencki გავრცელებულია ნიადაგში, ტორფის ხავსში, მცენარეებზე, თივაში. ამიტომ ყველაზე ხშირად ამ სოკოთი განპირობებული ინფექცია სოფლის მეურნეობის მუშაკებს, მიწათმოქმედებსა და მებაღეებს ემართებათ[2]. არის შემთხვევები, როდესაც დაავადება გავრცელდა ვარდის ეკლის ნაჩხვლეტიდან, ამის გამო ხშირად სპოროტრიქოზს «ვარდის ეკლის დაავადებას» ან «მევარდეების დაავადებას» უწოდებენ[3]. კანის მცირე დაზიანება - სოკოვანი ეკლის შერჭობა - საკმარისია, რომ მებაღეს კანის ინფექციური დაავადება განუვითარდეს. ინფექციის ღრმად გავრცელების შემთხვევაში ზიანდება კანქვეშა ქსოვილი, ძვალი და სახსრებიც კი. ასეთ შემთხვევაში ადგილი აქვს «დისემინირებულ» ანუ «გენერალიზებულ» სპოროტრიქოზს. თუ სოკოს სპორები შეისუნთქა ადამიანმა, შესაძლებელია განვითარდეს ფილტვის სოკოსმიერი ინფექცია ე.წ. «პულმონარული სპოროტიქოზი». სპოროტრიქოზი ზოონოზური ინფექციაა, ანუ ეს დაავადება შეიძლება ჰქოდეს ადაიანსაც და ცხოველსაც. დაავადების მატარებელი ან დაინფიცირებული ცხოველებიდან სოკო შეიძლება გავრცედეს მათ პატრონებზე, მომვლელებსა და ვეტერინარებზე, მაგ. კატის ნაკაწრით. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, სპოროტრიქოზი პროფესიული დაავადებაა ფერმერების, მებაღეებისა და ვეტერინარებისათვის.
კლასიფიკაცია
რედაქტირებაჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით (2007 წლის ვერსია) სპოროტრიქოზის საერთაშორისო კლასიფიკაცია ასეთია[4]:
B42 : სპოროტრიქოზი
B42.0+ : პულმონარული სპოროტრიქოზი (J99.8*)
B42.1 : ლიმფოკუტანეუსის სპოროტრიქოზი
B42.7 : დისემინირებული სპოროტრიქოზი - გენერალიზებული სპოროტრიქოზი
B42.8 : სპოროტრიქოზის სხვა ფორმები
B42.9 : არასპეციფიკური სპოროტრიქოზი
მიმდინარეობა და სიმპტომები
რედაქტირებასპოროტრიქოზის დაავადება ნელა პროგრესირებს. ინფექციის შეჭრიდან 1-12 კვირის შემდეგ ჩნდება პირველი სიმპტომები. სერიოზული გართულება თავს იჩენს იმ პაციენტებში, ვისაც სუსტი იმუნური სისტემა აქვს.
- კანისა და კანქვეშა ქსოვილის სპოროტრიქოზი - დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ხასიათდება კანის კვანძოვანი დაზიანებთ ინფექციის შეჭრის ადგილზე, ასევე, ლიმფური ჯირკვლებისა და ლიმფური ძარღვების გასწვრივ. დაზინება თავდაპირველად მცირე ზომისაა და უმტკივნეულო, ფერი — ვარდისფერი-წითელი. მკურნალობა თუ არ დაიწყო, დაზიანება ფართოვდება, ემსგავსება ფურუნკულს და მატულობს დაზიანებული ადგილების რაოდენობაც. საბოლოოდ ყალიბდება ქრონიკული წყლული. კანისა და კანქვეშა ქსოვილის სპოროტრიქოზი ლოკალიზებულია თითებზე, მტევანზე ან მკლავზე.
- პულმონარული სპოროტრიქოზი დაავადების იშვიათი ფორმაა. იგი სოკო S. schenckii-ის სპორების ინჰალაციის შედეგად გამოწვეული რესპირატორული ინფექციაა. მისი სიმპტომებია: პროდუქტიული ხველება (ნახველით), კვანძოვანი და კავერნოზული კვანძების ჩამოყალიბება ფილტვში, ფიბროზი, ფილტვის ფესვის ლიმფური კვანძების შესიება. დიფერენციული დიაგნოზი უნდა გატარდეს ფილტვის ტუბერკულოზთან და პნევმონიასთან.
- დისემინირებული სპოროტრიქოზი - როდესაც სოკოვანი ინფექცია პირველადი შეჭრის ადგილიდან გავრცელდება ანუ მოითესება ორგანიზმში, დაავადება იძენს იშვიათ და კრიტიკულ ხასიათს. ზიანდება ძვლები, სახსრები (ოსტეოარტიკულური სპოროტროქოზი), ცენტრალური ნერვული სისტემა და ტვინი (სპოროტრიქოზული მენინგიტი). დისემინირებული სპოროტრიქოზის სიმპტომებია: სხეულის წონის დაკლება, ანორექსია, და ძვლების დაზიანება.
