პეტრე დონაური (მამა)
პეტრე მიხეილის ძე დონაური (რუს. Пётр Михайлович Донауров; დ. 17 თებერვალი, 1801 — გ. 22 ივლისი, 1863) — რუსი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე. წარმოშობით ქართველი. ვლადიმირისა (1842-1851) და სანქტ-პეტერბურგის (1851-1855) გუბერნატორი.
პეტრე მიხეილის ძე დონაური | |
---|---|
ვლადიმირის გუბერნატორი | |
მმართ. წლები: | 1842-1851 |
სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორი | |
მმართ. წლები: | 1851-1855 |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 17 თებერვალი, 1801 |
დაბ. ადგილი: | სანქტ-პეტერბურგი |
გარდ. თარიღი: | 22 ივლისი, 1863 |
გარდ. ადგილი: | სანქტ-პეტერბურგი |
დაკრძ. ადგილი: | ტიხვინის სასაფლაო |
მეუღლე: | ნატალია ალექსის ასული ხიტროვო |
შვილები: | ალექსი დონაური, პეტრე დონაური |
მამა: | მიხეილ დონაური |
ბიოგრაფია
რედაქტირებასაქართველოდან რუსეთში გადახვეწილ ქართველ აზნაურთა შთამომავალი, გენერალ-მაიორ მიხეილ დონაურის ვაჟი, პეტრე დონაური (დონაუროვი), დაიბადა 1801 წლის 17 თებერვალს სანქტ-პეტერბურგში.
პაჟთა კორპუსის დამთავრების შემდეგ, 1819 წლის 11 ნოემბერს სამსახური დაიწყო შტანდარტ-იუნკერად ლეიბ-გვარდიის საცხენოსნო პოლკში. 1820 წელს მიენიჭა კორნეტის, ხოლო 1824 წელს — პორუჩიკის წოდება. 1825 წლის 14 დეკემბერს მონაწილეობდა დეკაბრისტების აჯანყების ჩახშობაში სენატის მოედანზე, რისთვისაც დაიმსახურა ნიკოლოზ I-ის წყალობა. 1828 წლის იანვარში დააწინაურეს შტაბს-როტმისტრად. იმავე წლის თებერვლიდან იყო ინფანტერიის გენერალ ალექსანდრე ვიურტემბერგის ადიუტანტი. მონაწილეობდა პოლონეთის აჯანყების ჩახშობის ოპერაციაში. 1831 წლის 25 მაისს გახდა გვარდიის როტმისტრი. 1832 წელს ავადმყოფობის გამო თავი დაანება სამხედრო სამსახურს და „კოლეჟსკი სოვეტნიკის“ ჩინით დაიწყო საქმიანობა სამოქალაქო სამსახურში.
1833 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა კამერგერის წოდება. 1835 წლის 7 აპრილიდან ატარებდა სახელმწიფო მრჩეველის ჩინს. 1836 წლიდან იყო სამხედრო სამინისტროს საგანგებო დავალებათა მოხელე. 1838 წლიდან მსახურობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. 1840 წელს მიიღო ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის წოდება. 1842-1851 წლებში ეკავა ვლადიმირის, ხოლო 1851-1855 წლებში — სანქტ-პეტერბურგის სამოქალაქო გუბერნატორის პოსტი.
ვლადიმირში მისი გუბერნატორობის დროს დაარსდა ბავშვთა თავშესაფარი (1844), აშენდა ადგილობრივი გამოსასწორებელი საპატიმრო განყოფილების შენობა (1845). პეტრე დონაურის ხელმძღვანელობით გუბერნიაში დაიწყეს კარტოფილის მოყვანის თანამედროვე მეთოდების გამოყენება. მიღწეული წარმატებებისთვის მან დაიმსახურა ხელისუფლების მადლობა და ჯილდოები, ხალხმა კი ზედმეტ სახელად „კარტოფილის გუბერნატორი“ შეარქვა.
1951 წლის ივნისიდან იყო სანქტ-პეტერბურგის სამოქალაქო გუბერნატორი. იმავე წლის 6 დეკემბრიდან გახდა ნამდვილი საიდუმლო მრჩეველი. 1855 წელს 2 აპრილს გადადგა გუბერნატორობის თანამდებობიდან და მუშაობა დაიწყო სენატორად და სახელმწიფო კონტროლიორის მოადგილედ.
ხანგრძლივი სამხედრო და სამოქალაქო სამსახურის მანძილზე პეტრე დონაუროვი დაჯილდოებული იყო წმინდა ვლადიმირის მე-4 და მე-3 ხარისხის ორდენით, წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენით.
1829 წლის 28 აპრილს პეტრე დონაურმა ცოლად შეირთო ნატალია ალექსის ასული ხიტროვო (1804-1862), სახელმწიფო კონტროლიორის ქალიშვილი. მათ შვიდი ვაჟი შეეძინათ, მათ შორის ალექსი დონაური, რუსეთის იმპერიის გენერალ-ლეიტენანტი.
პეტრე დონაური გარდაიცვალა 1863 წლის 22 ივლისს, სანქტ-პეტერბურგში. დაკრძალულია მეუღლის გვერდით, ალექსანდრე ნეველის ლავრის ტიხვინის სასაფლაოზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.480.
- Кульбака Н., История дворянского рода Донауровых. – М., 2013. сс. 39-46.