სოხუმის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი
სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი (სფტი) — კვლევითი დაწესებულება, რომელიც სხვადასხვა სამეცნიერო-ტექნოლოგიურ დარგს (მაგ.:ბირთვული ფიზიკა, კვანტური რადიოფიზიკა ,კრიოგენული ტექნიკა, ნანოტექნოლოგიები და სხვ.) შეისწავლის. ასევე მისი კომპეტენცია მოიცავს რადიოაქტიურ დაბინძურებასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემების მონიტორინგს. დღეს ინსტიტუტი მდებარეობს თბილისში. მისი დირექტორია ფიზიკის დოქტორი გურამ ბოკუჩავა, ხოლო სამეცნიერო საბჭოს ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი დარსაველიძე ხელმძღვანელობს.
სოხუმის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი | |
---|---|
აფხ. Аҟәатәи афизика-техникатә институт | |
აბრევიატურა | სფტი |
შეიქმნა | 1945 |
სტატუსი | სსიპ |
ტიპი | კვლევითი ინსტიტუტი |
მდებარეობა | მინდელის ქ.7, თბილისი,0186, საქართველო |
ენა | ქართული |
დირექტორი | გურამ ბოკუჩავა |
ბიუჯეტი | 1 მლნ. ლარი |
ქვეყანა | აფხაზეთის რესპუბლიკა |
http://www.sipt.org.ge/ |
ისტორია
რედაქტირებადაარსების ისტორია
რედაქტირებამეოცე საუკუნის პირველ ნახევარში განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევებით გამოირჩეოდა ნაცისტური გერმანია, სადაც ათასობით მკვლევარი მუშაობდა ახალი სამხედრო ტექნოლოგიების შექმნაზე; ერთ-ერთი პროექტი იყო ბირთვული რეაქციების კვლევა და მათი გამოყენების საფუძველზე გამანადგურებელი იარაღის შექმნა. 1945 წელს, გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ, სხვადასხვა სახელმწიფომ მოახერხა გერმანელი მეცნიერების გამოყვანა. სსრკ-მა შეძლო წამოეყვანა ასობით ფიზიკოსი, რომელთა შორის იყვნენ: ბარონი მანფრედ ფონ არდენე და გუსტავ ჰერცი.ორივე მეცნიერი სხვა მრავალ გერმანელთან ერთად იოსებ სტალინისა და ლავრენტი ბერიას დავალებით ჩაიყვანეს ქ. სოხუმში და მათი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები მოაწყვეს სანატორიუმებში.კერძოდ, არდენეს ლაბორატორია მოაწყვეს სინოპის სანატორიუმში და უწოდეს “А”, ხოლო ჰერცის ლაბორატორია განთავსდა აგუძერას სანატორიუმში და დაერქვა “Г”.
“А” ცენტრის ძირითადი ამოცანები იყო:
- ურანის იზოტოპების განცალკევების ელექტრომაგნიტური მეთოდის დამუშავება და მძიმე მეტალების მასსპექტრომეტრია;
- ელექტრონული მიკროსკოპების დახვეწა;
- ბირთვული კვლევისათვის შესაბამისი აპარატურის შექმნა;
- იზოტოპთა დაყოფის დიფუზური მეთდის შექმნა და სხვ.
“Г” ცენტრის ამოცანები იყო:
- ურანის იზოტოპთა განცალკევების მეთოდის შემუშავება;
- მძიმე წყლის მიღების მეთოდის შემუშავება;
- ნეიტრონის ენერგიის განსაზღვრის ხერხის შემუშავება და სხვ.
ორივე დაწესებულება მკაცრად გასაიდუმლოებული ობიექტი იყო, სადაც საბჭოთა ატომური ბომბის მიღებისათვის სამუშაოები წარმატებით ჩატარდა. აქედან გამომდინარე, მეცნიერები დააჯილდოვეს სტალინური პრემიებით.საწყის ეტაპზე იქ მხოლოდ გერმნაელი მკვლევრები მუშაობდნენ, მაგრამ შემდეგ წლებში სსრკ-ის მოქალაქეებიც დასაქმდნენ. ამის შემდეგ ეს ორი ობიექტი შეერთდა და ორგანიზაციას სახელად ეწოდა "საფოსტო ყუთი 0908", რომელიც იმართებოდა სინოპიდან მინისტრთა საბჭოს რწუმებულის, გენერალ ალექსანდრე კოჭლავაშვილის მიერ.
