სალომე ლევერაშვილი

ქართველი ბალერინა

სალომე ლევერაშვილი (დ. 1997, თბილისი) — ქართველი ბალერინა.

სალომე ლევერაშვილი
დაბადების თარიღი 1997
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
პროფესია ბალერინა

ბიოგრაფია რედაქტირება

სალომე ლევერაშვილი დაიბადა 1997 წელს, ქალაქ თბილისში. მან 2016 წელს დაამთავრა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი და იმავე წელს ჩაირიცხა ნიდერლანდების ნაციონალური ოპერისა და ბალეტის თეატრის ახალგაზრდულ დასში. სალომე ლევერაშვილი ასევე სწავლობდა სანქტ-პეტერბურგში ვაგანოვას ბალერის სკოლაში.

ცეკვით სალომე პატარაობიდანვე დაინტერესდა. სალომეს დედა მარინა ბერიკაშვილი ქართული ხალხური ცეკვის შემსრულებელი იყო, მამა კი ტანმოვარჯიშე. პლასტიურობა და ცეკვის სიყვარულიც ალბათ მათგან გამოჰყვა. თავიდან სალომეც ქართულ ცეკვაზე შეიყვანეს, მაგრამ შემდეგ ბალეტის სიყვარულმა გადასძლია და საბალეტო სკოლაში დაიწყო სწავლა. მთელი ათი წლის განმავლობაში მისი პედაგოგები იყვნენ: ქეთევან მუხაშავრია, მარგარიტა ზერცალოვა, მაია ზურაშვილი და სხვები. განსაკუთრებით კი აღსანშნავია ლარისა ჩხიკვიშვილი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა მის ბალერინად ჩამოყალიბებასა და საერთოდ ცხოვრებაში.

მოცეკვავემ წარმატებას საერთაშორისო არენაზე არაერთხელ მიაღწია, მათ შორის 2016 წლის 20-24 აპრილს ქალაქ რიგაში სასწავლო პროფესიული ცენტრის „ევენტუსი“ ორგანიზებით, გაიმართა ბავშვთა XII საერთაშორისო ქორეოგრაფიული კონკურსი „გაზაფხული რიგაში 2016“. აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს 21-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლებმა, საქართველოს გარდა, აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობდნენ ასევე ევროპის, რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ვიეტნამის, აშშ-ის, იაპონიისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები. „რიგის გაზაფხული 2016“-ის კონკურსში სალომე ლევერაშვილი „ვარიაციის“ კატეგორიაში“ ოქროს მედლის, გრან-პრისა და პირველი ადგილის მფლობელი გახდა. კონკურსზე ბალერინამ პუნის ბალეტიდან „ესმერალდა“, სწორედ ესმერალდას ვარიაცია იცეკვა. ამავე კონკურსში კიდევ ერთი საპრიზო ადგილი, კერძოდ მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი თანამედროვე ცეკვის კატეგორიაში დაიმსახურა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის სასწავლებლის მოსწავლემ თათული თალაკვაძემ. მან ვარიაცია პოსოხოვის ბალეტიდან „საგალობელი“ შეასრულა.

ამსტერდამის საბალეტო თეატრის ახალგაზრდულ დასში მუშაობის პირველ წელს სალომემ დაახლოებით 70-მდე სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა. ასევე, ის ხშირად დადიოდა გასტროლებზე ნიდერლანდების გარშემო. მანვე თავი გამოსცადა არა მხოლოდ კლასიკაში, არამედ ის ცეკვავდა მოდერნს და აგრეთვე ნეო კლასიკას. სალომე ლევერაშვილი ინდივიდუალურად მუშაობდა ქორეოგრაფებთან. თავდაუზოგავმა შრომამ ნაყოფი გამოიღო და დღეს სალომე ლევერაშვილი ამსტერდამის ნაციონალური ბალეტის მთავარი დასის წამყვანი ბალერინაა, ის აგრეთვე თანამშრომლობს თანამედროვეობის უდიდეს ქორეოგრაფებთან, ცეკვავს ბალეტებში: „ბაიადერა“, „კოპელია“, „მძინარე მზეთუნახავი“, „დონ კიხოტი“, „მატა ჰარი“, „ტრისტანი და იზოლდა“ და სხვა. სალომეს აგრეთვე საშუალება ჰქონდა მონაწილეობა მიეღო საქართველოს სახელმწიფო ბალეტის მრავალ სპექტაკლში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • დარჩია ქეთი. ბალეტის სამყაროს ახალი ვარსკვლავი // ბომონდი. – 2018. - #8. - აგვისტო. - გვ. 54-63.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება