ივანე დონაური
ივანე მიხეილის ძე დონაური (რუს. Иван Михайлович Донауров; დ. 3 აპრილი, 1806, სანქტ-პეტერბურგი — გ. 20 ივლისი, 1849, სანქტ-პეტერბურგი) — რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, იაროსლავლის გუბერნიის ვიცე-გუბერნატორი, სახელმწიფო მრჩეველი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაივანე დონაური დაიბადა 1806 წლის 3 აპრილს, სანქტ-პეტერბურგში. იგი იყო, მეფე ვახტანგ VI-თან ერთად გადასახლებულ ქართველ აზნაურთა შთამომავალი, სენატორ მიხეილ დონაურის ვაჟი.
1824 წლის დეკემბერში დაამთავრა ცარსკოე-სელოს კეთილშობილთა პანსიონი, მიანიჭეს XII კლასის ჩინი და გაანაწილეს საგარეო საქმეთა სახელმწიფო კოლეგიაში. 1827 წლის 13 სექტემბერს მუშაობა დაიწყო პარიზში მდებარე რუსეთის იმპერიის საელჩოში შტატგარეშე თანამშრომლად. შემდეგ წელს დაიმსახურა კოლეგიის მდივნის წოდება და გააგზავნეს ბრიუსელში მისიის მეორე მდივნად. 1831 წლის 18 დეკემბერს მიანიჭეს ტიტულარული მრჩევლის ჩინი და კამერ-იუნკერის წოდება. 1832 წელს ივანე დონაური ასრულებდა კურიერის ფუნქციას, თავდაპირველად, ჰააგიდან სანქტ-პეტერბურგში, შემდეგ სანქტ-პეტერბურგიდან ლონდონში. 1833 წელს მსახურობდა საელჩოს მეორე მდივნად ჰააგაში, ნიდერლანდების სამეფოში.
1837 წლის ივნისში საგანგებო დავალებათა მოხელის სტატუსით მიავლინეს კალუგის გუბერნიაში. 1838 წელს მსახურობდა კანცელარიის პირველ მდივნად საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტში. 1838 წლის 8 იანვარს გადავიდა სახელმწიფო ქონების სამინისტროში, სადაც 1842 წელს ეკავა საგანგებო დავალებათა მოხელის თანამდებობა.
1843 წელს დანიშნეს იაროსლავლის გუბერნიის ვიცე-გუბერნატორად, ხოლო 1846 წელს მიენიჭა სახელმწიფო მრჩევლისა და კამერგერის წოდება.
ივანე დონაური დაქორწინებული იყო პენზის გუბერნატორის ქალიშვილზე, ნატალია გოლიცინაზე. მათ სამი ვაჟი და ოთხი ასული შეეძინათ. ერთ-ერთი ვაჟი, სერგეი დონაური, იყო კომპოზიტორი და პოეტი.
ივანე დონაური გარდაიცვალა 1849 წლის 20 ივლისს, სანქტ-პეტერბურგში. დაკრძალულია ვოლკოვოს მართლმადიდებლურ სასაფლაოზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.480.
- Кульбака Н., История дворянского рода Донауровых. – М., 2013. сс. 48-53.