ამ დროს სფტი-ში ჩამოყალიბდა რამდენიმე ლაბორატორია:
ლაბორატორიის სახელწოდება | ხელმძღვანელი | |
---|---|---|
იზოტოპების გრავიტაციული მეთოდით განცალკევების ლაბორატორია | მ.არდენე | |
ფიზიკური ქიმიის ლაბორატორია | პიტერ ტისენი | |
ცენტრიფუგით იზოტოპების განცალკევების ლაბორატორია | მაქს შტეენბეკი | |
გამხსნელის ფირში დიფუზიით იზოტოპების განცალკევების ლაბორატორია | დ.პ.ანდრეევი | |
ცოცხალ ორგანიზმზე რადიოაქტიური გამოსხივების გავლენის შემსწავლელი ლაბორატორია | ვ.მენკე | |
მასსპექტრომეტრიის ლაბორატორია | შუტცე | |
ორთქლის ნაკადის საპირისპიროდ სუბლიმატის დიფუზიის მეთოდით იზოტოპების განცალკევების ლაბორატორია | გუსტავ ჰერცი | |
კოროზიის საკითხების ლაბორატორია | ვ.ა.კარჟავინი | |
კერამიკული მილისებრი ფილტრების ლაბორატორია | ვ.ნ.ერმინი | |
გამზომი ტექნიკის ლაბორატორია | ჰარტმანი |
1947 წელს მანფრედ ფონ არდენეს პირველი ხარისხის სტალინური პრემია მიენიჭა. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა მასკანირებელი ელექტორნული მიკროსკოპი მუდმივი მაგნიტური ლინზებითა და გამჭვირვალე ეკრანით, 30 ნმ გარჩევის უნარით.1953 წელს კი მას მიენიჭა მეორე ხარისხის სტალინური პრემია ლითიუმ-6 იზოტოპების ელექტრომაგნიტური განცალკვების პროექტის განხორციელებისათვის.
1951 წელს პროფესორ პეტერ ტისენს მიენიჭა პირველი ხარისხის სტალინური პრემია. მისი ხელმძღვანელობით 1947 წელს დამთავრდა სამუშაოები იზოტოპების დიფუზიური განცალკევების მეთოდისათვის გამოსაყენებელი ბრტყელი განმაცალკევებელი ფილტრების დასამზადებლად; გამოითვალეს ურანის ფტორიდის (UF6) დიფუზიის კონსტანტები. 1948 წელს ტისენის ტექნოლოგია დაინერგა მოსკოვთან ახლოს მდებარე მეთორმეტე ქარხანაში.
მაქს კრისტიან თეოდორ შტეენბეკის მეთაურობით ურანის იზოტოპთა გაზური ცენტრიფუგით განცალკევების მეთოდი დამუშავდა. შედეგის მისაღწევად საჭირო გახდა მილის რხევის ჩახშობა, 60,000 ბრ/წთ მბრუნავი მილის საკისრების დამზადება UF6-ის შესაყვანად და U235F6-ის განსაცალკევებლად. შტეენბეკის ეს მეთოდი დაეხმარა 1946 წელს ურალის ელექტროქიმიური კომბინატის გახსნას, რომელიც მსოფლიოში ურანის ცენტრიფუგური გამდიდრების პირველი ქარხანა იყო.
