სიონის წყალსაცავის ტაძარი

სიონის წყალსაცავის ტაძარიბაზილიკური ტიპის ადრეფეოდალური ძეგლი, მდებარეობდა უჯარმის ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე ივრის მარცხენა ნაპირას, იქ სადაც ახლა სიონის წყალსაცავია. აღნიშნული ძეგლი 1948 წელში იქნა აღმოაჩენილი, რომელიც შემდგომ 1951 წლის ივლისში გაითხარა. მოგვიანებით კი თბილისის ხალხური ყოფისა და ხუროთმოძღვრების მუზეუმში მოხდა მისი გადმოტანა.

ტაძარი ეთნოგრაფიულ მუზეუმში

ძეგლი წარმოადგენს საკმაოდ დიდი ზომის ბაზილიკური ტიპის შენობას. ბაზილიკის სამივე ნავს საერთო, ორკალათიანი კრამიტით დახურული სახურავი ჰქონია, რომელსაც ეკვროდა აღმოსავლეთის ფასადზე გამოშვერილი ხუთწახნაგოვანი აფსიდის დამოუკიდებელი საბურავი. შენობა, რომლის კედლები მსხვილი, კარგად გათლილი შირიმის ქვის წესიერი რიგითაა ნაგები, გარედან რამდენადმე სიმძიმის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ მისი ფართო, ჰაერით სავსე, მზრუნველობით დამუშავებული და შემკული შიდა სივრცე ხალისიანი და მიმზიდველია. კამარათა საბჯენი თაღები ეყრდნობა მონოლითურ მრგვალ სვეტებს, რომლებიც ანაწევრებენ შიდა სივრცეს. ყველა თაღი და შესასვლელი ნალისებური მოხაზულობისაა. განსაკუთრებით საზეიმო იერს ატარებს საკურთხეველის კონქის მკაფიოდ გამოყვანილი ნალისებური თაღი. ტაძარი იშვიათი სიუხვითაა მორთული: გეომეტრიული და მცენარული ჩუქურთმით შემკულია სვეტების თავების ყველა მხარე; თაღის იმპოსტზე გამოსახულია სხვადასხვა ცხოველები და მცენარეები; შესასვლელთა არქიტრავებსა და საპირეებზე ორიგინალური ჩუქურთმოვანი კომპოზიციებია, მშვენივრად შესრულებული ვაზის ფოთლებითა და მტევნებით.

შენობის კონსტრუქციული და სამშენებლო ხერხები და დეკორატიული მორთულობა საზღვრავს ძეგლის აშენების თარიღს, რომლის მიხედვით იგი ფეოდალური პერიოდის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ ადრეული ძეგლს წარმოადგენს.

ქვის აკლდამა

რედაქტირება
 
სიონში აღმოჩენილი ქვის აკლდამის გეგმა

აკლდამა შემთხვევით იქნა აღმოჩენილი, მას შემდეგ რაც დატბორვისაგან გადასარჩენი ტაძარი დაიშალა თბილისი ეთნოგრაფიულ მუზეუმში გადმოსატანად. აკლდამა აღმოჩნდა ტაძრიდან აღმოსავლეთ მხარეს.

აკლდამა წარმოადგენს მართკუთხედს (3,70 x 3,44 მ.), რომლის ფართობი 12,73 მ²-ია. იატაკი დიდი ხელოვნებითაა მოგებული, შირიმის ქვის სხვადასხვა ზომის თლილი კვადრებით. სამი კედელი ყრუა. აღმოსავლეთის კედელში შესასვლელია მოწყობილი. კედლები მხოლოდ შიგნიდანაა მოპირკეთებული, შირიმის ქვის სუფთად თლილი კვადრებით. კვადრების ზომა სხვადასხვაა. წყობის ნაკერების ჰორიზონტალობა არ არის დაცული. აკლდამის საპირე ქვების თლისა და წყობის ხასიათის ძალიან უახლოვდება მთავარი ტაძრის საპირე ქვებისას, რაც მიმანიშნებელია იმისა რომ თარიღები აკლდამისა და ტაძრის აშენებისა დაშორებული არ უნდა იყოს.

აკლდამის საკანი გადახურულია სხვადასხვა ზომის თლილი ქვით ნაწყობი ცილინდრული კამარით. გაწმენდისას კამარები ორ ადგილას ჩანგრეული აღმოჩნდა (სავარაუდოდ გაქურდვის მიზეზით). კამარა შეკრულია სულ 25 რიგისაგან. თითოეული რიგის სიგანე საშუალოდ 20 სმ. ტოლია.

აკლდამა შიგნიდან შელესილი ყოფილა კირის დუღაბით. აკლდამაში მიცვალებულთა დასასვენებელი ორი ტახტია (195x145 სმ.). თითოეული ტახტი ორი ცხედრისთვისაა განკუთვნილი. აკლდამის გაწმენდისას ტახტებზე აღმოჩნდა ადამინის ძვლები და სუდარის ნარჩენები, ხოლო დასავლეთის კედელსა და ტახტებს შორის არეულად ჩაყრილი ძვლები. სამარხში ნაპოვნი იქნა სხვადასხვა ნივთები.

აკლდამაში შესასვლელი აღმოსავლეთი მხრიდანაა. დრომოსი წარმოადგენს 2 მეტრისა და 70 სმ-ის სიგანის კორიდორს. მის ფარგლებში 6 საფეხურია აკლდამაში ჩასასვლელად. დრომოსის ნაწილი გადახურულია ცილინდრული კამარით, შესასვლელი კი არქიტრავის ქვით.

1966 წლის აპრილის თვეში დასრულდა აღნიშნული ძეგლის ახლანდელ გიორგი ჩიტაიას სახელობის ქართული ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმში გადმოტანის პროცესი. ძეგლის ახალ ადგილზე აღდგენაში დიდი წვლილი შეიტანეს სპეციალური სამეცნიერო-სარესტავრაციო სახელოსნოს ოსტატმა ვალერიან ვაჭარიძემ და ქვისმთლელთა ბრიგადირმა მიხეილ ბოგუშევმა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „დროშა“, 1951, N4, გვ. 12, 18.
  • „ხალხური ყოფისა და ხუროთმოძღვრების მუზეუმის პირველი ექსპონატი“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 8 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1966 წელი. — გვ. 82-86