სერგეი დონაური
სერგეი დონაური (დონაუროვი) (დ. 14 ნოემბერი, [ძვ. სტ. 2 ნოემბერი] 1838, სანქტ-პეტერბურგი — გ. 22 მარტი, [ძვ. სტ. 10 მარტი] 1897) — რუსი კომპოზიტორი და პოეტი.
სერგეი დონაური | |
---|---|
დაბადების თარიღი |
2 ნოემბერი, 1838 სანქტ-პეტერბურგი |
გარდაცვალების თარიღი |
10 მარტი, 1897 (58 წლის) სანქტ-პეტერბურგი |
დაკრძალულია | ვოლკოვოს მართლმადიდებლური სასაფლაო |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | კომპოზიტორი, პოეტი |
მშობლები |
მამა: ივანე დონაური დედა: ნატალია გოლიცინა |
ბიოგრაფია
რედაქტირებასერგეი დონაუროვების დიდგვაროვან ოჯახში დაიბადა. ყველა მის ნათესავს მაღალი თანამდებობა ეკავა სახელმწიფო სამსახურში ან რუსეთის იმპერიის არმიაში. მამა, ივანე მიხეილის ძე დონაუროვი იყო კამერგერი, იაროსლავის გუბერნიის ვიცე-გუბერნატორი. დედაც მაღალი წრის ქალბატონი გახლდათ ნატალია გრიგოლის ასული გოლიცინა.
სერგეი მოინათლა 1838 წლის 18 დეკემბერს სიმეონოვის ეკლესიაში. განათლება მიიღო პაჟთა კორპუსში, რომლის დამთავრების შემდეგ დიპლომატიურ სამსახურში შევიდა. მუშაობდა ატაშედ საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, შემდეგ იტალიის რუსეთის საელჩოში სხვადასხვა თანამდებობებზე. საზღვარგარეთის მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ სამუშაოდ გადავიდა ბეჭდური საქმის მთავარ სამმართველოში, სადაც მუშაობდა ცენზორად. მალე გახდა დირექტორატის საბჭოს წევრი, პასუხისმგებელი დრამატული ნაწარმოებების შემოწმებაზე.
დონაური მრავალი ცნობილი რომანსის ავტორია, რომლებიც დღესაც წარმატებით სრულდება. ლექსებს წერდა როგორც რუსულად, ასევე ფრანგულად. მას ეკუთვნის ფრანგული ტექსტი პოპულარული რომანსისა - „წაბლა ცხენები“, რომელიც შემდეგ რუსულადაც ითარგმნა.
მუსიკითა და პოეზიით სერგეი დაკავებული იყო სამსახურიდან თავისუფალ დროს. ის თავის თავს მუსიკის მოყვარულად, დილეტანტად მიიჩნევდა და საკუთარ შემოქმედებას სერიოზულ მნიშვნელობას არ ანიჭებდა. მისი ძირითადი მუსიკალური ნაწარმოებები იყო რომანსები, რომლებსაც ის ქმნიდა, როგორც საკუთარ, ასევე ცნობილი პოეტების ლექსებზე. მას ეკუთვნის არანაკლებ ასი რომანსისა. კრიტიკოსები აღნიშნავენ დონაუროვის ნაწარმოებების სენტიმენტალურ ხასიათს, მათ სტილისტურ მსგავსებას რუსულ ქალაქურ ლირიკულ სიმღერასთან და მისივე პოეტური ტექსტების უპრეტენზიობას. ცნობილია, რომ ის იყო ფიოდორ ტიუტჩევის ლექსის „მე შეგხვდი“ მუსიკის პირველი ვერსიის ავტორი და ერთადერთი კომპოზიტორი, რომელმაც მუსიკა ამ ლექსზე დაწერა ჯერ კიდევ ტიუტჩევის სიცოცხლეში.
სერგეის რომანსები რეგულარულად იბეჭდებოდა სხვადასხვა პოეტურ და მუსიკალურ ალმანახებში და ბევრმა მათგანმა მოიპოვა ფართო პოპულარობა. კომპოზიტორი, ასევე, იყო ავტორი სულ მცირე ორი ოპერეტისა, რომლებიც დაიდგა საიმპერატორო თეატრებში „ქრისტოფერ კოლუმბი“ და „მოგზაურობა მთვარეზე“. მათი სანოტო ჩანაწერები არ შემოინახა.
გარდაიცვალა 1897 წლის 10 მარტს, სანქტ-პეტერბურგში. დაკრძალულია იქვე, ვოლკოვოს მართლმადიდებლურ სასაფლაოზე.