სპოროტრიქოზი ცხოველებში
რედაქტირებასპოროტრიქოზის კანის ფორმა კონტაგიოზურია ადამიანებისთვისაც და ცხოველებისთვისაც. სოკო S. schenckii-ით შეიძლება დაინფიცირდენ შინაური და გარეული ცხოველები. ვეტერინარიაში დაავადება უმთავრესად გამოუვლინდებათ კატებსა და ცხენებს. კატებში დაავადების კანის ფორმა განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს და ზოონოზური ინფექციის წყაროს წარმოადგენს მისი პატრონებისა და მომვლელებისათვის, ვისაც შეიძლება შეხება ჰქონდეს წყლულის ექსუდატთან.
დიაგნოზი
რედაქტირებასპოროტრიქოზი ქრონიკული დაავადებაა, ნელა პროგრესირებს და ხშირად სიმპტომები სუსტადააა გამოხატული. ამიტომ დიაგნოზი რთული დასასმელია, და სიმპტომების გარჩევა სხვა დაავდების სიმპტომებისაგან ასევე რთულია. პაციენტებს აქვთ სპეციფიკური ანტისხეულები სოკო S. schenckii-ის მიმართ, თუმცა დიაგნოზის დასასმელად ანტისხეულების გამოვლენა საკმარისი არაა. საჭიროა ჩატარდეს სოკოს არსებობაზე ანალიზი დაზიანების კერიდან აღებული სინჯის: კანის, ნახველის, სინოვიალური სითხის და თავზურგტვინის სითხის.
კატებში სპოროტრიქოზული დაზიანების ადგილი ექსუდატის ანალიზში შეიძლება გამოვლინდეს რამდენიმე მიკროორგანიზმი და ექსუდატის ციტოლოგიური კვლევა მნიშვნელოვანი სადიაგნსტიკო საშუალებაა. ექსუდატში გამოჩნდება პიოგრანულომატოზი, სხვადასხვა ზომისა და ფორმის ფაგოციტები სოკოს ჩანართებით (უმრავლესობას კი სიგარის-ფორმა).
პრევენცია
რედაქტირებადაავადება ვრცელდება უმთავრესად სოკოს სპორების შეჭრით მცენარიდან გაჭრილ ან გაჩხვლეტილ კანში. პრევენციისათვის სასურველია მიწათმოქმედმა თუ მებაღემ ჩაიცვას გრძელსახელოებიანი ტანსაცმელი და ხელთათმანები, როდესაც ამუშავებს მიწას, თივას, მცენარის ჩითილებსა და ნერგებს, ბუჩქებს, ვარდებს, ხავსს და ა.შ.
მკურნალობა
რედაქტირებასპოროტრიქოზის მკურნალობა დამოკიდებულა დაავადების ფორმასა და სიმძიმეზე. მკურნალობისათვის გამოიყენება[5]:
- კალიუმის იოდიდის ნაჯერი ხსნარი - მოქმედების მექანიზმი ამოუხსნელია. ინიშნება წვეთები ორალურად, 3-6 თვის განმავლობაში, კანის ფორმის სამკურნალოდ.
- სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები: ექიმი პაციენტს ინდივიდუალურად შეურჩევს სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატს, მგრძნობელობის, გვერდითი ეფექტისა და სიძლიერის მიხედვით. ესენია: იტრაკონაზოლი (სპორანოქსი), ფლუკონაზოლი. მძიმე ფორმისას ინიშნება ამფოტერიცინ B, რომელიც ინიშნება ვენაში, მისი გვერდითი მოვლენებია ცხელება, გულისრევა, ღებინება. სპოროტიქოზული მენინგიტის დროს ნიშნავენ ამფოტერიცინ B და 5-ფლუოროციტოზინის კომბინაციას.
- ქირურგიული მკურნალობა - აუცილებელი ხდება, როდესაც დაავადებულია ძვლები ან ფილტვში კავერნული კვანძების არსებობისას.
გართულებები
რედაქტირებასპოროტრიქოზი შეიძლება გართულდეს თანდართული დაავადებებით: ცელულიტით, სარკოდიოზით და ტუბერკულოზით.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Marcus Henrique de S B Xavier MD, Amanda de Lima Teixeira MD, et al. (2008)July, Cat-transmitted Cutaneous Lymphatic Sporothricosis Dermatology Online Journal[მკვდარი ბმული]
- ↑ 2.0 2.1 Ryan KJ, Ray CG (editors) (2004). Sherris Medical Microbiology, 4th ed., McGraw Hill, გვ. 654–6. ISBN 0838585299.
- ↑ Volk T. Sporothrix schenckii, cause of Rose-picker's Disease. Tom Volk's Fungus of the Month.
- ↑ Sporotrichosis: ICD B42 დაარქივებული 2009-04-21 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Lortholary O, Denning DW, Dupont B (1999). „Endemic mycoses: a treatment update“. J. Antimicrob. Chemother. 43 (3): 321–31. doi:10.1093/jac/43.3.321. PMID 10223586.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)