მესაქონლეობა — მეცხოველეობის ძირითადი დარგი, რომელიც მიმართულია მსხვილი რქოსანი საქონლის გამრავლებაზე რძის, ხორცის, ტყავის მისაღებად, ასევე გამთრევი ძალის გამოსაყენებლად.

ძროხა, ნიდერლანდები

მოღვაწეობის ძირითად მიმართულებასთან დამოკიდებულებით მესაქონლეობის მეურნეობები იყოფა მერძევეობის და მეხორცეობის დარგებად. მეურნეობის ტიპის მიხედვით იყოფა მომთაბარე მესაქონლეობად (ყველაზე უფრო ადრინდელი), ნახევრადმომთაბარე მესაქონლეობად და საძოვრიან მესაქონლეობად, რაც დღეისათვის ყველაზე უფრო მეტად განვითარებულია.

მესაქონლეობას მისდევენ მთელ მსოფლიოში და იგი მთავარ როლს ასრულებს ბევრი ქვეყნის ეკონომიკაში. დღეისათვის მსხვილი რქოსანი საქონლის სულადობის მხრივ ლიდერობენ ინდოეთი, ბრაზილია, აშშ, ჩინეთი და არგენტინა, ხოლო რძის წარმოების მხრივ — ინდოეთი, აშშ, ჩინეთი, გერმანია და ბრაზილია[1].

საქართველოს პირობებში არსებული მესაქონლეობის ძირითადი ფორმებია მთური, მთაბარული, ბარული და მომთაბარე. მთური მესაქონლეობისთვის დამახასიათებელია ძირითადი საცხოვრებელი ადგილებისა და მთის საძოვრების მუდმივი ურთიერთკავშირი. ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ზაფხულის პერიოდში ხდება საქონლის მთაზე წაყვანა გარკვეული დროით.

მთაბარული მესაქონლეობის დროს საქონელი მთელი წლის განმავლობაში საძოვარზეა. ის მუდმივად მოძრაობს საზამთრო, საგაზაფხულო, საზაფხულო და საშემოდგომო საძოვრებზე. ამ შემთხვევაში გამორიცხულია საქონლის ბაგური კვება ძირითად დასახლებულ ადგილებში, თუმცა აქვს დასახლებასთან მუდმივი ეკონომიკური და ორგანიზაციული კავშირი.

ბარული მესაქონლეობა კი დაკავშირებულია დასახლებულ პუნქტებთან არსებულ საძოვრებთან. ის მთელი სეზონის მანძილზე იმყოფება სასოფლო საძოვრებზე, მოსავლის აღების შემდეგ სავარგულო მიწებზე ტყიან თუ ბუჩქნარ ადგილებში. მკაცრი ზამთრის პირობებშიც კი უხდებათ მათი ძოვება სოფლად, ყანისპირებში და ღამის გათევა იქვე, დროებით გამართულ გომურებში, ზოგჯერ ჰყავთ ბაგურ კვებაზედაც. ასე, რომ მთელი წლის განმავლობაში, მსხვილფეხა საქონელი, ცხვარი და სხვა სოფლის ირგვლივ მოძრაობს.

მომთაბარე მესაქონლეობა საქართველოში ხასიათდება ცხოველთა გადაყვანა-გადმოყვანით ბარის საზამთრო საძოვრებიდან მთის საზაფხულო საძოვრებისაკენ და პირიქით. რაც შეეხება ნახევრად მომთაბარულ მესაქონლეობას, ადგილი ჰქონდა საქართველოს სინამდვილეშიც და ხასიათდება საზამთრო საძოვრების ზონაში დასახლებებისა და სამიწათმოქმედო ბაზების გაჩენით.

განვითარების ისტორია რედაქტირება

 
სცენა სოფლის ცხოვრებიდან, ჟიულენ დიუპრეს ნახატი

მსხვილი რქოსანი საქონლის მოვლა-შენახვის დასაწყისი მიეკუთვნება ნეოლითის ხანას, როდესაც ნადირობას და შემგროვებლობას თანდათანობით ენაცვლებოდა მესაქონლეობა და მიწათმოქმედება (იხ. ნეოლითური რევოლუცია). მესაქონლეობის უძველესი კვალი მოცემულ მომენტში აღმოჩენილია ნოყიერი ნახევარმთვარის რეგიონში, ასევე ირანში.

დიდი ხნის განმავლობაში მესაქონლეობა ითვალისწინებდა მწყემსების მიერ შინაური ცხოველების საძოვრებზე ბალახით კვებას. დღის განმავლობაში პირუტყვი ერთხელ ჩერდებოდა წყლის დასალევად და ისვენებდა. ზოგჯერ მწყემსები საძოვრებზე შინაურ ძაღლებსაც იყენებდნენ.

დღეისათვის განვითარებულ ქვეყნებში ფართედ გამოიყენება პირუტყვის მოვლა მეცხოველეობის ფერმებში.

გავლენა გლობალურ დათბობაზე რედაქტირება

მსხვილი რქოსანი საქონლის მოვლა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გლობალურ დათბობაზე ცხოველთა ნაწლავებში ანთროპოგენური სათბურის აირების დაახლოებით 10 % გამომუშავების შედეგად[2]: ნახშირორჟანგის (CO2), მეთანის (CH4), აზოტის ოქსიდი(I)ს (N2O) და ზოგიერთი სხვა. გამონაბოლქვის შესამცირებლად წარმოდგენილია სხვადასხვა მეთოდები, რომლებიც ჯერჯერობით გამოიყენება მხოლოდ ექსპერიმენტებში, ასევე სულადობის შემცირება, მაგალითად მათი ხორცის მოხმარების შემცირება (რაც პროპაგანდირებულია სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ)[3].

სქოლიო რედაქტირება

  1. UN Food & Agriculture Organisation
  2. Steinfeld, Henning; Gerber, Pierre; Wassenaar, T. D.; Castel, Vincent; Haan, Cees de. Livestock's Long Shadow: Environmental Issues and Options. Food & Agriculture Org. (1 January 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-25.
  3. ფილმი «პლანეტის გადარჩენა» // National Geographic Channel, 2016.