ბერძნული ენები
ბერძნული ენები, ბერძნული შტო — ინდოევროპული ენათა ოჯახის ბერძნული შტო. დღესდღეობით ბერძნული შტო წარმოდგენილია მხოლოდ ბერძნული ენით. განასხვავებენ: ძველ ბერძნულს, ბიზანტიურს (VII-XVI სს.) და ახალბერძნულს (XVI საუკუნიდან). უძველესი ბერძნული წარწერები თარიღდება ძვ. წ. VI საუკუნით. უძველესი ხანების ბერძნული მწერლობა დიალექტურ მეტყველებას ასახავს.
- ძველ ბერძნულში გამოყოფენ დიალექტთა ოთხ ჯგუფს; ეს ჯგუფებია:
- იონიურ-ატიკური ჯგუფი: იონიური — მცირე აზიის ბერძენთა კოლონიებში (12 ქალაქში); ატიკური — ქალაქ ათენის დიალექტი. იონიურ დიალექტზე წერდა, კერძოდ, ისტორიკოსი ჰეროდოტე, ატიკურზე — ფილოსოფოსი პლატონი.
- აქეიური ჯგუფი: არკადიული, კიპრული, პამფილიური დიაენათმეცნიერებისლექტები. ამ დიალექტებზე წარწერებია შემონახული.
- ეოლიური ანუ ჩრდილოაღმოსავლური ჯგუფი: თესალიური, ბეოტიური და ლესბური (კუნძულ ლესბოსზე); VII-VI სს. ლესბური, როგორც სალიტერატურო ენა, მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ამ დიალექტზე წერდნენ პოეტები ალკეოსი და საფო.
- დორიული ანუ დასავლური ჯგუფი; ამ ჯგუფის დიალექტებს ვხვდებით ეპირში, ლოკრიდაში; ლაკონიაში, კორინთში, კრეტის კუნძულზე; კუნძულ სიცილიაზე, იტალიაში. დორიულია არქიმედეს პროზის მეტყველება („საერთო დორიული“ სალიტერატურო ენაა — იტალიისა და სიცილიის ბერძნულ კოლონიებში).
ჰომეროსის „ილიადისა“ და „ოდისეას“ ენა ახლოს არის იონიურ დიალექტთან, მაგრამ მასში ძველი ეოლიური ელემენტიც იგრძნობა (თუმცა ამა თუ იმ დიალექტამდე ჰომეროსის ენა არ დაიყვანება). ძვ. წ. IV-III საუკუნიდან ჩვენ წელთაღრიცხვამდე მუშავდება ბერძნული საერთო სალიტერატურო ენა (ე. წ. koinē კოინე „საერთო“, რომელსაც საფუძვლად უდევს ატიკური (ლექსიკაში ეტყობა იონიურის გავლენა). ამ საერთო ენამ მოშალა ბერძნულ დიალექტთა თავისებურებანი. ახალი ბერძნული ენის დიალექტები როდი წარმოადგენენ ძველი ბერძნული დიალექტების გაგრძელებას. ამ დიალექტებისათვის ამოსავალია ხსენებული საერთო ენა (კოინე).
ლიტერატურა
რედაქტირება- არნ. ჩიქობავა, „ენათმეცნიერების შესავალი“, თბ., 2008 წ.