ზილაირის პლატო
ზილაირის პლატო (რუს. Зилаирское плато; ბაშკ. Йылайыр платоһы) — პლატო რუსეთში, ბაშკირეთსა და ორენბურგის ოლქში. მდებარეობს სამხრეთ ურალში, მდინარე ურალის შენაკადის — საკმარის აუზში. სიმაღლე ზღვის დონიდან 500-600 მ. აგებულია კირქვებით, ფიქლებით, ქვიშაქვებით, იშვიათად ქვედა- და შუა პალეოზოური ასაკის ვულკანური ქანებით. ძლიერ არის დანაწევრებული დიდი იქის, კასმარკის, ზილაირისა და სხვა მდინარეების ხეობებით.
ზილაირის პლატო | |
---|---|
მდინარე საკმარა ზილაირის რაიონში | |
კოორდინატები: 52°10′00″ ჩ. გ. 57°15′00″ ა. გ. / 52.16667° ჩ. გ. 57.25000° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი ბაშკირეთი |
აღმოსავლეთ ნაწილში რელიეფი მოსწორებულია, დასავლეთი ნაწილი ბორცვიანი ხასიათისაა. ფართო ტალღოვან-უვალებიანი მდინარეთაშუეთი ეხამება მდინარეთა ღრმა ხეობებს. დამახასიათებელია დენუდაციური და კარსტული პროცესები. შეფარდებულია მრაკოვის დეპრესიასა და ზილაირის სინკლინორიუმთან.
ზილაირის პლატოს ცენტრალური ნაწილი აგებულია ზედადევონური პოლიმიქტური ალევროლითებითა და ქვიშაქვებით, დასავლეთი ნაწილი — ქვედაკარბონული კირქვებით, აღმოსავლეთი — ორდოვიციული კვარციტ-ქვიშაქვებით, სილურული და დევონური ფიქლებით. ლანდშაფტები წარმოდგენილია არყის, მუხის, ნეკერჩხალ-ცაცხვ-თელისა და ფიჭვის ტყეებით; მთის რუხ ნიადაგზეა ლარიქსი. ზილაირის პლატოს აღმოსავლეთ მიჯნაზე გადის მუხისა და ცაცხვის ტყეების საზღვარი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ზილაირის პლატო — ბაშკირეთის ენციკლოპედია დაარქივებული 2016-04-05 საიტზე Wayback Machine. (რუსული)