მიხეილ დონაური
მიხეილ ივანეს ძე დონაური (რუს. Михаил Иванович Донауров; დ. 1757, სანქტ-პეტერბურგი — გ. 21 ოქტომბერი, 1817, სანქტ-პეტერბურგი) — წარმოშობით ქართველი რუსი სახელმწიფო მოღვაწე, სენატორი, გენერალ-მაიორი.
ბიოგრაფია
რედაქტირებამიხეილ დონაური დაიბადა 1757 წელს, სანქტ-პეტერბურგში. იგი იყო მეფე ვახტანგ VI-თან ერთად რუსეთში გადასახლებული კახელი აზნაურის, ივანე გერასიმეს ძე დონაურის, ვაჟი.
1765 წელს მიიღეს სანქტ-პეტერბურგის მეცნიერებარა აკადემიასთან ახალად დაარსებულ მცირეწლოვან ბავშვთა აკადემიურ გიმნაზიაში. მისი დამთავრების შემდეგ, 1975 წელს განაწილებით მოხვდა რუსეთის იმპერიის საგარეო საქმეთა კოლეგიაში. მუშაობდა სტოკჰოლმში, რუსეთის საელჩოში კანცელარიის რიგით თანამშრომლად. 1782 წელს, შვედეთიდან დაბრუნების შემდეგ, მსახურობდა თარჯიმნად კაპიტან-პორუჩიკის ჩინით.
მიხეილ დონაური 1783 წელს დანიშნეს ვიბორგის გენერალ-გუბერნატორის, პრინც ფტიდრიხ ვიურტემბერგის, მდივნად. 1787 წლიდან იმპერატორ ეკატერინე II-ის კარზე ასრულებდა ტახტის მემკვიდრის პავლე პეტრეს ძის მდივნისა და ბიბლიოთეკარის მოვალეობას. პავლე I-ის სურვილის თანახმად გადაიყვანეს სამხედრო სამსახურში, გატჩინის არმიაში, სადაც მიანიჭეს პოლკოვნიკის წოდება. 1796 წლის ნოემბერში, პავლე I-ის გამეფებასთან დაკავშირებით, მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი.
1797 წლის 28 იანვრიდან ხელმძღვანელობდა მისი უმაღლესობის კაბინეტს. 1798 წლის 18 მარტს მიენიჭა საიდუმლო მრჩევლის, 1799 წელს კი ნამდვილი საიდუმლო მრჩევლის წოდება. ამავე წლის 14 იანვარს გახდა სენატორი. 1799 წლის 30 მარტს პავლე I-მა მიხეილ დონაურს დაუმტკიცა გერბი წარწერით "მხოლოდ შენ" (Tibi soli) და მიანიჭა რუსეთის აზნაურობა.
მიხაილ დონაური გახდა ინტრიგების მსხვერპლი და 1799 წლის 16 დეკემბერს ყველა დაკავებული თანამდებობიდან დაითხოვეს. სამსახურში აღადგინა ალექსანდრე I-მა 1801 წლის 20 აპრილს და დანიშნა სენატორად სენატის III დეპარტამენტში. 1802 წლიდან ის იყო კეთილშობილ ქალთა აღმზრდელობითი საზოგადოებისა და სანქტ-პეტერბურგის წმ. ეკატერინეს ორდენის სასწავლებლის საბჭოების წევრი.
მიხაილ დონაური გარდაიცვალა სანქტ-პეტერბურგში, 1817 წლის 21 ოქტომბერს. დაკრძალეს ვოლკოვოს მართლმადიდებლურ სასაფლაოზე.
ოჯახი
რედაქტირება1795 წლის 8 აპრილს მიხეილ დონაურმა ცოლად შეირთო მარია ვერიგინა, გენერლის ქალიშვილი. მათ რვა შვილი შეეძინათ - ერთი ასული და შვიდი ვაჟი. ვაჟებიდან პეტრე იყო სახელმწიფო კონტროლიორის მოადგილე, სენატორი, სანქტ-პეტერბურგის სამოქალაქო გუბერნატორი, ხოლო, ივანე - იაროსლავის ვიცე გუბერნატორი.
ჯილდოები
რედაქტირება- წმინდა ვლადიმირის მე-4 ხარისხის ორდენი (22 იანვარი, 1786)
- წმინდა ანას 1-ლი ხარისხის ორდენი (12 ნოემბერი, 1796)
- წმინდა ლაექსანდრე ნეველის ორდენი (5 აპრილი, 1797)
- წმინდა იოანე იერუსალიმელის დიდი ჯვრის ორდენი (16 თებერვალი, 1803)[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართველები მსოფლიო ისტორიაში: ტომი 13. – თბ., 2021. – გვ.78.
- საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.480.
- Кульбака Н., История дворянского рода Донауровых. – М., 2013. сс. 17-33.