სპირიდონ ვირსალაძე

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვირსალაძე.

სპირიდონ სიმონის ძე ვირსალაძე (დ. 17 მარტი, 1868, სოფელი ნახშირღელე, ახლანდელი თერჯოლის მუნიციპალიტეტი, — გ. 30 მარტი, 1930, თბილისი) — თერაპევტი, მეცნიერული თერაპიის და ტროპიკული მედიცინის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1910), პროფესორი (1919).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1882 წელს დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი და შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, მაგრამ პროგრესულად განწყობილ ახალგაზრდობის წრეებში მონაწილეობისათვის დაითხოვეს. იძულებული გახდა წასულიყო კიევში და იქ დაემთავრებინა სემინარია. შემდეგ სწავლა განაგრძო ტომსკის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1896 წელს და დაღესტანში გაამწესეს. 1898-1909 წლებში მუშაობდა პეტერბურგში ივანე პავლოვის, ალექსანდრე ნეჩაევისა და ვლადიმირ ბეხტერევის ხელმძღვანელობით. იმავე წელს დაბრუნდა თბილისში, სადაც დაინიშნა მიხეილის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილედ და თერაპიული განყოფილების გამგედ.

1919 წელს სპირიდონ ვირსალაძე აირჩიეს თბილისის უნივერსიტეტის კერძო პათოლოგიის და თერაპიის კათედრის გამგედ და პროფესორად, ხოლო 1921 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე განაგებდა ჰოსპიტალური თერაპიის კათედრას. 1919 წელს სპირიდონ ვირსალაძე შ. მიქელაძესთან ერთად პირველი ქართული სამედიცინო ჟურნალის „ექიმის“, 1924 წლიდან კი „ტროპიკულ სნეულებათა ინსტიტუტის ბიულეტენის“ დირექტორია. გამოქვეყნებული აქვს 70-მდე სამეცნიერო ნაშრომი ქართულ, რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. სპირიდონ ვირსალაძის სახელს ატარებს პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.

სპირიდონ ვირსალაძეს ცოლად ჰყავდა პიანისტი ანასტასია აბდუშელიშვილი. მათი შვილები იყვნენ: ფილოლოგი დავით ვირსალაძე (დ. 1908 — გ. 1938, დახვრიტეს) და ექიმი კონსტანტინე ვირსალაძე (დ. 1914 — გ. 1992).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მარუაშვილი გ., აბულაძე ს., სპირიდონ ვირსალაძე, თბ., 1969.
  • ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ., მამულიშვილთა სავანე, თბ., 1994. — გვ. 152.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება