სირიული ლიტერატურა

სირიული მოზაიკა — კლასიკური ჩვეულებრივ გულისხმობს ქრისტიანულ ლიტერატურას, რომელიც იქმნებოდა III-XIV საუკუნეებში არამეული ენის ედესურ დიალექტზე — სირიულ ენაზე. ქრისტიანულ ლიტერატურას წინ უსწრებდა წარმართული. ჩვენამდე მოღწეული უძველესი ლიტერატურული ძეგლი სირიულ ენაზე — სამოსატელი მარა ბარ სერაფიონის „იესუ — იუდეველთა ბრძენი მეფე“ — წარმართული ხასიათის თხზულებაა. იგი I საუკუნეს განეკუთვნება. წარმართული ლიტერატურის ნიმუშები მოგვიანებითაც გვხვდება.

იოანე ოქროპირის თხზულების სირიული თარგმანი, IX საუკუნის მანუსკრიპტი.

II-IV საუკუნეები

რედაქტირება
 
ეფრემ ასური, XI საუკუნის მოზაიკა

ქრისტიანული სირიული ლიტერატურა ბიბლიური წიგნების თარგმნით იწყება. უძველეს თარგმანად (დაახლ. 170) უნდა მივიჩნიოთ ტატიანის მიერ ოთხი სახარებისაგან სირიულად შედგენილი „შუმერელთა სახარება“, ეგრეთ წოდებული დიატესარონი. სინის პალიმფსესტში (III-IV საუკუნეები) შემონახულია ცალკეულ სახარებათა ძველი სირიული თარგმანი, რომელსაც „განცალკევებულთა სახარებას“ უწოდებენ. ბიბლიის ძველი სირიული თარგმანებიდან აღსანიშნავია კანონიკური ხასიათის ტექსტი, რომელიც „ფეშიტას“ („მარტივის“) სახელითაა ცნობილი და IV-V საუკუნეებით თარიღდება. ბიბლიის ტექსტების გვერდით ადრევე ვრცელდებოდა აპოკრიფული ლიტერატურა. საპატიო ადგილი უჭირავს ჰიმნოგრაფიას. სირიული ლიტერატურის განვითარების ადრეულ საფეხურზე ყურადღებას იპყრობს გამოჩენილი გნოსტიკოსის ბარ-დაისანის (154-222) ჰიმნები. მასვე ეკუთვნის ასტროლოგიური, ისტორიული და სხვა ხასიათის თხზულებანი. ჰიმნოგრაფიაში დიდი სახელი მოიხვეჭა ეფრემ ასურმა, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული სირიული ლიტერატურის აყვავება. IV საუკუნეში აღმოცენდა სირიული თეოლოგიური ლიტერატურაც. „სპარსელი ბრძენის“ სახელით ცნობილი აფრაჰათი (გ. 345) სირიულ ენაზე პირველი თეოლოგიური თხზულების ავტორია. მისი თხზულებების ნაწილი თარგმნილია ქართულ, სომხურ და ეთიოპიურ ენებზე.

V-VI საუკუნეები

რედაქტირება

V-VI საუკუნეებში სირიული ლიტერატურა აღმავლობის გზით ვითარდებოდა. შეიქმნა მდიდარი საეკლესიო პოეტური ლიტერატურა, მძლავრ დარგად ჩამოყალიბდა სირიული ჰიმნოგრაფია — მარტიროლოგია, ფართო გასაქანი მიეცა ფილოსოფიურ ლიტერატურას, გაძლიერდა თეოლოგიური მოღვაწეობა, რასაც ხელი შეუწყო აღნიშნულ ხანაში სირიის ეკლესიაში მომხდარმა განხეთქილებამ; ჩამოყალიბდა ორი მიმართულება — ნესტორიანული ანუ აღმოსავლეთ სირიული და იაკობიტურ-მონოფიზიტური ანუ დასავლეთ სირიულ ეკლესიებად. V საუკუნეში მარუთა უფროსმა (გ. 420) თავი მოუყარა ცალკეულ თხზულებებს წმინდანთა წამებისა და ცხოვრების შესახებ და შეადგინა ერთი კრებული — „მარტვილთა წიგნი“. მასვე ეკუთვნის ლიტერგიკული პოეზია წამებულებზე. ამ ხანებშივე მოღვაწეობდა ისააკ ანტიოქელი (გ. 460/461) — სირიული ლიტერატურის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელი, ისააკ დიდად წოდებული. მისი ზოგიერთი პოემა საოცრად ვრცელია (მაგ. „პოემა თუთიყუშზე“ 2134 სტროფს შეიცავს; „პოემა მონანიებაზე“ — 1929 სტროფს).

