ალექსანდრ ბატენბერგი
ალექსანდრ ბატენბერგი (დ. 17 აპრილი [ძვ. სტ. 5 აპრილი], 1857 — გ. 4 ნოემბერი [ძვ. სტ. 23 ოქტომბერი], 1893) — ბულგარეთის სამთავროს პირველი მმართველი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაწარმოშობით იყო ჰესენის საგვარეულოდან. მიიღო სამხედრო განათლება და მსახურობდა სეკუნდ-ლეიტენანტად ჰესენის მე-2 ლეიბ-დრაგუნთა პოლკში. მსახურობდა რუსეთის იმპერიის არმიაში და იყო მონაწილე 1877–1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომისა. რუსეთის იმპერატორის კართან დაახლოებული იყო ნათესაური კავშირით. 1879 წლის 29 აპრილს, 22 წლის ასაკში, აირჩიეს ახლადშექმნილი ბულგარეთის სამთავროს პირველ მმართველად. ამ პოსტზე იყო 1886 წლამდე. 1880 წლის ივნისში გარდაიცვალა ბატენბერგის დეიდა, რუსეთის დედოფალი მარია ალექსანდრეს ასული, ამის შემდეგ ბატენბერგს მმართველობა გაუჭირდა. მისი პირველი ანტირუსული ნაბიჯი იყო ბულგარეთის რკინიგზის მშენებლობისას რუსეთის ინტერესების გაუთვალისწინებლობა, ის ასევე არასათანადო პირობებში ამყოფებდა რუსი ოფიცრებით დაკომპლექტებულ ბულგარეთის არმიას. 1881 წლის ივნისში გამოსცა დეკრეტი პრესის თავისუფლების შესახებ. 1881 წელს დიდი ეროვნული კრების არჩევნები დასრულდა ბატენბერგის მომხრე კონსერვატორების დიდი გამარჯვებით. 1882 წლის მაისში და იმოგზაურა პეტერბურგში, რის შემდეგაც დაუნიშნეს შინაგან საქმეთა და სამხედრო მინისტრები. 1883 წელს კვლავ ჩავიდა პეტერბურგში, სადაც დაესწრო ალექსანდრე III-ს კორონაციას. ბატენბერგმა ალექსანდრეს სთხოვა რუსეთის მიერ დანიშნული მინისტრების გაწვევა, რაზეც უარი მიიღო. 1883 წლის სექტემბერში ბატენბერგმა დაითხოვა ძველი მთავრობა და დანიშნა ახალი კაბინეტი დრაგან კანკოვის მეთაურობით. 1886 წელს დაინიშნა ბულგარეთის სამთავროს მიერ ახლად შეერთებული აღმოსავლეთ რუმელიის გენერალ-გუბერნატორად. 1886 წლის აგვისტოში პრო-რუსული ძალების მარშის შედეგად დაითხოვეს მტავრის პოსტიდან. გარდაიცვალა 1893 წელს. დაკრძალეს სოფიაში.