შტეენბეკი იგონებდა:
„ჩემი სამუშაო ცენტრიფუგაზე დასრულდა ლენინგრადში. სოხუმელ თანამშრომელთა ჯგუფთან ერთად ჩვენი გამოცდილება გავუზიარე წარმოებაში გამობრძმედილ ჯგუფს, მათემატიკოსებისა და კონსტრუქტორებისაგან, რომლებმაც ტექნიკური გამოყენების საკუთარი იდეები განახორციელეს და უკან მოიტოვეს ჩვენი მიღწევები[1]“
|
გუსტავ ჰერცის ხელმძღვანელობით მეცნიერთა ჯგუფი ( ჰ.ბარვიხისა, ი.ნ.კრუტკოვი და სხვ.) მუშაობდა ურანის დიფუზიური გამდიდრების დანადგარის შექმნაზე. კვლევის შედეგები გამოიყენეს ურალის ელექტოროქიმიურ კომბინატში.1949 წელს მეცნიერები დააჯილდოვეს მეორე ხარისხის სტალინური პრემიით "დიფუზიური მანქანების კასკადში გაზური დიფუზიის პროცესის მდგრადობის თეორიული კვლევებისთვის".
1949 წელს “А” და “Г” ცენტრები გადაკეთდა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტად — "სკი-5", ხოლო 1950 წელს მიიღო დღევანდელი დასახელება, სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი. 1949 წლიდან დაიწყეს გერმანელი ფიზიკოსების ჩამოშორება გასაიდუმლოებული საქმიანობიდან, თუმცა საბოლოოდ 1955-1958 წლებში დაბრუნდნენ სამშობლოში.
სფტი 1956-1993 წლებში
რედაქტირებაინსტიტუტში მასშტაბური ბირთვული კვლევების დასრულების შემდეგ ფიზიკის სხვადასხვა მიმართულების შესწავლა დაიწყეს, რომელთა შორის გამოიკვეთა :
- პლაზმის ფიზიკა;
- მყარი სხეულების ფიზიკა;
- თერმოელექტრობა;
- თერმოემისია;
- ხელსაწყოთმშენებლობა და სხვ.
სფტი-ის ტექნოლოგიები ჯანდაცვის დარგში
რედაქტირებასფტი-ში შეიქმნა "რიტმი" (რადიოიზოტოპური თერმოელექტრული გარდამქმნელი) კარდიოსტიმულატორების კვებისათვის. გურამ ბოკუჩავას მეთაურობით მეცნიერთა ჯგუფმა სსრკ-ში პირველად შექმნა წნევისა და პულსის გამზომი ციფრული პორტატული აპარატი, რომელიც საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკების ჯანდაცვის სამინისტროების მიერ იყო დამტკიცებული. ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო ცენტრთან ერთად კი ინსტიტუტის წარმომადგენლები ქმნიდნენ ადამიანის სახსრის სხვადასხვაგვარ იმპლანტს.
სფტი-ის ტექნოლოგიები გადამამუშავებელი წარმოებისათვის
რედაქტირებასაქართველოს სუბტროპკული მეურნეობის თანამშრომლების, ტ. ცინარიძისა და რ. დადიანის, პროექტის მიხედვით ინსტიტუტში შეიქმნა დანადგარი "ოზონ-1მ", რომელიც შეიცავდა მაიონიზირებელ კამერას, საგებს, შემბერ და გამწოვ ვენტილატორებს, 6 კვარც-ვერცხლისწყლის ნათურას — ДРТ-400 ოზონის მისაღებად და ჩაის ფოთლის 50%-60% ტენიანობამდე გასაშრობად. ღნობის ამგვარად დამუშავებული ტექნოლოგიის საშუალებით ჩაის ფოთლის მოცულობაში შესაძლებელი გახდა ზედაპირულზე უფრო მაღალი ტემპერატურის მიღება, რამაც პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება გამოიწვია. აქედან გამომდინარე, დანადგარი საინტერესო გახდა ჩაის სპეციალისტებისათვის, უცხოეთშიც კი, თუმცა აფხაზეთში განვითრებული კონფლიქტის გამო ის მასშტაბურად ვეღარ აწარმოეს.
