საყდარგორის ეკლესია
საყდარგორის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევსურთსოფლის ჩრდილოეთით, 1 კილომეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია (6,4 x 4,5 მეტრი), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვის ირეგულარური წყობით (საკმაოდ დაუდევრად). გარეთა კუთხეებისა და კედლის გარეპირის წყობაში არაწესიერი ფორმის შირიმის ქვაცაა ჩართული. ამჟამად ნაგებობა სანახევროდღა დგას. მთლიანად ჩამოქცეულია დარბაზის კამაროვანი გადახურვა, მონგრეულია სამხრეთ კედლის ზედა ნახევარი და საპირე წყობის მნიშვნელოვანი ნაწილი. აღმოსავლეთ კედელს (მთელ სიმაღლეზე) ორი ფართო ბზარი დაუყვება. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. კარს წირთხლების ქვედა ნახევარიღა შემორჩა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია ვიწრო და დაბალი, შიგნით სწორკუთხა, ხოლო გარედან თაღოვანი სარკმელი. აფსიდის სამხრეთის გვერდში (მხართან ახლოს) მცირე ზომის კვადრატული ნიშია, რომლის ზემოთ, კონქის არეში, კიდევ ერთი პატარა ნიშია (იგი, როგორც ჩანს, რეზონატორის დანიშნულებას ასრულებდა). აფსიდს ხურავს ოდნავ დეფორმირებული, სხმული კონქი, რომლის თაღს ნახევარწრიული ფორმა აქვს. ჩრდილო კედლის მთელ სიგრძეზე შემორჩენილია კამარის ქუსლის წყობის რამდენიმე რიგი.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 424.