სერბეთ-ბულგარეთის ომი
სერბეთ-ბულგარეთის ომი — ომი დაიწყო 1885 წლის 14 ნოემბერს და დასრულდა იმავე წლის 28 ნოემბერს, ბულგარეთის სრული გამარჯვებით. საბოლოო საზავო ხელშეკრულება გაფორმდა 1886 წლის 19 თებერვალს ბუქარესტში. ამ ომში ბულგარეთის გამარჯვების შემდეგ ევროპის სახელმწიფოებმა აღიარეს ბულგარეთის გაერთიანება.
ომის მიზეზები
რედაქტირებაომის დაწყების გამომწვევი მიზეზი იყო, ბულგარეთის და აღმოსავლეთ რუმელიის რესპუბლიკის გაერთიანება, რომლის წინააღმდეგაც გამოდიოდნენ როგორც რუსეთი ასევე ავსტრო-უნგრეთი და სერბეთი. სამივე მათგანი ბულგარეთის გაერთიანებაში ხედავდა ბალკანეთში გავლენის დაკარგვის საფრთხეს. ავსტრო-უნგრეთის ხელისუფლება აქეზებდა სერბეთის მეფეს მილან IV ობრენოვიჩს და პირდებოდა გამარჯვების შემთხვევაში მნიშვნელოვან ტერიტორიულ ზრდას დასავლეთ ბალკანეთში, ასევე ბელგრადში იმედოვნებდნენ, რომ ოსმალეთი ომში დახმარებას აღმოუჩენდა სერბეთს და შეეცდებოდა რამდენიმე წლის წინ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას (რაც არ გამართლდა), სერბეთის ხელისუფლებას ეიმედებოდა ასევე რუსეთის რომელთანაც მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებდა და რომელიც განაწყენებული იყო იმით რომ ბულგარეთი რუსეთის სურვილის საწინააღმდეგოდ მაინც გაერთიანდა.
საომარი მოქმედებების დაწყების მიზეზი გახდა სასაზღვრო კონფლიქტი მდინარე ტიმოკზე, სადაც სერბეთ-ბულგარეთის საზღვარი გადიოდა. რამდენიმე წლის განმავლობაში მდ.ტიმოკმა კალაპოტი შეიცვალა და სერბი მესაზღვრეები ბულგარულ მხარეს აღმოჩნდნენ, ბულგარელების მოთხოვნის მიუხედავად, რომ სერბები გადასულიყვნენ მდინარის მეორე მხარეს სერბებმა არ ისურვეს მოთხოვნის შესრულება, მაშინ ბუგარელებმა ძალით დაატოვებინეს ტერიტორია სერბებს, რაც გახდა კიდეც ფორმალურად ომის დაწყების მიზეზი.
სერბეთი ომის წინ
რედაქტირებასერბეთის არმია ომის დაწყებისას ფაქტობრივად ყველა მონაცემით (არტილერიის გარდა) სჯობდა ბულგარეთისას, სერბები შეიარაღებული იყვნენ თანამედროვე ტექნიკით ასევე მიღებული ჰქონდათ დიდი საბრძოლო გამოცდილება ოსმალეთთან წარმოებულ ბოლო ორ ომში და ჰყავდათ მაღალკვალიფიციური გენერლები და ოფიცრები. თუმცა არსებობდა მნიშვნელოვანი პრობლემებიც კერძოდ ის, რომ სერბ მეომრებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ სათანადო დონეზე ათვისებული ახალი შეიარაღება და არ იცოდნენ მისი გამოყენება, ასევე მილან IV ომის დაწყებისას გამოსცა ბრძანება რომ მოეხდინათ მხოლოდ პირველი კლასის ქვეითების მობილიზება (30 წლამდე ახალწვეულები) რითაც დაუკარგა სერბეთის არმიას შესაძლებლობა გამოეყენებინა ომებში გამოცდილი ვეტერანები. ომის დაწყების მომენტში სერბეთში არსებობდა ბევრი საშინაო პრობლემა რაც არ იძლეოდა საშუალებას მომხდარიყო სრული კონცენტრაცია საომარ მოქმედებებზე. მთავარი შეცდომა მილან IV იყო ის, რომ როდესაც საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ დეკლარაცია გამოსცა, მასში ეწერა რომ სერბები მიდიოდნენ ბულგარელების დასახმარებლად თურქების წინააღმდეგ საომრად, როდესაც რეალობა განსხვავებული აღმოჩნდა სერბეთის არმიაში გაუგებრობამ იჩინა თავი.