გარემოსდაცვითი სამუშაოები
რედაქტირებაინსტიტუტის ქვედანაყოფები დაარსების დღიდან ზრუნავდნენ გარემოს დაცვისათვის. ისინი ახორციელებდნენ ატმოსფეროს, ნიადაგის, ჩამდინარე წყლებისა და აკვატორიის მონიტორინგს, ბიოქიმიური და რადიაციული დაბინძურების ასაცილებლად. მეოცე საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო შავი ზღვის რესურსის, კერძოდ გოგირდწყალბადის, გამოყენების შესახებ მსჯელობა. ინსტიტუტმა ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ დაიწყო დასავლეთ საქართველოს რადიაციული დაბინძურების შესწავლა, რის შედეგადაც შეიქმნა შესაბამისი რუკა.
სფტი 1993-
რედაქტირებასაქართველოში 1992 წლიდან მიმდინარე კონფლიქტების გამო სფტი-მა ვეღარ განაგრძო მუშაობა სოხუმში, ამიტომ 1993 წლის დეკემბერში ცენტრი გადმოვიდა თბილისში. 1991 –2005 წლებში ინსტიტუტი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სახელმწფიო კომიტეტის დაქვემდებარებაში იყო, ხოლო 2006 წელს მიიღო საჯარო სამართლის იურიდული პირის სტატუსი. ამავე წლიდან ინსტიტუტს ხელმძღვანელობს დოქტორი გურამ ბოკუჩავა. მისი მეთაურობით ინსტიტუტი ჩაერთო მეტ საერთაშორისო პროექტში; განვითარდა დაწესებულების სტრუქტურაც, კერძოდ, შეიქმნა ახალი ერთეულები.
დირექტორების სია
რედაქტირებასახელი | ვადის დასაწყისი | ვადის დასასრული |
---|---|---|
ალექსანდრე კოჭლავაშვილი | 1945 | 1951 |
ვლადიმირ მიგულინი | 1951 | 1954 |
ბ.მ. ისაევი | 1954 | 1958 |
ილია ქვარცხავა | 1958 | 1962 |
ირაკლი გვერდწითელი | 1962 | 1969 |
ნ.ი. ლეონტიევი | 1969 | 1974 |
რევაზ სალუქვაძე | 1974 | 2000 |
ვალტერ კაშია | 2000 | 2005 |
გურამ ბოკუჩავა | 2006 | დღემდე |
სტრუქტურული ერთეულები
რედაქტირებაკრიოგენული ტექნიკისა და ტექნოლოგიების ლაბორატორია
რედაქტირებასამეცნიერო მიმართულებები:
• კრიოგენული ვაკუუმური ტექნიკა და ტექნოლოგიები;
• მაღალტემპერატურული ზეგამტარების მიღების ტექნოლოგიები და მათი კვლევა;
• ნანოსტრუქტურული მასალების ტექნოლოგიები და მათი გამოკვლევა.
ლაბორატორიის ხელმძღვანელი: დოქტორი გურამ დგებუაძე.
ქიმიური ტექნოლოგიების ლაბორატორია
რედაქტირებასამეცნიერო მიმართულებები:
•ნანოკომპოზიციათა და კერამიკული მასალათა შექმნის ტექნოლოგიები;
•ელექტროგამტარი პოლიმერული მასალები და ნანოკომპოზიტები;
•ეკოლოგიური უსაფრთხოების პრობლემათა გადაჭრის ქიმიური მეთოდიკა.
ლაბორატორიის ხელმძღვანელი: დოქტორი ნათია ჯალაღონია.
არატრადიციული ენერგეტიკის ლაბორატორია
რედაქტირებასამეცნიერო მიმართულებები:
• გერმანიუმის მცირე (1-10 ატ%) შემცველობის თერმოელექტული SiGe შენადნობების სინთეზი და კვლევა;
• SiGe შენადნობების ფუძეზე თერმოელექტრული ბატარეებისა და გენერატორების შექმნა და კვლევა.
ლაბორატორიის ხელმძღვანელი: დოქტორი კარლო ბარბაქაძე.