ნესტორიანელები

რედაქტირება

ედესაში შეიქმნა ნესტორიანელ მოღვაწეთა ცენტრი, ცნობილი „სპარსული სკოლის“ სახელწოდებთ, სადაც ძირითადად ბერძნულიდან თარგმნიდნენ. აქ საპატიო ადგილი ეჭირა არისტოტელეს შემოქმედებას. შემდგომში ედესიდან განდევნილი ნესტორიანელები ნისიბინში დამკვიდრდნენ და იქ განაგრძობდნენ ადრევე დაწყებულ ლიტერატურულ მოღვაწეობას (ჰიმნების, მადრაშებისა და სხვათა ავტორი ბარ სუმა (გ. 458); ლექსად დაწერილ 360 ქადაგების, ლიტურგიების, ჰიმნების ავტორი ნარსაი (გ. 503); ავტორი მრავალი თხზულებისა საეკლესიო სამართლის დარგში, კათალიკოსი მარ-აბა I (გ. 552); ავტორი არისტოტელეს „დიალექტიკის“ განმარტებებისა, VI საუკუნის მარვის ეპისკოპოსი თეოდორე და სხვ.). ცალკე უნდა აღინიშნოს ბუდის დამსახურება ცნობილი იგავების კრებულის „ქილილა და დამანას“ ფალაურიდან სირიულად თარგმნის საქმეში.

იაკობინელები

რედაქტირება

დიდ ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდნენ იაკობიტებიც, განსაკუთრებით თეოლოგიასა და ფილოსოფიაში (ფილოქსენოს მაგუბელი (გ. 523); იაკობ სარუგელი (გ. 521); იეშუა მესვეტე და იოანე ეფესელი (VI საუკუნე)). ამავე ხანებში მდინარე ევფრატზე, კენნეშრაში შეიქმნა მძლავრი კულტურულ-ლიტერატურული ცენტრი. ბერძნულიდან ითარგმნა და გადმოკეთდა იმპერატორ კონსტანტინესა და მისი სამი ძის შესახებ, იულიანეს შესახებ და სხვ.

VII-VIII საუკუნეები

რედაქტირება

სპარსეთ-ბიზანტიის ომის შემდეგ (611) სირიული ლიტერატურა თანდათან დაცემის გზას დაადგა, მაგრამ სირიისა და მესოპოტამიის არაბებთა მიერ დაპყრობამდე და არაბთა ბატონობის პირველ ხანებში (VII-VIII საუკუნეები) სირიულ ენაზე იქმნებოდა მრავალი მნიშვნელოვანი თხზულება, რომლებშიც დიდი ადგილი ეთმობა კონფესიონალურ დავას ნესტორიანელებსა და იაკობიტებს შორის. ამ მხრივ საყურადღებოა იაკობით იაკობ ედესელისა (გ. 708) და ნესტორიანელ თეოდორ ბარქონაის (VIII საუკუნე) ლიტერატურულ-ფილოსოფიური მოღვაწეობა. იაკობ ედესელს ეკუთვნის ნაშრომები სირიულ ენასა და საეკლესიო სამართალში, დოგმატიკასა და ლიტურგიკაში, სევეროს ანტიოქელის პომილიების თარგმანი და ძველი აღთქმის სირიული თარგმანის ახალი რედაქცია.

ლიტერატურა

რედაქტირება