საკმარა
საკმარა (რუს. Сакмара; ბაშკ. Һаҡмар ) — მდინარე რუსეთში. გაედინება ბაშკირეთისა (348 კმ) და ორენბურგის ოლქის (412 კმ) ტერიტორიაზე. ერთვის მდინარე ურალს მარჯვენა მხრიდან. სიგრძე 798 კმ, აუზის ფართობი 30 200 კმ². საერთო ვარდნა 570 მ. სათავე აქვს ურალთაუს ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 800 მ სიმაღლეზე. გაედინება ფართო მთის ხეობაში, გარს უვლის ზილაირის პლატოს, იჭრება ღრმა ხეობაში და დასავლეთისაკენ უხვევს. ძირითადად თოვლის წყლით იკვებება. წყალდიდობა აპრილიდან ივნისის დასაწყისამდეა. საშუალო წლიური ხარჯი შესართავიდან 55 კილომეტრზე 144 მ³/წმ. იყინება ნოემბერში, ყინულძვრაა აპრილში. საკმარა საკმაოდ უხვწყლიანი მდინარეა. დამახასიათებელია სწრაფი დინება, ორენბურგის სიახლოვეს შედარებით წყნარი. მდინარეში წყალი ზაფხულშიც კი ცივია. სიგანე ადგილ-ადგილ 80 მეტრამდეა და მეტიც, ხოლო სიღრმე 5 მ-მდე. მდინარე ურალის წყლის ტემპერატურასთან შედარებით, ტემპერატურა საკმარაში 2°C-ით დაბალია. მდინარის აუზის ზილაირის პლატოს ფარგლებშია მოქცეულია, რომელიც აგებულია მაქსიუტოვის მეტამორფული კომპლექსის ქანებით; ნაწილობრივ მასზე კარსტია განვითარებული. აუზის ტყიანობა 75 %-ს შეადგენს. დიდი შენაკადებიდან აღსანიშნავია: ზილაირი, დიდი იქი და სალმიში. ქვემო დინებაში სანაოსნოა. მდინარის ნაპირზეა ქალაქი კუვანდიკი, ხოლო შესართავის სიახლოვეს სოფელი საკმარა, მდინარე ურალზე ორენბურგი.
საკმარა | |
---|---|
საკმარა | |
ქვეყანა |
რუსეთი ბაშკირეთი |
სათავე |
ურალთაუს ქედი 53°17′58″ ჩ. გ. 58°07′35″ ა. გ. / 53.29944° ჩ. გ. 58.12639° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | დაახლოებით 800 მ |
შესართავი |
ურალი 51°46′20″ ჩ. გ. 55°01′36″ ა. გ. / 51.77222° ჩ. გ. 55.02667° ა. გ. |
სიგრძე | 798 კმ |
აუზის ფართობი | 30 200 კმ² |
მდინარის სისტემა | ურალი → კასპიის ზღვა |
წყლის ხარჯი (საშ.) | 144 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
საკმარა ვიკისაწყობში |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- საკმარა — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- საკმარა — ბაშკირეთის ენციკლოპედია დაარქივებული 2016-04-07 საიტზე Wayback Machine. (რუსული)