ნახევარგამტარული და რადიაციული ტექნოლოგიების ლაბორატორია
რედაქტირებასამეცნიერო მიმართულებები:
• რადიაციული ფიზიკა, ტექნოლოგიები და მასალათმცოდნეობა;
• ეროვნული და ბირთვული უსაფრთხოებისათვის მაიონებელი გამოსხივების ნახევარგამტარული იონიმპლანტაციური მიკროპროცესორიანი დეტექტორების ტექნოლოგია;
• გაუმჯობესებული თვისებებისა და ფუნქციური მახასიათებლების ნაკეთობებისათვის რადიაციით მოდიფიცირებული იონიმპლანტაციური კომპოზიციური მასალების ტექნოლოგია.
ლაბორატორიის ხელმძღვანელი: დოქტორი ავთანდილ სიჭინავა.
ნახევარგამტარული მასალათმცოდნეობის ლაბორატორია
რედაქტირებასამეცნიერო მიმართულებები:
• ნახევარგამტარული მასალების მოცულობითი კრისტალების, პოლირებული ფუძეშრეებისა და p-n სტრუქტურების ტექნოლოგია;
• ნახევარგამტარული მასალათმცოდნეობა.
ლაბორატორიის ხელმძღვანელი: დოქტორი ია ყურაშვილი.
რადიოფიზიკური და ელექტრონული სისტემების მოდელირებისა და სისტემა-ტექნიკის განყოფილება
რედაქტირებასამეცნიერო მიმართულებები:
• რადიოფიზიკური და ელექტრონული სისტემების მოდელირება და სისტემატექნიკა;
• რადიოსიხშირული და რადიაციული ტექნოლოგიები;
• ლაზერული და ოპტიკურ-ინფორმაციული ტექნოლოგიები;
• საექსპერტო სამუშაოები.
განყოფილების უფროსი: ბადრი ხვიტია.
გამოგონებები[2]
რედაქტირებაპატენტები და საავტორო მოწმობები:
- P6844. მოწყობილობა/მოდული მართვადი დაბალტემპერატურული ბირთვული რეაქციების განსახორციელებლად. გ.დგებუაძე, თ.ბაციკაძე, ზ.რაზმაძე, ა.მიქაბერიძე. საქპატენტი. 2016.
- P6750. არატრადიციული ტექნოლოგიების გამოყენებით მცენარეული ნედლეულიდან ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ექსტრაგირების ხერხი და მოწყობილობა მის განსახორციელებლად. რ. კენკიშვილი, გ. დგებუაძე, თ. ნატრიაშვილი, ზ. მაისურაძე, ჯ. მესხი, პ. დოლიძე, ს. საბაშვილი. საქპატენტი. 2016.
- AP 2015 13210 A. გიგანტური ლაზერული იმპულსების მიღების ხერხი და მოწყობილობა. გ. ბოკუჩავა, ზ. ვარდოსანიძე, ვ. კუჭუხიძე, ა. ინალიშვილი. საქპატენტი. 2015
- AP 2015 13701 A. მრავალფენიანი დიელექტრიკული ინტერფერენციული ლაზერული სარკე. გ. ბოკუჩავა, ზ. ვარდოსანიძე, ვ. კუჭუხიძე, დ. ბერიშვილი. საქპატენტი. 2015.
- 11436/01. პირდაპირი გახურების ცხელი წნეხი. კ. ბარბაქაძე, გ. დარსაველიძე, გ. ბოკუჩავა.საქპატენტი. 2011
- GE P 2011 5141 B. ვოლფრამის კარბიდის ფუძეზე ნანოკრისტალური სალი მასალების მიღების მეთოდი. ა. გაჩეჩილაძე, ა. კანდელაკი, ო. მიქაძე, ა.მიქელაძე, ი. რუხაძე, ო.ცაგარეიშვილი, ნ. ჯალაბაძე, რ.ჭედია. 2011
- P5699. დანადგარი გოგირდწყალბადის დასაშლელად. გ. ვარშალომიძე, ზ. რაზმაძე, ა. მიქაბერიძე, მ. ჯიბლაძე, გ. დგებუაძე, თ. ბაციკაძე, გ. ცინცაძე, მ. ხარაიშვილი. საქპატენტი. 2011
- P5725. პლანარული მაგნეტრონული გაფრქვევის მოწყობილობა. გ. დგებუაძე, ზ. ბერიშვილი, ს. სიხარულიძე. საქპატენტი. 2011.
