სერგი დურმიშიძე

ქართველი ბიოქიმიკოსი

სერგი ვასილის ძე დურმიშიძე (დ. 27 თებერვალი, 1910, საჩხერე[1] — გ. 29 მაისი, 1989, თბილისი) — ქართველი ბიოქიმიკოსი, მცენარეთა ბიოქიმიისა და ტექნიკური ბიოქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1952), პროფესორი (1952), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961), სსკპ წევრი 1939 წლიდან.[2]

სერგი დურმიშიძე
დაბ. თარიღი 27 თებერვალი, 1910(1910-02-27)
დაბ. ადგილი საჩხერე, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 29 მაისი, 1989(1989-05-29) (79 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა ბიოქიმიკოსი
ალმა-მატერი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, საქართველოს სახელმწიფო პრემია და საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიოგრაფია

რედაქტირება

1931 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა-მევენახეობის ფაკულტეტი. 1935-1960 წლებში მუშაობდა ამავე ინსტიტუტის ბიოორგანული ქიმიის კათედრაზე (1944-1945 წლებში კათედრის გამგე). 1943-1954 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, 1954-1955 წლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, 1955-1971 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივანი. ამავე დროს 1957 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის დირექტორი (ამ ინსტიტუტის დამაარსებელი). დურმიშიძე აკადემიკოსების ალექსანდრე ოპარინისა და ანდრია კურსანოვის სკოლის წარმომადგენელი იყო. 1971 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი და საქართველოს მეცნირებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის დამაარსებელი და დირექტორი 1987 წლამდე.

მუშაობდა მეორეულ და უცხო ნაერთთა ბიოქიმიის დარგში. დაადგინა სპირტის დუღილის ძირითადი, მეორეული და გარეშე პროდუქტების გარდაქმნის ბიოქიმიური გზები; საფუძველი ჩაუყარა ვაზისა და ღვინის ფენოლურ ნაერთთა ბიოქიმიას; დაამუშავა არომატული ნაერთების უჯრედშიგა ცვლის თეორიული საფუძვლები; წამოაყენა ჰიპოთეზა უჯრედში ფენოლურ და უცხო ნაერთთა ღრმა ჟანგვითი გარდაქმნებისა და დეტოქსიკაციის შესახებ; გამოავლინა ატმოსფეროს, ნიადაგისა და წყლების ბიოლოგიური გასუფთავების ახალი გზები.[2]

მან ბიოქიმიის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას — ალკოჰოლური დუღილის ბიოქიმიას მრავალი ორიგინალური გამოკვლევა მიუძღვნა. პირველმა შეისწავლა რძემჟავას გენეზისი ალკოჰოლური დუღილის პროცესში. დაადგინა, რომ დუღილის პროდუქტებს შორის გამოვლენილი კორელაციური დამოკიდებულება პირობით ხასიათს ატარებს და მადუღარ არეში არსებული დუღილის ძირითადი და მეორეული პროდუქტები რთულ და მრავალმხრივ გარდაქმნებს განიცდის საფუვრების სხვადასხვა გენერაციების მიერ, გამოავლინა ამ გარდაქმნების ძირითადი გზები. მისი კვლევის ეს შედეგები საყოველთაოდ აღიარებულია და შეტანილია მრავალ ადგილობრივ თუ უცხოურ სახელმძღვანელოში. დუღილის ბიოქიმიაში ჩატარებულმა ამ გამოკვლევებმა თეორიული საფუძვლები შეუქმნეს ამ პროცესზე დამყარებულ ტექნოლოგიებს. დადგენილი ვაზის მთრთიმლავ ნივთიერებათა ქიმიური ბუნება, იდენტიფიცირებულია მრავალი პრინციპული მნიშვნელობის ინდივიდუალური ნაერთი. შრომები, რომლებიც ვაზის მთრთიმლავი ნივთიერებების და ანთოციანების ქიმიას მიეძღვნა, შევიდა მსოფლიოს სპეციალურ ლიტერატურაში. სერგი დურმიშიძის ამ შრომებმა დიდი გავლენა მოახდინა ვაზისა და ღვინის ბიოქიმიურ და ტექნოლოგიურ გამოკვლევებზე.[3]

1955 წელს გამოიცა აკადემიკოს სერგი დურმიშიძის მონოგრაფია: „ვაზისა და ღვინის მთრთიმლავი ნივთიერებანი და ანთოციანები“. დღესაც ეს ნაშრომი სამაგიდო წიგნს წარმოადგენს ფენოლურ ნაერთებზე მომუშავე მკვლევართათვის. უცხოელი მეცნიერების მიერ ამ წიგნის ძირითადი შინაარსი გადაითარგნა და გამოქვეყნდა აშშ-ში, საფრანგეთში, იტალიასა და პორტუგალიაში. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 4 შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით. საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქეა. 1990 წელს ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტს მიენიჭა სერგი დურმიშიძის სახელი. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.[4] დურმიშიძე 5 მონოგრაფიის, 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 6 გამოგონების ავტორია.[5]

1954-1955 წლებში საქართველოს კპ ცკ-ის წევრი. საქართველოს სსრ IV-XI მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.[2]

იგი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ბიოქიმიკოსთა საზოგადოების პრეზიდიუმის თავმჯდომარე. იყო მრავალი საპრობლემო საბჭოს, კომისიის, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე და წევრი, სამეცნიერო საზოგადოებრივ-პოლიტიკური და კულტურულ-მხატვრული ჟურნალების სარედაქციო საბჭოების წევრი და საყურადღებო ნაშრომების ავტორი. მსოფლიო აღიარება ჰპოვა მისმა გამოკვლევებმა სპირტული დუღილის ბიოქიმიაში, ორგანული მჟავებისა და ამინომჟავების ცვლაში, ფლავონოიდების ქიმიასა და ბიოქიმიაში, ფენოლური ბუნების ქიმიური რეგულატორების მეტაბოლიზმში, ქსენობიოქიმიაში.[3]

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

თხზულებები

რედაქტირება
  • Генезис молочной кислоты при естественном алкогольном брожении, "Биохимия", 1938, т. 3, № 3;
  • Триоза как акцептор водорода в процессе дезаминирования глутаминовой кислоты при алкогольном брожении, в кн.: Биохимия виноделия, вып. 2, М., 1948;
  • Полифенолоксидаза винограда и ее роль в технологии виноделия, "Биохимия", 1950, т. 15, вып. 1;
  • Дубильные вещества и антоцианы виноградной лозы и вина, М., 1955.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 129, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ენციკლოპედია „საქართველო“
  2. 2.0 2.1 2.2 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 656.
  3. 3.0 3.1 საქართველოს რესპუბლიკა. სახელოვანი მამულიშვილი: აკადემიკოსი სერგი დურმიშიძე - 100. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2014-06-17.
  4. აკადემიკოსი სერგი დურმიშიძე
  5. აკადემიკოსი სერგი დურმიშიძე