სოფია როსტრუპი
სოფია როსტრუპი, დაბ. იაკობსენი (დან. Sofie Rostrup; დ. 7 აგვისტო, 1857, სონდერჰოლმი — გ. 25 იანვარი, 1940, კოპენჰაგენი) — დანიელი ენტომოლოგი. დიდი წვლილი შეიტანა დანიაში სოფლის მეურნეობის მავნებლების შესწავლასა და მათთან ბრძოლის მეთოდების შემუშავებაში.[1]
სოფია როსტრუპი | |
---|---|
1927 წლის ფოტო | |
მშობლიური სახელი | Sofie Rostrup |
დაბადების თარიღი |
7 აგვისტო, 1857 სონდერჰოლი |
გარდაცვალების თარიღი |
25 იანვარი 1940 (82 წლის) კოპენჰაგენი, დანია |
მოქალაქეობა | დანია |
საქმიანობა | ენტომოლოგი |
ჯილდოები | ტაგეი ბრანდტის სახელობის სტიპენდია (1929) |
ბიოგრაფია
რედაქტირებასოფია როსტრუპი დაიბადა 1857 წლის 7 აგვისტოს სონდერჰოლმში, ნიბესთან ახლოს. მისი მშობლები იყვნენ მღვდელი ფრედერიკ თეოდორ იაკობსენი და ცნობილი დანიელი პოეტის სტენ სტენსენ ბლიხერის შთამომავალი პოლინა ელიზაბეტ კეტრინი (დაბ. ბლიხერი). მამა გოგონას ასწავლიდა ლათინურ და ბერძნულ ენებს. სოფიამ პატარაობიდანვე დაინტერესებული იყო სწავლით, განსაკუთრებით, ბუნების ისტორიით.
სოფიას თავდაპირველად პედაგოგობა სურდა. 1879 წელს ჩააბარა შესაბამისი გამოცდები, შემდეგ, როდესაც 1884 წელს ჩაირიცხა უნივერსიტეტში, სპეციალობად ბიოლოგია აირჩია. მას ყველაზე მეტად იზიდავდა ენტომოლოგია, რომელსაც გამოჩენილი ენტომოლოგის იორგენ სკიოტეს ხელმძღვანელობით სწავლობდა. 1889 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი, გახდა პირველი ქალი დანიაში, რომელმაც მიიღო მაგისტრის ხარისხი.
სოფია იაკობსენი 1885 წელს დაქორწინდა ზოოლოგ ჰანს ჰანსენზე, მაგრამ წყვილი შვიდი წლის შემდეგ დაშორდა. სოფია ხელახლა დაქორწინდა 1892 წელს; მისი მეორე მეუღლე გახლდათ ოვე როსტრუპი, ნათესებისა და მათი დაავადებების სპეციალისტის — ბოტანიკოს ემილ როსტრუპის ვაჟი. უფროსი როსტრუპის გავლენით სოფის დაინტერესდა გამოყენებითი სასოფლო-სამეურნეო ენტომოლოგიით. მამამთილის დახმარებით და სახელმწიფოს გარკვეული მხარდაჭერით, მან 1896 წელს დაიწყო სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლების ფართომასშტაბიანი შესწავლა. მატარებლითა და ველოსიპედით მოგზაურობისას სოფია ურთიერთობდა ფერმერებთან და გლეხებთან, სწავლობდა მათ გამოცდილებას და, თავის მხრივ, პრაქტიკულ რჩევებს აძლევდა. მეცნიერსა და პრაქტიკოსებს შორის ამგვარი პირდაპირი თანამშრომლობის პრეცედენტი მანამდე დანიაში არ არსებობდა.
XX საუკუნის დასაწყისში, ნაწილობრივ 1905 წელს მავნებელი მწერების გავრცელების შედეგად, დანიაში სოფლის მეურნეობის მუშაკებმა სრულად გააცნობიერეს პრობლემის სერიოზულობა და ამ მიმართულებით კვლევების მნიშვნელობა. 1907 წელს შეიქმნა ექსპერიმენტული ბიოსტაცია მცენარეთა პათოლოგიების შესასწავლად; მუშაობაში ჩართული იყვნენ კონსულტანტები ზოოლოგები და მიკოლოგები. 1919 წელს სოფია როსტრუპი გახდა ორგანიზაციის ზოოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი და ამ თანამდებობაზე დარჩა 1927 წელს პენსიაზე გასვლამდე.[2]
30 წლის განმავლობაში როსტრუპმა გამოაქვეყნა 50-მდე სამეცნიერო სტატია, არაერთი პოპულარული სტატია და საინფორმაციო ბროშურა. მისი მთავარი ნამუშევარი იყო მონოგრაფია „მწერები და სოფლის მეურნეობის სხვა მავნებლები“ (Dan. Vort Landbrugs Skadedyr blandt Insekter og andre lavere Dyr), რომელიც ეფუძნებოდა საკუთარ საველე კვლევებს. ილუსტრირებული წიგნი შეიცავდა სხვადასხვა მავნებლების დეტალურ აღწერას და მათთან ბრძოლის რეკომენდაციებს. წიგნი არაერთხელ დაიბეჭდა დანიაში და 1931 წელს ითარგმნა გერმანულად, რამაც როსტრუპს საერთაშორისო პოპულარობა მოუტანა.
სოფია როსტრუპს 1927 წელს მიენიჭა ოქროს მედალი "დამსახურებისთვის". იმავე წელს მან მიიღო დანიის ქალთა ჯილდო პრესტიჟული Tagea Brandt Rejselegat. 1928 წელს სტოკჰოლმის ენტომოლოგიურმა საზოგადოებამ იგი საპატიო წევრად აირჩია.[3][4]
სოფია როსტრუპი გარდაიცვალა კოპენჰაგენში 1940 წლის 25 იანვარს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Mary R.S. Creese. Ladies in the Laboratory? American and British Women in Science, 1800-1900: A Survey of Their Contributions to Research. — Scarecrow Press, 2000. — P. 19—21.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Torben Wolff (2003). "Sofie Rostrup (1857 - 1940)" (in Danish). Dansk kvindebiografisk leksikon. Retrieved 27 July 2020.
- ↑ Biographies of the Entomologists of the World — Senckenberg German Entomological Institute.
- ↑ Mary R.S. Creese (2004). Ladies in the Laboratory II: West European Women in Science, 1800-1900: A Survey of Their Contributions to Research. pp. 19–21.
- ↑ Dansk Biografisk Lexikon