კონსტანტინე ვირსალაძე
კონსტანტინე (კოტე) სპირიდონის ძე ვირსალაძე (დ. 28 იანვარი, 1914, თბილისი, — გ. 13 ოქტომბერი, 1992, იქვე) — ქართველი თერაპევტი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1952), პროფესორი (1953), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967).
დაიბადა ექიმ სპირიდონ ვირსალაძის და პიანისტ ანასტასია აბდუშელიშვილის ოჯახში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი (1936). 1954 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის თერაპიის კათედრის, 1957–1987 წლებში — ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის გამგე, 1975–1985 წლებში — თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის რექტორი. 1978 წელს აირჩიეს საქართველოს თერაპევტთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარედ. იყო საბჭოთა კავშირის IX–X მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი (1974-1984).
ვირსალაძის სამეცნიერო კვლევები ეძღვნება საქართველოში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების ეპიდემიოლოგიას, პროფილაქტიკურ ღონისძიებებს. მისი თაოსნობით ქვეყანაში დაინერგა კვლევის ენდოსკოპიური მეთოდები გასტროენტეროლოგიაში, რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოსთან დაარსდა გასტროენტეროლოგიისა და სამკურნალო კვების განყოფილებები (1960), შეიქმნა გასტროენტეროლოგთა რესპუბლიკური და თბილისის თერაპევტთა სამეცნიერო საზოგადოებები (1973).
კონსტანტინე ვირსალაძეს ცოლად ჰყავდა ბიოლოგი დარეჯან კავკასიძე. მათი შვილები არიან: პიანისტი ელისო ვირსალაძე და ენდოკრინოლოგი დავით ვირსალაძე.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- კრონის დაავადება: დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, თბ., 1987.
- Пилоро-дуоденальные стенозы язвенного происхождения, Тб., 1956.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 273.