- P5923. ლაზერი მიკრო და ნანონაწილაკების ფხვნნილების საფუძველზე. ზ. რაზმაძე, მ. ჯიბლაძე, ა. მიქაბერიძე, გ. დგებუაძე, გ. მუმლაძე. საქპატენტი. 2011.
- P4839. კრიოგენული ტუმბო. გ. დგებუაძე, რ. სალუქვაძე, თ. სორდია. საქპატენტი. 2008.
- P4950. მოწყობილობა ბოჭკოების, მათ შორის ბაზალტის, ბოჭკოს მისაღებად. მ. ჯიბლაძე, ა. მიქაბერიძე, ზ. რაზმაძე, გ. დგებუაძე, პ. მაღალაშვილი, ბ. ჟორჟოლიანი, ვ. არზუმანოვი. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი", 2008.
- 3862. ქსენონ-კრიპტონის ნარევიდან განსაკუთრებული სისუფთავის ქსენონის მიღების ხერხი. თ. აბზიანიძე, ა. ბახტაძე, კ. ბაიაძე, ი. მეტრეველი, გ. აბდუშელიშვილი, გ. ქარელი, ვ. კუჭუხიძე. "საქპატენტი", 2006.
- AP 2004, 3412 A, F 04 C 2/238. როტორული ტუმბო. გ. ბოკუჩავა, მ. ბილისეიშვილი, ვ. ჭანტურიძე, ვ. კაშია. საქპატენტი. 2004.
გამოყენებული ლიტერატურა
რედაქტირება- "სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის 70 წელი, შექმნისა და განვითარების ეტაპები", გ. ბოკუჩავა, გამომცემლობა "უნივერსალი", თბილისი, 2015;
- German scientists in the Soviet Atomic Project, Pavel V. Oleynikov, 2000;
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- http://www.sipt.org.ge/ka/samecniero-saqmianoba/samecniero-mimarthulebebi;
- https://www.reuters.com/article/us-georgia-abkhazia-institute-idUSL0858261620080619;
- https://physicstoday.scitation.org/doi/abs/10.1063/1.2809789?journalCode=pto;
- https://web.archive.org/web/20070710074913/http://npc.sarov.ru/issues/coretaming/coretaming.pdf;
- https://archive.today/20120804013738/www.izvestia.ru/hystory/article3132333/#selection-897.185-897.195;
- https://www.youtube.com/watch?v=6ffNff0oNRY&list=PLE3ErhGPveuhk7wKPn8HiWE49I1qhcUg2;
- https://www.youtube.com/watch?v=LuvBT4A8XcU&list=PLE3ErhGPveuhk7wKPn8HiWE49I1qhcUg2&index=2;
- https://www.youtube.com/watch?v=_GBcHxuT8Rs&list=PLE3ErhGPveuhk7wKPn8HiWE49I1qhcUg2&index=3;
- https://www.youtube.com/watch?v=hNPDm92FXSk&list=PLE3ErhGPveuhk7wKPn8HiWE49I1qhcUg2&index=4;
- https://www.youtube.com/watch?v=222LqzygM_M&list=PLE3ErhGPveuhk7wKPn8HiWE49I1qhcUg2&index=5;
- https://www.youtube.com/watch?v=AzXkWGYlsuc&list=PLE3ErhGPveuhk7wKPn8HiWE49I1qhcUg2&index=6;
- https://www.youtube.com/watch?v=iK1uDaexjtI&list=PLE3ErhGPveuhk7wKPn8HiWE49I1qhcUg2&index=7;
- https://www.youtube.com/watch?v=BmlTiPwPtpY&list=PLE3ErhGPveuhk7wKPn8HiWE49I1qhcUg2&index=8.