ბულგარეთი ომის წინ
რედაქტირებაბულგარეთის არმია განსხვავებით სერბეთისგან არ იყო შეიარაღებული თანამედრომე ტექნიკით და მხოლოდ არტილერიით სჯობდა თავის მოწინააღმდეგეს. სიტუაციას ართულებდა ისიც რომ ბულგარეთის გაერთიანების შემდეგ რუსეთს და ბულგარეთს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, განაწყენებულმა რუსებმა ბულგარეთიდან ყველა თავისი ოფიცერი და გენერალი გაიწვიეს, შეიქმნა ისეთი სიტუაცია რომ ახლად შექმნილ ბულგარეთის არმიაში არ იყვენენ ოფიცრები რომლებსაც კაპიტანზე უფრო მაღალი წოდება ექნებოდათ, ამიტომაც ამ ომს ხშირად „კაპიტნების და გენერლების ომს“ უწოდებენ. კიდევ უფრო ართულებდა მდგომარეობას ისიც, რომ ბულგარეთის არმიის უმთავრესი ძალები ოსმალეთის საზღვართან იმყოფებოდნენ (თუმცა ომის დაწყებიდან 5-6 დღეში ბულგარელებმა შეძლეს ამ ძალების ომის წინა ხაზზე გადასროლა). ბულგარეთის არმიას სერბეთისგან განსხვავებით ჰქონდა მაღალი საბრძოლო სულისკვეთება და შემართება დაეცვათ ბულგარეთი, არ დაეშვათ მათი სამშობლოს ხელახალი დაპყრობა და დანაწილება.
ომის მსვლელობა
რედაქტირებასერბებმა საზღვარი 14 ნოემბერს გადაკვეთეს და დაიწყეს შეტევის განვითარება ბულგარეთის ტერიტორიის სიღრმეში, მაგრამ შეტევა სწრაფად შეჩერდა როდესაც სერბები მიადგნენ ქალაქ სილვინიცას 16-19 ნოემბერს სერბეთის არმია წარუმატებლად უტევდა ბულგარელების პოზიციებს, ამავე დროს ტიმოკის დივიზიამ ალყაში მოაქცია ქალაქი ვიდინი თუმცა ვერავითარი წარმატების მიღწევა ვერ შეძლო და უკვე ომის დასრულების შემდეგ, 29 ნოემბერს მოხსნა ალყა ქალაქს და სერბეთში დაბრუნდა. სილვინიცასთან განცდილი მარცხის შემდეგ სერბებმა უკან დახევა დაიწყეს და უკვე 24 ნოემბერს სერბეთის ტერიტორიაზე დაბრუნდნენ. ბულგარელებმა კი კონტრშეტევა წამოიწყეს ქალაქ პიროტის მიმართულებით 26-27 ნოემბერს გაიმართა პიროტის ბრძოლა სადაც ბულგარელებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს სერბებზე და აიძულეს ისინი დაეტოვებინათ პიროტი, სერბები ნიშში გამაგრდნენ, ბულგარელებმა კი დაიწყეს მზადება ნიშის იერიშისთვის. თუმცა 28 ნოემბერს ავსტრო-უნგრეთის ელჩი სერბეთში შეხვდა ბულგარელ სამხედროებს და გააფრთხილა, რომ თუ ისინი განაგრძობდნენ საბრძოლო მოქმედებებს მათ უკვე ავსტრია-უნგრეთის არმიასთან მოუწევდათ ბრძოლა. ავსტრია-უნგრეთთან ომის თავიდან აცილების მიზნით ბულგარელებმა შეწყვიტეს საბრძოლო მოქმედებები და დაბრუნდნენ თავიანთ ტერიტორიაზე, სერბები ომის დასრულების მიუხედავად მაინც ცდილობდნენ აეღოთ ვიდინი და ზავის დადების დროს თავისთვის უფრო მომგებიანი პირობები მიეღოთ.
საზავო ხელშეკრულება
რედაქტირებაცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება გაფორმდა 7 დეკემბერს, საბოლოო საზავო ხელშეკრულება კი 1886 წლის 19 თებერვალს ბუქარესტში.
საზავო ხელშეკრულებას არავითარი ტერიტორიული ცვლილებები არ მოუხდენია, სერბეთ-ბულგარეთის საზღვარი გავიდა კვლავ იქ სადაც გადიოდა, მაგრამ ბუქარესტის სამშვიდობო ხელშეკრულებით მოხდა ბულგარეთის გაერთიანების აღიარება ევროპის წამყვანი სახელმწიფოების მიერ რაც ბულგარეთისთვის დიდი გამარჯვება იყო.
ომის შედეგები
რედაქტირებაომში სერბებს დაეხოცათ 746 და დაეჭრათ 4 570 ჯარისკაცი და ოფიცერი. ბულგარელების ანალოგიური დანაკარგი შეადგენდა 771 დახოცილ და 4 232 დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეს. ამ ომში დამარცხების შემდეგ სერბეთის არმიამ განიცადა დიდი მორალური დარტყმა და რაც მთავარია შეილახა მისი პრესტიჟი, რომლის აღდგენა ბალკანეთის ომის შემდეგაც კი ვერ მოხერხდა. თავის მხრივ ბულგარეთის არმიამ ამ ომის შემდეგ ევროპაში დაიმკვიდრა ბალკანეთში საუკეთესო არმიის წოდება, ხოლო ბულგარელებს ზოგჯერ „ბალკანეთის პრუსიელებსაც“ კი უწოდებდნენ. ამ ომმა დიდი გავლენა იქონია სერბეთ-ბულგარეთის ურთიერთობებზე და თუკი აქამდე ორივე ერი ერთობლივად იბრძოდა თურქი დამპყრობლების წინააღმდეგ, ომის შემდეგ მათ შორის უნდობლობა და მტრული ურთიერთდამოკიდებულება გაჩნდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Урланис Б. Ц. Войны и народонаселение Европы. — М., 1960.