კოჩა მიმარ სინან აღა (ოსმალური:اجه معمار سنان آغا; თურქ. Mimar Sinan; დ. 15 აპრილი, 1489 — გ. 17 ივლისი, 1588)[2][3][4]ოსმანთა მთავარი არქიტექტორი (თურქულად: Mimar), ასევე სულთნების: სულეიმან I-ის, სელიმ II-ის და მურად III-ის სამოქალაქო ინჟინერი. მან უხელმძღვანელა 400-ზე მეტი მნიშვნელოვანი კონსტრუქციის მშენებლობას, რომლებიც თავისი ხუროთმოძღვრებით, ესთეტიკითა და სინატიფით შეუდარებელია. მოგვიანებით მისი მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას სტამბოლში სულთან აჰმედის მეჩეთის და მოგოლების იმპერიაში თაჯ-მაჰალის მშენებლობაში.

მიმარ სინანი
اجه معمار سنان آغا
დაიბადა 15 აპრილი, 1489
დაბადების ადგილი კაისერი, ცენტრალური ანატოლიის რეგიონი, თურქეთი
გარდაიცვალა 17 ივლისი, 1588 (99 წლის)
გარდაცვალების ადგილი კონსტანტინოპოლი[1]
ეროვნება თურქი
სფერო არქიტექტურა
ცნობილი ნამუშევრები სელიმიეს მეჩეთი
მეჰმედ-ფაშას ხიდი

მას "ოსმანთა მიქელანჯელოს", "თავისი ეპოქის ევკლიდესა" და "ქვის პოეტს" უწოდებდნენ. ფაქტობრივად „საპატიო ხუროთმოძღვარი“ კოჩა მაიმარ სინან აღა, მიქელანჯელოს თანამედროვე, ოსმანური არქიტექტურის თვალსაჩინო წარმომადგენელია.

ერთ დროს ყოფილმა ხურომ და სამხედრო ინჟინერმა პირველმა შექმნა საოცრად ჰაეროვანი მეჩეთები მრავალწახნაგიანი და ნატიფი თაღებით, რომლებიც ფართო, სინათლით უხვ შიდა სივრცეს ქმნიან.

ახალი იყო ასევე ის, რომ სინანმა თავისი ქმნილებები ქალაქის ლანდშაფტსა და არქიტექტურას შეუსაბამა. ამის დასტურად შეიძლება მოვიყვანოთ სტამბოლში მდებარე სულეიმანიეს მეჩეთის კომპლექსი ოქროს რქის შემაღლებულ ბორცვზე ანდაც სოკოლუ მეჰმედ-ფაშას მეჩეთი ბოსფორის სანაპიროზე.

თუმცა დიდი სინანის ცხოვრების ადრეული წლები მისი შემოქმედების ბოლო წლებივით ბრწყინვალე არ ყოფილა. იგი კაისერისთან მდებარე ცენტრალური ანატოლიის სოფელ აღრინასში, ქრისტიანი მშობლების ოჯახში დაიბადა. 1513 წელს იგი ე.წ. დევრიშიმეს (სისხლის ბეგარა) პოლიტიკის შედეგად სტამბოლში მოხვდა, სადაც მან ისლამი მიიღო და სამხედრო განათლებას დაეუფლა.

როგორც ინჟინერმა მან სულთან სელიმ I-ისა და სულეიმან I–ის ურიცხვ ლაშქრობებში მიიღო მონაწილეობა, რომლებსაც ისინი სპარსეთში, ეგვიპტეში, როდოსსა და ბალკანეთში აწყობდნენ. იმ დროისათვის იგი სიმაგრეებს, ხიდებს და წყლის გაყვანილობებს, საალყო საგუშაგოებსა და კატაპულტებს აგებდა. 1521 წელს სინანი იანიჩართა ელიტურ დანაყოფში შევიდა, ხოლო 1535 წელს სულთნის პირადი დაცვის მეთაურადაც კი დაინიშნა.

თუმცა სინანის ნამდვილი ნიჭი მას შემდეგ გამოვლინდა, როდესაც იგი სულთანმა სულეიმან I–მა 1538 წელს სასახლის სამშენებლო სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნა. სტამბოლში მისი პირველი დიდი დავალება შეჰზადეს მეჩეთის, უფლისწულის მეჩეთის (1543–48) აგება იყო. მოგვიანებით სინანი მას „შეგირდის ნამუშევარს“ უწოდებს. სინანის საოსტატო ნამუშევარიც, ოქროს რქის კიდეში დატერასებული სულეიმანიეს მეჩეთის კომპლექსი (1550–57წწ.), რომელიც მან მის გვერდით ააშენა, სინამდვილეში აია–სოფიას შემდეგ ნამდვილად შედევრია.

მოგვიანებით სინანმა თავისი ქმნილებები ედირნეში სუნთქვისშემკვრელი გუმბათიანი სელიმიეს (1550–57წწ.) აგებით დააგვირგვინა, რომელიც საოცარი შუქთა გამითა და ზღაპრული შემკულობით გამოირჩევა, მათ შორის ჩინებული იზნიქის ფილებით.

სტამბოლში სინანის სხვა ნამუშევრებია: მიჰრიმაჰის მეჩეთი (1543–48წწ.) უსკუდარში, აია–სოფიასთან მდებარე მარმარილოთი მოპირკეთებული წყვილად ნაგები ჰიურემ სულთანის აბანო (1556/57წწ.) და ეგვიპტურ ბაზართან მდებარე რუსტემ ფაშას მეჩეთი (1561–63წწ.) თავისი მომაჯადოებელი ფილებით.

თავისი მბრძანებლის სულთან სულეიმანის მავზოლეუმის (1566/67წწ.) აგებისას სულეიმანიეს ტერიტორიაზე სინანის შთაგონების წყარო იერუსალიმის კლდოვანი ტაძარი გახდა. შესამჩნევ ადგილას მდებარეობს შედარებით მომცრო და სადა აკლდამა, რომელიც სინანმა თავისთვის ააგო. მეტი ბრწყინვალება საჭირო არც იყო, რადგანაც 1588 წელს გარდაცვლილი „სულთანთა ხუროთმოძღვრის“ ყველაზე ძვირფასი შემკულობა მისივე „ქვის პოეზიაა“, მისი წარუშლელად მშვენიერი ნაგებობები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Çelebi, Sai Mustafa (2004). Book of Buildings : Tezkiretü'l Bünyan Ve Tezkiretü'l-Ebniye (Memoirs of Sinan the Architect). Koç Kültür Sanat Tanıtım ISBN 975-296-017-0
  • Egli, Ernst (1954). Sinan, der Baumeister osmanischer Glanzzeit, Erlenbach-Zürich, Verlag für Architektur; ISBN 1-904772-26-9
  • Goodwin, Godfrey (2001). The Janissaries. London: Saqi Books. ISBN 978-0-86356-055-2
  • Güler, Ara; Burelli, Augusto Romano; Freely, John (1992). Sinan: Architect of Suleyman the Magnificent and the Ottoman Golden Age. WW Norton & Co. Inc. ISBN 0-500-34120-6
  • Kinross, Patrick (1977). The Ottoman Centuries: The Rise and Fall of the Turkish Empire London: Perennial. ISBN 978-0-688-08093-8
  • Schnurrer, Elisabeth (2012) : "Istanbul". ADAC Reiseführer, ADAC Verlag GmbH, S. 56; ISBN 978-3-89905-969-4

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: