საქართველოს დამოუკიდებლობის ლაზეთის კომიტეტი

საქართველოს დამოუკიდებლობის ლაზეთის კომიტეტი — საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის ფილიალი, ჩამოყალიბდა 1915 წლის იანვარში, ლაზეთის ვიწეს (ფინდიკლი) თემის სოფელ აბუნოღაში.[1] კომიტეტმა 1918 წლამდე იარსება.

კომიტეტის ხელმძღვანელად ბესო ჭყონია (ლაზ. უსტა ბესო) აირჩიეს, რომელიც 1905-1907 წლების რევოლუციაში აქტიურად მონაწილეობდა, შემდეგ კი 1908 წლიდან თავს ლაზისტანის სანჯაყს აფარებდა და ვიწეში ცხოვრობდა. მეთაურის მოადგილეები იყვნენ ვიწელი მესუდ ფეილევან-ოღლი, ხოფელი შეფიკ-აღა კლარჯი-ოღლი, არქაბელი მემეტ თიბუკ-ოღლი და ათინელი მუსტავა ჯუვეწ-ოღლი და რასიმ კოსტ-ოღლიც; ამ უკანასკნელს "რუსეთის ლაზისტანი" (სარფი, მაკრიალი, ლიმანი და ჩხალის ხეობა) ებარა.[1]

ლაზისტანის სანჯაყის ტერიტორიიდან რუსების გასვლის შემდეგ (1917 წლის დეკემბერი) კომიტეტის წევრები პოლიციის ფუნქციების შეთავსებას ცდილობდნენ, მაგრამ მალევე ოსმალეთის არმიის რეგულარულ ნაწილებთან მოუწიათ შეტაკება, რომლებმაც 1918 წლის იანვარ-თებერვალში სანჯაყის თითქმის მთელი ტერიტორია დაიკავეს.[1] 1918 წლის 10 მარტს კომიტეტის წევრები ოსმალეთის არმიის ვიწეში შემოსვლას შეეწინააღმდეგნენ. ბესო ჭყონია, მუსტაფა თიბუკოღლი და ჰაფიზ ბიბინოღლი ბრძოლაში დაიღუპნენ. შეფიკ-აღა კლარჯიოღლიმ და ჯელალ გურჯიოღლიმ მიმალვა მოახერხეს, ხოლო მესუდ ფეილევანოღლი ოსმალებმა ცოცხლად ჩაიგდეს ხელში და თავი მოჰკვეთეს.[1] 1918 წლის დეკემბერში, სტამბულში შეფიკ-აღა კლარჯიოღლიმ შურისძიების მიზნით, მან ის გენერალი მოკლა, ვინც 1918 წლის 10-11 მარტს ვიწეს აღებას ხელმძღვანელობდა, თუმცა გაქცევა ვეღარ შეძლო და პოლიციელებმა ქუჩაში ჩაცხრილეს.[1]

1921 წლის თებერვალ-მარტში სრულიად ლაზეთი თურქეთის რესპუბლიკის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა. საქართველოსთან შეერთების მოსურნე ლაზების დიდი ნაწილი ბრძოლებში განადგურდა, მცირე ნაწილი კი იატაკქვეშეთში გადავიდა, მოგვიანებით კი საქართველოს სსრ-ში გამოიქცა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 ტ. ფუტკარაძე. „1921 წლის ბოლშევიკური ოკუპაცია და ბათუმის ოლქის საბედისწერო დანაწევრება“. ციტირების თარიღი: 12-01-2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)