სოლდატოვის ლოქო (ლათ. Silurus soldatovi) — თევზი ლოქოსებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 4 მ, ხოლო წონა 40 კგ. ზურგი და გვერდები მოყავისფრო-მონაცრისფროა, გასდევს მქრქალი ნახჭები. მუცელი უმეტესწილად ღიაა. იკვებება კარჩხანით, კობრით და სხვა თევზებით და ზოგჯერ წყლის ფრინველებით. საკვებზე დიდწილად ღამით გამოდის. შემოდგომაზე მიდის წყალსატევების შედარებით ღრმა მონაკვეთებზე, სადაც ნაკლებად მოძრავ ცხოვრებას მისდევს. ზამთარში არ იკვებება. გავრცელებულია მდინარეების ამურისა და უსურის აუზებსა და ტბა ხანკაში. სიცოცხლის ხანგრძლივობა 30 წლამდეა. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 4 წლისა. სახელი ეწოდა რუსი იქთიოლოგის ვლადიმერ სოლდატოვის პატივსაცემად, რომელიც 1907-1913 წლებში მუშაობდა მდინარე ამურის აუზში ჩატარებულ სამეცნიერო ექსპედიციის ფარგლებში, სადაც იკვლევდა სარეწაო ორაგულისებრთა და ზუთხისებრთა ბიოლოგიას. 2014 წელს მოსკოვის ზარაფხანამ სოლდატოვის ლოქოს გამოსახულებით გამოუშვა საიუბილეო მონეტა.