საჭაპანო ტრანსპორტი
საჭაპნე ტრანსპორტი — ურელსო ტრანსპორტის სახეობა, სადაც საწევის სახით გამოიყენება შესაბმელი ცხოველი (ცხენი, ხარი, კამეჩი, აქლემი, ვირი, ჯორი, ირემი, ძაღლი და სხვა). საჭაპანო ტრანსპორტის გაგებაში იგულისხმება თვლიანი ან უთვლო სატრანსპორტო საშუალება ძრავის გარეშე, რომელიც გზაზე მასში შებმული პირუტყვის მეშვეობით გადაადგილდება. შეიძლება იყოს სატვირთო და სამგზავრო. ოთხთვალას ტიპის მიხედვით გამოიყოფა თვლიანი და სამარხილე. იმ შემთხვევაში როდესაც ტვირთი ემაგრება უშუალოდ ცხოველს, მაშინ საუბრობენ სასაპალნე ტრანსპორტზე, რომელიც თავის მხრივ, წარმოადგენს ტრანსპორტის ცალკე სახეობას.
საგზაო ნიშნებისა და სიგნალების თანახმად (ვენის კონვენცია) ნიშანი → მოცემულ გზაზე კრძალავს საჭაპანო და სასაპალნე ტრანსპორტით გადაადგილებას. საჭაპანო ტრანსპორტი გაჩნდა ბორბალთან ერთად. რკინიგზის გაჩენამდე საჭაპანო ტრანსპორტი იყო სახმელეთო ტრანსპორტის ძირითადი სახეობა და გამოიყენებოდა სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვებისათვის.
ავიაციამ და ავტოტრანსპორტის ფართო განვითარებამ გამოიწვია საჭაპანო ტრანსპორტის განდევნა, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დროს საჭაპანო ტრანსპორტი დასავლეთ ევროპის მრავალ ქვეყანაში გადაზიდვების მოცულობით მცირედ ჩამორჩებოდა ავტოტრანსპორტს, ხოლო იტალიაში, ესპანეთში, საბერძნეთში, თურქეთში და სხვაგან ჭარბობდა კიდეც მას. XX საუკუნის მეორე ნახევარში მსოფლიოს ყველა ქვეყანაში საჭაპანო გადაზიდვების მოცულობა მკვეთრად შემცირდა. დღეისათვის გამოიყენება ძირითადად სასოფლო ტერიტორიებზე ადამიანებისა და ტვირთის გადასაყვანად მოკლე მანძილზე.